ვენაში მცხოვრებმა ქართველმა ბიზნესმენმა, რუდიკო გოგუაძემ ცოტა ხნის წინ ავსტრიის დედაქალაქში შემთხვევით იოსებ სტალინის მემორიალური დაფა ნახა და რადგან ეს დაფა შელახული მოეჩვენა, თავისი სახსრებით რესტავრაცია ჩაუტარა. გვესაუბრება ბატონი რუდიკო გოგუაძე:
- როგორ შეიტყვეთ სტალინის მემორიალური დაფის არსებობის შესახებ?
- შემთხვევით ვნახე, შონბრუნიდან (ავსტრიის მეფეთა ყოფილი რეზიდენცია - ლ.ხ.) ვბრუნდებოდი, ქუჩა გადატვირთული იყო ავტომანქანებით და ნელა ვმოძრაობდი. უცებ დავინახე რაღაც მემორიალური დაფა და კარგად რომ დავაკვირდი, წავიკითხე სტალინის გვარი. გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და დავათვალიერე. ეს დაფა რომელიღაც სასტუმროს კედელზე იყო მიკრული.
დავინტერესდი, რატომ აღმოჩნდა ასეთი მემორიალური დაფა ადოლფ ჰიტლერის სამშობლოში. როგორც მოგვიანებით გავარკვიე, ეს ყოფილა ვენელების მიერ სტალინისთვის მიძღვნილი მემორიალური დაფა იმ ბრძანების გამო, რომელიც სტალინმა პირადად გასცა: "ვენუ ნე ბამბიტ!". ამასთანვე, დავინტერესდი, რა აკავშირებდა სტალინს ვენასთან. გაირკვა, რომ სტალინი 1903-1905 წლებში ხშირად ჩადიოდა პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, იქიდან კი - ვენაში. ვენაში გაიცნო მან ტროცკი და ბუხარინი.
- მხოლოდ ეს იყო იმის საფუძველი, რომ ვენა არ დაებომბა?
- მხოლოდ ეს არა. სტალინი 1913 წლის იანვარში ვენაში იმყოფებოდა და დაწერა მასშტაბური ნაშრომი - "მარქსიზმი და ნაციონალური საკითხები", ამ ნაშრომის გამოქვეყნების შემდეგ სტალინი გახდა პროლეტარიატის ლიდერი და, სხვათა შორის, სწორედ ამ ნაშრომის მიხედვით ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირი. სტალინი მუშაობდა ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში და პირველად სწორედ იქ შეხვედრია პირისპირ ადოლფ ჰიტლერს... იმხანად ეს სასტუმრო ეკუთვნოდა კომუნისტს, ჟურნალისტ ალექსანდრე ტროიანოვსკის (ეს კაცი შემდგომში გახდა საბჭოთა კავშირის ელჩი ჯერ იაპონიაში 1927-1933 წლებში, შემდეგ - ამერიკაში 1933-1939 წლებში).
სწორედ ვენაში გატარებული 5-კვირიანი შთაბეჭდილების შედეგი იყო სტალინის პირადი ბრძანება: "ვენა არ დაბომბოთ!", რისთვისაც ადგილობრივებმა მას ეს მემორიალური დაფა მიუძღვნეს მადლობის ნიშნად... როდესაც დაფა ვნახე, შელახული მეჩვენა და მოვახერხე მისი რესტავრირების უფლება მიმეღო ქალაქ ვენის ხელისუფლებისგან.
- რატომ გადაწყვიტეთ სარესტავრაციო სამუშაოების ჩატარება?
- სტალინი ჩვენი თანამემამულე და ქართველია. ჩვენ, ქართველებს, ამხელა, ვეებერთელა პიროვნება გვყავდა და როგორ შეიძლებოდა დაფის გვერდით ჩამევლო და ყურადღება არ მიმექცია.
- კიდევ თუ გაქვთ მასალა სტალინის შესახებ?
- ეს სასტუმრო ვისაც ეკუთვნის, მასთან ერთად ვეძებთ ნივთებს, რომლებიც იდგა ბელადის ოთახში და, თუ ღმერთმა ინება, ალბათ, ვიპოვით კიდეც. მერე შეიძლება გავაკეთოთ და აღვადგინოთ სტალინის ოთახი.
- ამას წინათ საქართველოში, კერძოდ კი, გორის ცენტრში სტალინის ძეგლი აიღეს...
- ამ მოქმედების შეფასება ჩემი საქმე არ არის. მე ვიცი, რომ ვიღაც ანგრევს, ვიღაც კი აშენებს. ზოგმა დაანგრია... მე ავაშენე, რა მნიშვნელობა აქვს ახლა, ვინ რა გააკეთა?! ისტორია თვითონ განსჯის.
- ავსტრიაში საბჭოთა ჯარისკაცის უზარმაზარი ძეგლიც დგას. ეს ამ ქვეყნის არა მარტო ისტორია, არამედ სავიზიტო ბარათიც არის ტურისტებისთვის... როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი ჰქონდათ ქართველ ხელისუფალთ, როდესაც გორში სტალინის ძეგლი აიღეს?
- მაგათ უნდა ჰკითხოთ, რა ინტერესი ჰქონდათ (იცინის). ალბათ, არ ჯდება სტალინის დიდებული ისტორია და ძეგლი ტურისტულ მარშრუტში, აგრეთვე, ის ადგილი, სადაც სტალინი ცხოვრობდა. ალბათ, მიიჩნევენ, რომ არ არის საინტერესო თემა... რა ვიცი.
- თქვენ რას ფიქრობთ სტალინის შესახებ?
- მე პირადად პატივს ვცემ სტალინს, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ სტალინი იყო სტალინი.
- სხვა ქართველებზეც ხომ არ აპირებთ ისტორიული მასალების მოძიებას?
- აუცილებლად. ვეძებთ მასალებს ქართველებზე, რომლებიც ვენაში მოღვაწეობდნენ. ვენა ყოველთვის იყო ევროპის ცენტრი და, პრაქტიკულად, ყველა გამოჩენილი პიროვნება რაღაცით მაინც უკავშირდება მას.
ლევან ხვედელიძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”
(გამოდის ხუთშაბათობით)