ავტორი:

ერთხელაც ტაისონმა ტრამპის დაცვის წევრი სასტიკად სცემა, დონალდს ოფისში აუვარდა და აგინა - როგორ გამოიყენა და "გადააგდო" აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა მოკრივე?

ერთხელაც ტაისონმა ტრამპის დაცვის წევრი სასტიკად სცემა, დონალდს ოფისში აუვარდა და აგინა - როგორ გამოიყენა და "გადააგდო" აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა მოკრივე?

კრივის სამყაროში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დონ კინგის წყალობით მოხვდა. ბევრმა თქვენგანმა იცის, ალბათ, რომ კინგი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე უარყოფითი, აფერისტი და ხარბი პრომოუტერია. იმჟამად კი ორი ფინანსური ზვიგენის ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა: ერთი ოსტატურად ატყუებდა თავის მოკრივეებს და ფულს ჰპარავდა, მეორეს კი ატლანტიკ სიტიში თავის სასტუმროსა და სამორინეს პოპულარობის გაზრდა სურდა.

თავის დროზე კინგმა და ტრამპმა გაერთიანებული ძალებით სოლიდური თანხა გამოიმუშავეს, მათი მსხვერპლი და “მეწველი ძროხა” ლეგენდარული მაიკ ტაისონი გახდა.

ახალგაზრდა, ტემპერამენტიანი ტაისონი მაშინ თავისი შესაძლებლობების პიკში იყო. კინგმა მაიკში ოქროს საბადო მალევე შენიშნა. თუმცა მასთან დაახლოება ადვილი საქმე არ იყო, რამდენადაც მოკრივემ და მისმა გუნდმა კარგად იცოდნენ დონის “შავი საქმეების” შესახებ და უარით გაისტუმრეს.

მაიკ ტაისონი დონ კინგთან ერთად

"ჩვენ მაიკის სპორტული კარიერის მიღმა ვიხედებოდით. გვინდოდა, რომ მაიკს ბიზნესის პრინციპები შეესწავლა და პროფესიონალი მენეჯერი გამხდარიყო. ის კარგი მოსწავლე იყო და ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მისი კარიერა კინგის ხელში რომ არ აღმოჩენილიყო", - იხსენებს ტაისონის ყოფილი მენეჯერი ბილ კეიტონი.

სამწუხაროდ, მაიკის მწვრთნელი და გამზრდელი, კას დ'ამატო ისე გარდაიცვალა, რომ მოსწავლე ვარსკვლავური დაავადებისგან ვერ დაიცვა. 1985 წელს ახალგაზრდა მაიკი კევინ რუნის თავკაცობით ვარჯიშობდა და კინგს ისევ უარით ისტუმრებდა.

მაშინ ეშმაკმა პრომოუტერმა გადაწყვიტა დარტყმა ყველაზე სუსტ ადგილას მიეყენებინა და ტრამპთან მეგობრობა გამოიყენა. დონმა გაიგო, რომ მაიკის ცოლი ულამაზესი, მაგრამ მრისხანე მსახიობი რობინ გივენსი ის ადამიანი იყო, ვინც მოკრივეზე გავლენას ახდენდა. დონალდის დახმარებით კი რობინს საჭირო "მესიჯი" მიაწოდა.

ერთ-ერთ წვეულებაზე აშშ-ის მომავალმა პრეზიდენტმა, უმდიდრესმა, ქარიზმატულმა და ცნობილმა "კაზანოვამ", დონალდ ტრამპმა, მარტივად მიიპყრო რობინის ყურადღება და შთააგონა, რომ მისი ქმარი დიდი ხანი "ოქროში იბანავებდა“, თუკი კარიერის წარმართვის უფლებას დონ კინგს მისცემდა.

ასევე, ტრამპმა მიანიშნა, რომ ტაისონის ამჟამინდელი გუნდი რუნის ხელმძღვანელობით, მოკრივეს იყენებდა და უზარმაზარ ფულს ჰპარავდა.

ახალგაზრდა ტაისონი თავისი მეუღლის სიყვარულით იწვოდა და ადვილად დაიჯერა, რომ ატლანტიკ სიტის სასტუმროში მას მაიკლ სფინქსთან ბრძოლა უნდა ჩაეტარებინა. რუნი ამ იდეის წინააღმდეგი იყო, თუმცა მაიკმა მწვრთნელს აღარ დაუჯერა.

1988 წელს ტაისონი სფინქსს 90 წამში დაანოკაუტებს და განაცხადებს: "დღეიდან ჩემი ფინანსური კონსულტანტის სახელია - დონალდ ტრამპი!"

ტრამპმა ტაისონი ანკესზე წამოაგო და მის პრომოუტერად დონ კინგი დანიშნა. უამრავი ექსპერტი დარწმუნებულია, რომ სწორედ აქედან დაიწყო მოკრივის კარიერის განადგურება.

"ტრამპმა ტაისონი მძ*ნერში ჩაითრია. ფაქტობრივად, მან მოკრივე კინგს მიუგდო, რომელიც ახალგაზრდა მებრძოლს რყვნიდა.. დონი მაიკს არ აკლებდა გოგოებს, ათრობდა უძვირფასესი ალკოჰოლით, შესვა კოკაინზეც და თან არწმუნებდა, რომ ვარჯიშის გარეშეც ყველას დაამარცხებდა.

დონს ფეხზე ეკიდა ის ფაქტი, რომ მაიკი ცუდად ვარჯიშობდა. ის უბრალოდ, როგორც ნავთობის ბურღს ისე იყენებდა, როცა გამოწურა რესურსი - გადააგდო. ასე ექცეოდა სხვა მოკრივეებსაც,." - იხსენებს ბილ კეიტონი.

რობინ გივენსთან ერთად

ტაისონის მეუღლემ მალევე შენიშნა კინგის ბოროტი ზრახვები და მას მანიპულირებაში ხელს უშლიდა, თუმცა ცბიერმა პრომოუტერმა ელიტარულ საზოგადოებაში ჭორები გაავრცელა, რომ ტაისონს მეუღლე ტრამპთან ღალატობდა. ეჭვიანობით დაბრმავებული მოკრივე ნიუ იორკში ბიზნესმენის ოფისში მივარდა. გათიშა დაცვის ერთი წევრი, შევარდა ტრამპის კაბინეტში, სადაც ის კონფერენციას ატარებდა და დონალდს აგინა.

დაცვამ მოახერხა "რკინის მაიკის" შეჩერება და ის პოლიციას გადასცა.

ეს შემთხვევა მოკრივესა და რობინის ურთიერთობაში საბედისწერო აღმოჩნდა. ერთი თვის შემდეგ ეჭვიანობითა და ოჯახური ძალადობით გადაღლილმა გივენსმა, მაიკს უჩივლა, კომპენსაციის სახით 10 მილიონი დოლარი "წაართვა" და შემდეგ გაშორდა. სასოწარკვეთილი ტაისონი უარესად გახდა, საბოლოოდ ჩაეშვა ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის ფსკერზე და ვარჯიშები მიივიწყა.

1989 წელს ტაისონი ერთ დროს ყველაზე მრისხანე მძიმე წონოსნის, ჯეიმს დაგლასის წინააღმდეგ გამოვიდა. დაგლასი უზარმაზარ აუთსაიდერად ითვლებოდა, თუმცა "რკინის მაიკი" საშინელ ფორმაში იყო, რამაც მის მარცხს ხელი შეუწყო - დაგლასმა მაიკი სასტიკ დღეში ჩააგდო და პირველი მარცხიც "აჩუქა". იმ დღის შემდეგ ტაისონი მხოლოდ ერთხელღა გახდა ჩემპიონი.

პირველი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, სიტუაცია უფრო გართულდა და "საეჭვო გაუპატიურების“ ბრალდებით მოკრივე ციხეში გაუშვეს.

აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც ტაისონი ციხიდან გაათავისუფლეს, ტრამპი მას ფინანსურად დაეხმარა, თუმცა ეს თანხა გაცილებით ცოტა იყო, იმასთან შედარებით, რაც ბიზნესმენმა ტაისონის წყალობით გამოიმუშავა.

ტაისონს ჰქონდა შანსი გამხდარიყო კრივის სამაგალითო ლეგენდა, მაგრამ მისი ბედი აფერისტი, ბოროტი ბიზნესმენების ხელში აღმოჩნდა, რომლებმაც დაარწმუნეს მაიკი, რომ ის ადამიანები, რომლებიც მასთან ერთად პირველ ნაბიჯებს დგამდნენ, არაკომპეტენტურები იყვნენ და მოკრივეს ატყუებდნენ...

ავტორი: ანრი კურტანიძე