მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალების ანაზღაურებას ორჯერ აღემატება

მამაკაცების საშუალო ხელფასი ქალების ანაზღაურებას ორჯერ აღემატება

საქართველოში დასაქმებულთა შორის ლიდერი ფუნქცია ყოველთვის მამაკაცს ეკავა. ასე იყო ბოლო დრომდე, ეკონომიკურმა კრიზისმა, უფრო ადრე კი ჩვენი ქვეყნის მიერ გადატანილმა სოციალურ-ეკონომიკურმა პრობლემებმა და სიდუხჭირემ როლები შეცვალა და ქალს მეტი უპირატესობა მიანიჭა.

უკვე რამდენიმე წელია, ქართული ოჯახის ერთადერთი "მარჩენალი" ქალია, ასეა უმეტეს შემთხვევაში.

როგორც ირკვევა, ტენდენცია მარტო ჩვენი ქვეყნისთვის როდია დამახასიათებელი და კრიზისმა შრომის მსოფლიო ბაზარზე ვითარება ქალების სასარგებლოდ შეცვალა. აშშ-ში ჩატარებული ბოლო კვლევების თანახმად, კრიზისის პერიოდში შემცირებების 82% კაცებზე მოდის. ამასთან, ეკონომიკის ზოგიერთი სფერო (მაგალითად, ჯანდაცვა და განათლება, რომელშიც ტრადიციულად ქალების "ბატონობაა"), ეკონომიკური კატაკლიზმებისგან ნაკლებად ზარალდება. წმინდა მამაკაცური დარგები კი (მშენებლობა, მრეწველობა...) ასეთ დროს ძალიან დიდ დარტყმას იღებს.

შედეგად, შტატებში მამაკაცების უმუშევრობამ 2009 წლის ივნისის მონაცემებით 10,6% შეადგინა, ქალებისამ კი მხოლოდ 8,3%. ეს ამ მონაცემებს შორის 1948 წლის შემდეგ ყველაზე დიდი განსხვავებაა.

მაგალითად, აშშ-ში მომვლელის პროფესიას ქალებზე მეტი მამაკაცი ეუფლება. ისლანდიასა და ლიტვაში, რომლებიც კრიზისისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ, პრემიერ-მინისტრებად ქალები აირჩიეს. სპეციალისტების ნაწილის მტკიცებით, იმ დროს, როცა მამაკაცების თვითშეფასება დაეცა, ქალებს, პირიქით, აუმაღლდათ, რადგან ბევრ შემთხვევაში ქალი ოჯახის მარჩენალი გახდა.

თუმცა, საქართველოში ეს "უპირატესობა" ნაკლებად აისახება შრომის ანაზღაურებაზე და ქალების საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი, მამაკაცების ხელფასთან შედარებით, გაცილებით ნაკლებია.

ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობის დონე მამაკაცებში 2009 წლის მაჩვენებლით, 18.1% შეადგენს, ხოლო ქალების უმუშევრობის მაჩვენებელი 15.4%-ია.

"საქსტატის" ინფორმაციით, დაქირავებით დასაქმებულ ქალთა საშუალო თვიური ხელფასის მოცულობამ 2010 წლის მეორე კვარტალში 430.2 ლარი შეადგინა. პირველ კვარტალში ის 413.4 ლარით განისაზღვრა. 2009 წლის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასის რაოდენობა დასაქმებულ ქალებში 446.5 ლარი იყო.

რაც შეეხება მამაკაცთა საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასსს, 2010 წლის მეორე კვარტალში 751.9 ლარია. პირველ კვარტალში 705 ლარი დაფიქსირდა, ხოლო 2009 წელს მამაკაცის საშუალო თვიური ხელფასის რაოდენობა 791.4 ლარით განისაზღვრა.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის მეორე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა სულ 371 341 ადამიანს შეადგენს. პირველ კვარტალში მათი რაოდენობა 358934 ადამიანით განისაზღვრებოდა. დაუზუსტებელი მონაცემებით, 2009 წელს 316 553 ადამიანი იყო დასაქმებული.

ეკონომიკური აქტივობის მიხედვით, 15 წლისა და უფროსი ასაკის ქალებში უმუშევრობის დონე 15.4%-ია, 2008 წელს მისი რაოდენობა 16.1% იყო. რაც შეეხება აქტიურობის დონეს, 2009 წელს მან 54.3% შეადგინა, 2008 წელს - 53.5%, ხოლო დასაქმების დონე 45.9%-ით განისაზღვრა.

უმუშევრობის დონე მამაკაცებში 2009 წლის მაჩვენებლით, 18.1% შეადგენს, 2008 წელს 16.8% დაფიქსირდა. აქტიურობის დონემ ძლიერ სქესში 74.6% შეადგინა, წინა წელს კი 73.4% იყო, ხოლო დასაქმების დონე 2008-09 წლებში 61.1%-ით განისაზღვრა.

ამასთან, საწარმოთა ზომის მიხედვით დასაქმებულთა საშუალო თვიური შრომის ანაზღაურება შეადგენს 600.6 ლარს. აქედან, მსხვილ საწარმოებში დასაქმებულების საშუალო ხელფასი 739 ლარია, საშუალო საწარმოებში - 424 ლარი, ხოლო მცირე საწარმოში დასაქმებულების შრომის თვიური ანაზღაურება 302.2 ლარს შეადგენს.

ექსპერტთა მოსაზრებით, ხელფასების მოცულობა, როგორც სამეწარმეო, ასევე არასამეწარმეო სფეროში, ფაქტობრივად, არ გაზრდილა, რადგან დასაქმების სტრუქტურა დარგებისა და სტრუქტურების მიხედვით არ იცვლება და თუ იცვლება, მხოლოდ უარესობისკენ. მათი თქმით, დომინანტი დარგი კვლავ სოფლის მეურნეობაა, თვითდასაქმებულთა დიდი წილი სწორედ ამ სეგმენტზე მოდის. რაც შეეხება დასაქმების სტრუქტურას 2008 წლიდან დღემდე მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

ექსპერტი ავთო სილაგაძე ფიქრობს, რომ ტენდენცია უმნიშვნელოდ შეიცვალა, საზოგადოებრივი პოზიციებიდან გამომდინარე კი, გენდერული თანასწორობა კვლავ მიუღწეველი რჩება.

მისი განმარტებით, დასაქმებულებს შორის საქართველოში კვლავ მამაკაცები სჭარბობენ. ვითარება წინა წლებთან შედარებით, პრაქტიკულად, არ შეცვლილა და ასეც იყო მოსალოდნელი.

"მშენებლობაში მაინც მამაკაცები იყვნენ დასაქმებულნი, ასევე მრეწველობასა და სოფლის მეურნეობაშიც. ვფიქრობ, ეს თანაფარდობა არსებითად არ იქნება შეცვლილი. ოდნავი ცვლილება შეიმჩნევა შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, თუმცა ეს არ არის არსებითი. ერთი შეხედვით, გაიზარდა ხელფასების მოცულობა, მაგრამ იმდენად არა, რომ ფასების ზრდისა და ინფლაციის კომპენსირება მოახდინოს", - აცხადებს სილაგაძე.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქალის როლი დღეს ოჯახში კვლავ წამყვანი რჩება, სახარბიელო მდგომარეობა მათ არც საზოგადოებრივი პოზიციებიდან გამომდინარე აქვთ.

"ტრადიციულად, ქართველი ქალის როლი ოჯახში უფრო დატვირთული იყო და დღესაც ასეა. მამაკაცი, ძირითადად, ოჯახს გარეთ საქმიანობს. საზოგადოებრივ პოზიციებს თუ გავითვალისწინებთ, არც ამ მხრივ არის გენდერული წონასწორობა მიღწეული. ასეა უმეტეს ქვეყნებშიც, ქალის როლმა საზოგადოებრივ ასპარეზზე უფრო მეტად უნდა წამოიწიოს.

ამ ბოლო დროს ცვლილებები თითქოს შეიმჩნევა, სამთავრობო თუ კერძო სტრუქტურებში ქალები მაღალ თანამდებობებზე არიან, მაგრამ ასეთი მაჩვენებელი პროცენტულად ცოტაა და მდგომარეობას არსებითად ვერ ცვლის", - ამბობს ავთო სილაგაძე.

მარი ჩიტაია

გაზეთი ”რეზონანსი”

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"