ავტორი:

"ზურაბ ზვიადაურმა მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით" - ადვოკატი

"ზურაბ ზვიადაურმა მას შემდეგ გაისროლა, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით" - ადვოკატი

ზურაბ ზვიადაურმა გაისროლა, მას შემდეგ, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ, ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოლიმპიური ჩემპიონის, ყოფილი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განუცხადა.

როგორც ადვოკატი აცხადებს, მას აქვს მოლოდინი, რომ ბრალდების მხარე ზურაბ ზვიადაურს ბრალს არ წარუდგენს, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფის ქმედებაში კანონსაწინააღმდეგო არაფერი იყო.

„საქმის მასალებს არ გავცნობივარ, მაგრამ არ მაქვს მოლოდინი, რომ ზურაბ ზვიადაურს ბრალი უნდა წაუყენონ. იმაზეც გაკვირვებული ვარ, რატომ ჰყავთ დაკავებული. მის ქმედებაში არ არის კანონის დარღვევა, მართლსაწინააღდეგოდ ის არ მოქმედებდა, მისი ქმედება იყო ლეგიტიმური, კანონიერი, იცავდა როგორც საკუთარ სიცოცხლეს, ისე ცდილობდა დაეცვა თავისი ძმისა და იქ მყოფი მეგობრების სიცოცხლე. ჩემი მოლოდინია, რომ პროკურატურამ მას ბრალდება ვერ უნდა წარუდგინოს. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით. მე ვესაუბრე ზურაბ ზვიადაურს, მისი პოზიციიდანაც ვიცი, რაც იყო რეალობა. მას კონფლიქტში მონაწილეობა არასდროს მიუღია. მივიდა თავის ძმის წამოსაყვანად, ატყდა ავტომატიდან სროლა, ჰქონდა საპასუხო რეაქცია მისი და მისი ძმის მიმართულებით რომ ისროდნენ, ამის გამო. მან გაისროლა მას შემდეგ, რაც ავტომატიდან მას და მის ძმას ესროდნენ. ამბობს, რომ ეს იყო ჩემი, ჩემი ძმისა და ჩემი მეგობრების სიცოცხლის დასაცავადო. მე არ მაქვს მონაცემები, რომ ბრალდების წაყენებას აპირებენ, არავის უთქვამს. 24 საათია გასული მისი დაკავებიდან და აქვთ ჯერ დრო. იმედი მაქვს, ვერ წარუდგენენ ბრალდებას და არც დაგვჭირდება საქმის მასალების გაცნობა. 72 საათში თუ ვერ იქნა ბრალდება წარდგენილი, უნდა გაათავისუფლონ“,- განაცხადა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, წინანდალში სამი ადამიანის მკვლელობის საქმეზე ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური დააკავეს. იგი განზრახ მკვლელობის ბრალდებით არის დაკავებული. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზურაბ ზვიადაურმა იმ მამაკაცს ესროლა, რომელმაც გასროლა მისი ძმის და რამდენიმე პირის მიმართულებით განახორციელა. ამასთან, სამართალდამცველებმა ამავე ფაქტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ბრალდებით, რასაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა, 1977 წელს დაბადებული ჯ.ჯ. დააკავეს.