შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო დღეს, აი, აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, - ასე მიმართა სახალხო მოძრაობის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას.
ჩარკვიანის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე ნიკა მელია არ მივიდა ის, 14 ოქტომბერს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ აქციაზე, აუცილებლად მივა.
"თბილისის მერობა გადაწყვიტე და აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი. მე შენ განზრახ აღარ დაგირეკე. აქედან მოგმართავ, ეს არის ჩემი გამოცდა შენდამი, შენს მამას თბილის ქალაქში 100-იანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული, შენ ჯერ არ ჩაგიბარებია. მინდა, რომ 30 ოქტომბრამდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის. მე გეუბნები ამას შენ - ზუსტად ისე მინდა ჩააბარო გამოცდა, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა ეს გამოცდა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც და მთელ საქართველოსთან. და მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას - შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აი აქ უნდა მდგარიყავი და შენ გამოცდა ვერ ჩააბარე, მაგრამ მე 14 ოქტომბერს აუცილებლად მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველზე ბარდება", - განაცხადა ჩარკვიანმა.