რას მოუტანს საზოგადოებას სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი?

რას მოუტანს საზოგადოებას სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კოდექსი?

პირველი ოქტომბრიდან საქართველოში ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ამოქმედდება. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ჯერ კიდევ აუმოქმედებელ კოდექსში შესატანი ცვლილებების მთელი პაკეტი შეუმუშავებია იმ სახელისუფლებო ჯგუფს, რომელიც ამ კოდექსზე მუშაობდა.

კოდექსში სულ 333 მუხლია, მათგან 58, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში შეიცვლება. როგორც იურისტები ამბობენ, სახელმწიფოს განვითარებისთვის მხოლოდ ეკონომიკის მდგრადი განვითარება კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ, საკანონმდებლო მდგრადობაც.

ამიტომაც ნორმალურ სახელმწიფოში ახალი საკანონმდებლო ინიციატივის პერსპექტივა, სულ ცოტა, ორ, დიდი-დიდი კი ათ წელზე უნდა იყოს გათვლილი. თუმცა საქართველოში კანონმდებლობის ჭრა-კერვა და ექსპერიმენტების ჩატარება კონკრეტულ ადამიანებზე უკვე ტრადიციად იქცა.

როგორც ხელისუფლება წარმოაჩენს, ამ კოდექსის ყველაზე პოზიტიური და მნიშვნელოვანი სიახლე ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დანერგვაა. ამას დადებითად აფასებენ ადვოკატთა ასოციაციაშიც, თუმცა ამბობენ, რომ კოდექსში ბევრი რამ უარყოფითადაც იცვლება. ამ ცვლილებების საფუძველზე ადვოკატთა უფლებები კიდევ უფრო იზღუდება. "ამ კოდექსის ავტორები სამოქალაქო საზოგადოებისა და განსაკუთრებით ადვოკატთა კორპუსის მიმართ ზიზღით არიან განმსჭვალულნი.

დაცვის მხარის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არც ერთი ნორმალური სახელმწიფოს საპროცესო კოდექსში არ იგრძნობა. შეიძლება ითქვას, რომ დაცვის ინსტიტუტი საერთოდ იგნორირებულია და ცდილობენ, ადვოკატი ნომინალურ ფიგურად აქციონ." - აცხადებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი. ამ საკითხს მოგვიანებით ისევ დავუბრუნდებით, ჯერ კი ორიოდე სიტყვით ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს შევეხებით.

როგორც ცნობილია, საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღება ეტაპობრივად მოხდება. 2012 წლის 1 ივლისამდე ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განსაკუთრებით დამამძიმებელი გარემოებებით ჩადენილი მკვლელობის საქმეები განიხილება, ისიც მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში. ორი წლის შემდეგ კი სრულიად საქართველოში ნებისმიერ დანაშაულზე გავრცელდება.

თუმცა იურისტთა ნაწილი ამასაც სკეპტიკურად უყურებს. ისინი აცხადებენ, რომ ტექნიკურად და ფინანსურად შეუძლებელი იქნება ყველა დანაშაულის ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით განხილვა. საქართველოში ნაფიც მსაჯულთა დამცველები და პროპაგანდისტები ამ ინსტიტუტზე ისე საუბრობენ, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის აუცილებელ წინა პირობაზე და თითქმის ერთადერთ გარანტზე, თუმცა ცნობილი ამერიკელი სამართლის პროფესორი ჯეფრი აბრამსონი ერთ-ერთ წიგნში წერს:

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო დემოკრატიის როგორც საუკეთესო, ასევე ყველაზე უარესი მონაპოვარიაო. მოკლედ, დემოკრატიული სახელმწიფოების სამართლებრივი სისტემის ზედაპირული გაცნობაც კი ცხადყოფს, რომ აღიარებული დემოკრატიების ნახევარზე მეტს ნაფიც მსაჯულთა სისტემა არა აქვს.

ზაქარია ქუცნაშვილი, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თავმჯდომარე არასამთავრობო ორგანიზაციისა "კანონი ხალხისთვის":

- დღევანდელი ვითარებით, სასამართლო პროცესში ნაფიცი მსაჯულები ჩაერთვებიან მხოლოდ დამამძიმებელი გარემოებებით განზრახ მკვლელობის საქმის განხილვისას, თანაც მხოლოდ თბილისში. ამ სიახლეს დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. დადებითია ის, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ხალხის მონაწილეობა იზრდება, სავარაუდოდ, გაიზრდება ყურადღება ასეთი საქმეების მიმართ, რაც ასევე პოზიტიური მოვლენაა.

თუმცა ამ ინიციატივას აქვს უამრავი უარყოფითი მხარეც. უპირველესად ის, რომ მტკიცებულებების დაშვებას სასამართლოზე წყვეტს მოსამართლე, არადა, ამ მტკიცებულებების მოსმენისა და განხილვის შედეგად უნდა გამოიტანონ მსაჯულებმა ვერდიქტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ნაფიც მსაჯულებს მოასმენინებენ და აჩვენებენ მხოლოდ იმას, რასაც მოსამართლე და პროკურორი მიიჩნევენ საჭიროდ, რაც ნაფიც მსაჯულებს სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის. მინუსია ისიც, რომ ეს გააძვირებს სამართალწარმოებას.

ამასთანავე, პასუხისმგებლობის ტვირთი ხელისუფლების დამოუკიდებელი განშტოებიდან გადადის ხალხზე, რაც აჩენს იმის საფრთხეს, რომ პროკურატურა და მოსამართლე ბოლოს იტყვიან, ხალხმა მიუსაჯა და ხალხს მოსთხოვეთ პასუხიო. ბოლო ხანს მსოფლიოში მიიჩნევენ, რომ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი ვეღარ პასუხობს თანამედროვე მართლმსაჯულების ინტერესებს. რამდენიმე საქმე უკვე განიხილა ადამიანის უფლებების დაცვის ევროპის სასამართლომ, სადაც მიიჩნიეს, რომ ეს ინსტიტუტი ეწინააღმდეგება ევროპის კონვენციის მოთხოვნებსაც კი. უახლოეს მომავალში ევროპის ბევრ ქვეყანაში ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი შეიძლება კანონგარეშე გამოცხადდეს. მოკლედ, ევროპაში ფიქრობენ ამ ინსტიტუტის გაუქმებაზე და არა შემოღებაზე.

შემდეგი საკითხია: იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო გავლენა მოეხდინა ათიათასობით ამომრჩევლის ნებაზე, ალბათობა იმისა, რომ მოახერხებს და მოახდენს ზეწოლას 12 ადამიანზე, ძალიან დიდია. ზემოქმედების ისეთი ბერკეტები და რესურსები აქვთ, რომ თუ რაიმეს გადაწყვეტას მოისურვებენ, ნამდვილად არ გაუჭირდებათ.

კანონის მიხედვით, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ვალდებული იქნება, გახდეს ნაფიცი მსაჯული, თუ მას სასამართლოში გამოიძახებენ. საპატიო მიზეზის გარეშე უარის შემთხვევაში, კანონი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს, აცილებას ასევე ექვემდებარებიან: ფსიქოლოგები, ფსიქიატრები, იურისტები, პოლიციელები, სასულიერო პირები და სახელმწიფო მოხელეები.

ზაქარია ქუცნაშვილი: - ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მთავარ პოზიტივად მივიჩნევ მასში დეკლარირებულ იმ პრინციპს, რომელიც აღიარებს ადამიანის უფლებების პრიორიტეტულობას დამნაშავის დასჯისა და დანაშაულის გახსნის საჯარო ინტერესების მიმართ, მაგრამ როგორც კი გადახვალთ დეკლარირებული ნორმებიდან სხვა საკითხებზე, აღმოაჩენთ, რომ ეს მხოლოდ დეკლარირებაა და არა სიტყვის საქმედ ქცევის რეალური მცდელობა. ახალი კოდექსის მთავარი ნაკლოვანება არის ის, რომ ადამიანს აღარ აქვს უფლება, პროკურორის ნების გარეშე დაიწყოს საკუთარი უფლებების დაცვისთვის ბრძოლა, რადგან საბოლოო გადაწყვეტილების მიღება, დაიწყება თუ არა სისხლის სამართლის დევნა სხვა პირის მიმართ, დამოკიდებული ხდება პროკურორზე.

ანუ პროკურორზეა დამოკიდებული, დაიწყებს თუ არა სისხლისსამართლებრივ დევნას. ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში - წვრილმანი ქურდობა, ხულიგნობა, ცილისწამება და ა.შ. რაც ხშირია ნებისმიერი საზოგადოების ცხოვრებაში, მთავარი პროკურორის გადაწყვეტილება იქნება. აქამდე მოქმედი კანონმდებლობით, ზოგ შემთხვევაში წინასწარი გამოძიებაც არ იყო საჭირო, შეგეძლოთ მიგემართათ სასამართლოსთვის და ის აგინაზღაურებდათ იმ ზარალს, რაც მოგაყენათ წვრილმანმა ხულიგანმა ან მცირე ქურდობის ჩამდენმა.

რბილად რომ ვთქვათ, დიდ შეცდომად მიმაჩნია, რომ ახალ სსს კოდექსში, დაზარალებული არ არის სასამართლო მხარედ აღიარებული. აქ, ჩემი აზრით, ყველაფერი უკავშირდება გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის და სხვათა გახმაურებულ მკვლელობებს, რომელთა მშობლებიც დღეს საკუთარი შვილების მკვლელების სათანადო დასჯისთვის იბრძვიან, აი, სწორედ მათ წინააღმდეგაა მიმართული ეს ცვლილებები.

ამ საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაზარალებული მხოლოდ მოწმის უფლება-მოვალეობებით სარგებლობს. ამავე საპროცესო კოდექსის მიხედვით, დაზარალებულს არც სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს. ერთადერთი, პროკურორის გადაწყვეტილების გასაჩივრება შეუძლია, მაგრამ არა სასამართლოში, არამედ მხოლოდ ზემდგომ პროკურორთან.

მაგალითად, ზურაბ ჟვანიას ქვრივს ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ არ შეეძლება გამოითხოვოს ჟვანიას გარდაცვალების საქმე. გარდა ამისა, ბრალდების მხარეს, პროკურორს, გამომძიებელს უფლება აქვთ, ნებისმიერ მომენტში მიმართონ ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. კანონის თვალსაზრისით, მათი მოთხოვნის შესრულება სავალდებულოა.

ადვოკატის მოთხოვნაზე პასუხის გაცემის ვალდებულების ნასახიც კი არ არსებობს. ადვოკატმა ესა თუ ის ცნობა ან მტკიცებულება რამდენჯერაც უნდა მოითხოვოს, უფლება აქვთ, საერთოდ არ უპასუხონ. მტკიცებულებათა მოპოვების პროცესში ადვოკატს ეკრძალება ისეთი ელემენტარული რამ, როგორიც არის, დავუშვათ, სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების, ჩხრეკისა და ამოღების შესახებ.

ამ საპროცესო კოდექსის მიხედვით, ადვოკატი აპელანტიც კი არ არის, მას უფლება არა აქვს, ზემდგომ სასამართლოს საჩივრით მიმართოს იმ სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკანონოდ მიაჩნია. თუ პროკურორს უფლება აქვს, რომ მოსთხოვოს მოსამართლეს, ჩაატაროს ჩხრეკა, ამოღება, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, ადვოკატს ეს უფლება არა აქვს. ისმის შეკითხვა, თუ შეჯიბრებითობის პრინციპია და პროკურორი და ადვოკატი თანასწორუფლებიანნი არიან ამ პროცესში, მაშინ რატომ არ უნდა სარგებლობდნენ ერთნაირი უფლებებით? როგორ მოიპოვოს ადვოკატმა დაცვით სასარგებლო მტკიცებულებები.

ყაჩაღი თუ შემოგივარდება სახლში და წაგართმევს ქონებას, აქამდე გქონდათ უფლება, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმართვის პარალელურად მოგეთხოვა სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურება, ახალ პარალელურ რეჟიმში ეს აღარ შეგეძლებათ, როდესაც დასრულდება საქმის წარმოება, მხოლოდ მაშინ მოგეცემათ უფლება აღძრათ სამოქალაქო სარჩელი და ამოიღოთ ამ პატიმარი ყაჩაღისგან ქონება.

სერიოზული პრობლემაა ისიც, რომ ახალი კოდექსით ადამიანი დაკავების მომენტიდან ცხადდება ბრალდებულად. ვინც იცის, სისხლის სამართლის ელემენტები, იცის ისიც, რომ თქვენ შეიძლება იჩხუბოთ, მაგრამ დამნაშავე არ იყოთ. შესაძლოა, თავს იცავდეთ ან სხვას იცავდეთ. რას ჰქვია, დაკავების მომენტიდან გამოაცხადო ადამიანი დამნაშავედ? ყველა სტატიიდან ეჭვმიტანილის სტატუსი საერთოდ გააქრეს.

ეს საკანონმდებლო ინიციატივები იწერება ერთი-ორი კაცის მიერ და ამიტომაც იქმნება ასეთი უხარისხო სამართლებრივი აქტები, ამიტომაც წერენ ამდენ სისულელეს. ეჭვმიტანილი არის ადამიანი, რომლის მიმართაც არსებობს ეჭვი, ბრალდებული კი ნიშნავს პირს, რომლის მიმართაც არა მხოლოდ ეჭვი, არამედ დასაბუთებული ვარაუდი არსებობს.

დასაბუთებული ვარაუდი დღემდე მოქმედი კანონმდებლობით იყო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ასაბუთებდა ადამიანის დამნაშავეობას. ახლა ეს შეცვალეს ინფორმაციის ერთობლიობით, რაც ნიშნავს, რომ მხოლოდ პოლიციელის პატაკის საფუძველზე შეიძლება დაიჭირონ ადამიანი და თანაც ბრალდებულად გამოაცხადონ.

ცნობისათვის

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი სათავეს 1000 წლის წინანდელ დიდ ბრიტანეთში იღებს. მისი თავდაპირველი სახე მკვეთრად განსხვავდებოდა დღეს მოქმედი სისტემისგან. მას საკმაოდ ბევრი ნაკლოვანება ჰქონდა. ვიდრე დასავლეთის ქვეყნებში ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ამოქმედდებოდა და დემოკრატიულ ფორმას მიიღებდა, ნაფიც მსაჯულებზე მთავრობიდან დიდი ზეწოლა ხდებოდა, არასასურველი გადაწყვეტილების მიღებისას კი მათ წინააღმდეგ ხშირად სადამსჯელო ღონისძიებებიც ტარდებოდა.

ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების მცდელობა საქართველოში ჯერ კიდევ 1918-1921 წლებში, პირველი რესპუბლიკის დროს იყო, რაც მაშინ კონსტიტუციითაც კი დაკანონდა, თუმცა  ეს დოკუმენტი ძალაში არ შესულა, რადგან მისი  მიღებიდან სამ დღეში საქართველო "წითელმა" რუსეთმა დაიპყრო. ამჟამად  ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის შემოღების აუცილებლობა, 2004 წელს კონსტიტუციაში შესულმა ცვლილებებმა განაპირობა, კერძოდ, კონსტიტუციის 82-ე მუხლში ცვლილება შევიდა, რომელიც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის დამკვიდრებას ითვალისწინებდა.

ნათია დოლიძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ