რამდენიმე დღის წინ სომხური გამოცემა "ლრაგირი“ («Լրագիր») ირაკლი ღარიბაშვილის ერევანში ვიზიტს გამოეხმაურა სტატიით: "ფაშინიანისა და პუტინის შეხვედრა ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ: ყარსის ხელშეკრულების "რესტარტისათვის“ ყველაფერი მზადაა“ (ავტორი - ნაირა აირუმიანი).
"ბოლო დროს საქართველო აგრძელებს თავის აქტიურობას აზერბაიჯანთან და სომხეთთან: ბათუმში მომხდარი უბედურებისა და საერთოდ, ქვეყანაში შექმნილი რთული საშინაო პოლიტიკური სიტუაციის მიუხედავად, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაინც უკიდურესად საჭიროდ ჩათვალა ერევანში ჩამოსულიყო, რათა "თავისი საათი ფაშინიანის საათთან გაესწორებინა“ - დღის წესრიგშია სატრანსპორტო-ეკონომიკური დერეფნების საკითხი - ერთი მხრივ, თურქეთიდან ნახჩივნის გავლით აზერბაიჯანისა და საქართველოსკენ და მეორე - ბაქოდან თბილისის გავლით, ყარსისაკენ.
საინტერესოა, რომ ქართველი პრემიერის შაბათის ვიზიტის შემდეგ გაცხადდა, რომ 12 აპრილს მოსკოვში ნიკოლ ფაშინიანისა და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკება გაიმართებოდა. ეს ყველაფერი ხდება საქართველოს უარის ფონზე, რომლის მიხედვით, თბილისი მონაწილეობას არ მიიღებს კავკასიური პლატფორმის "სამი პლუს სამის“ ("3+3“) რეალიზებაში, რადგან მასში ოკუპანტი რუსეთიც მონაწილეობს. ამასთან, თბილისს აინტერესებს, მართლაც ნებაყოფლობით გახსნის თუ არა ერევანი "ზანგეზურის დერეფანს“, რომელიც თურქეთს რუსეთის მიმართულებით ტვირთების გადასაზიდად სჭირდება.
ერევნის თანხმობა რომ არ არსებობდეს, განა ფაშინიანი პუტინს შეხვდებოდა? თანაც მათი შეხვედრა როგორ თარიღს დაემთხვა - ყარსის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის წინა დღეს.
უეჭველია, რომ სომხეთის სამხრეთი ნაწილი, რუსეთის ზეწოლით, აზერბაიჯანს "ტყვიის გაუსროლელად“ ჩაბარდება. ყველაფერი მზადაა გეოპოლიტიკური საზღვრების შესაცვლელად და ყარსის ხელშეკრულების "რესტარტისათვის", - ვკითხულობთ სტატიაში.
1921 წლის სექტემბრის დასაწყისი თბილისში უჩვეულოდ ცხელი გამოდგა. გაზეთები წერდნენ, მთელ ამიერკავკასიაში დიდი სიცხეებია - არამარტო საქართველოში, არამედ აზერბაიჯანში და სომხეთშიცო. რუსთაველის გამზირზე, სასახლეში, სადაც რამდენიმე თვის წინ დამოუკიდებელი საქართველოს დამფუძნებელი კრება მუშაობდა, ახლა კომუნისტური "კავბიუროს“ და საქართველოს რევკომის წევრები შეკრებილიყვნენ და თათბირობდნენ. შენობაში ქუჩასთან შედარებით გრილოდა, მაგრამ თათბირზე მაინც "ცხელი“ კამათი მიდიოდა - იხილებოდა "ახალ თურქეთთან“ ურთიერთობის საკითხი.
სიტყვით სერგო ორჯონიკიძე გამოდიოდა.
- ამხანაგებო, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანაა დავიცვათ მოსკოვში 1921 წლის 16 მარტს ხელმოწერილი ხელშეკრულების პირობები, განსაკუთრებით საზღვრების საკითხში, - ამბობს სერგო და ალმაცერად უყურებს ბუდუ მდივანს, მიხეილ სვანიძეს და სერგო ქავთარაძეს, რომლებიც მოღუშულები სხედან, - ყარსში შეხვედრამდე, ვიდრე კონფერენცია დაიწყება, მტკიცედ უნდა დავთქვათ და შევთანხმდეთ, რომ რაიმე ზედმეტი და გადაბრუნებული სიტყვა ნათქვამი არ იქნება... ამ დღეებში ასევე შევხვდებით და ვითათბირებთ ჩვენს სომეხ და აზერბაიჯანელ ამხანაგებთანაც...
სერგო ორჯონიკიძეს სიტყვა არ ჰქონდა დამთავრებული, რომ რევკომის თავმჯდომარე ბუდუ მდივანი მოულოდნელად წამოდგა და მკვახედ თქვა:
- ამხანაგო სერგო, შენთვის ადვილია თქმა, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ?
სერგოს სახეზე დამცინავმა ღიმილმა გადაურბინა...
- დიახ, ჩვენ რა ვქნათ? - გაიმეორა ბუდუმ, - ხალხი რას გვეტყვის - მენშევიკებმა მთელი საქართველო გააერთიანეს, თქვენ კი ჩვენს მამა-პაპათა ისტორიულ მიწა-წყალს ანიავებთო? ცოტა მივეცით მეზობლებს? თანაც ახლა ვის ვაძლევთ ტაო-კლარჯეთს - თურქებს, რომლებიც მეგობრებად მიგვაჩნია? განა მათ ჩემზე კარგად იცნობ? ანგორაში, მუსტაფა ქემალის მთავრობასთან, სამი თვე ვიყავი საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელი და შიგნიდან ვხედავდი ყველაფერს... ვიცი, ეგენი რა ხვითოებიც არიან.. მე ვფიქრობ, რომ მოსკოვში მოლაპარაკების დროს თურქებს ბევრი რამ დავუთმეთ და იქნებ ახლა მაინც ვცადოთ ცუდი საქმის ნაწილობრივ გამოსწორება...
სერგო აშკარად გაღიზიანდა.
- ამხანაგო ბუდუ, შენმა მენშევიკმა ძმამ, სიმონმა ხომ არ გადაგიბირა? ისიც ანგორაში იყო მენშევიკების ელჩად, შენთან ერთად...
ბუდუმ უნებლიედ მუშტები შეკრა, მაგრამ როგორღაც თავშეკავება მოახერხა და კავბიუროს თავმჯდომარესთან არ მიიჭრა...
სერგო ორჯონიკიძემ სიტყვა მკაცრად დაასრულა:
- მოკლედ, ამხანაგებო, რაც გითხარით, ის გააკეთეთ: არავითარი თვითმოქმედება, თვითნებობა და ნაციონალისტური გადახრები პარტიის მთავარი ხაზიდან. ყარსში იგივე უნდა მოხდეს, რაც მოსკოვში მოხდა... ამხანაგი სტალინიც საქმის კურსშია.
სიტყვით გამოსვლისას შალვა ელიავამ და ფილიპე მახარაძემაც მხარი სერგო ორჯონიკიძეს დაუჭირეს...
რამდენიმე დღეში ქალაქ ყარსში, რომელიც ჯერ უძველესი დროიდან ჯერ სომხეთის, საქართველოს, ოსმალეთის, რუსეთის შემადგენლობაში იყო (963-1917 წ.წ.), შემდეგ ისევ სომხეთის (1918-1920 წ.წ.) და ბოლოს ისევ თურქთა ხელში მოექცა (1920 წლის ოქტომბრიდან), მუშაობას იწყებდა საერთაშორისო კონფერენცია "თურქეთის“ ქემალისტური მთავრობის დელეგაციისა და ამიერკავკასიის (საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის) სსრ-ების გაერთიანებული დელეგაციის მონაწილეობით, საბჭოთა რუსეთის წარმომადგენლის კონტროლით.
***
1921 წლის 25 სექტემბერი. ყარსის რკინიგზის სადგურზე მაღალ რანგის მქონე თურქ სამხედრო და სამოქალაქო ჩინოვნიკებს მოუყრიათ თავი. ერთ-ერთს მკაცრი და ამაყი გამოხედვა აქვს და ბრძანებებს იძლევა. ეს თურქეთის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშაა. იქვე დგანან ველი ბეი - დიდი ეროვნული კრების დეპუტატი, მუშთარ ბეი - საზოგადოებრივი საქმეების სახელმწიფო მდივნის წარმომადგენელი, მემდუ შევქეთ-ბეი - თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში, სერგეი ნაცარენუსი - საბჭოთა რუსეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში და სხვა ოფიციალური პირები.
თურქები ალექსანდროპოლიდან გამოსულ სპეციალურ მატარებელს ელოდებიან.
როგორც იქნა, სამვაგონიანმა ორთქლმავალმა ყარსის სადგურს ხვნეშით მოაღწია. სალონ-ვაგონიდან გადმოდიან საქართველოს სსრ-ის რევკომის პრეზიდიუმის წევრი, სამხედრო-საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი შალვა ელიავა; საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი ალექსანდრე სვანიძე, დელეგაციის მრჩეველი სასაზღვრო ტერიტორიულ საკითხებში პავლე ინგოროყვა; სომხეთის სსრ საგარეო საქმეთა სახკომი ასქანაზ მრავიანი, სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა სახკომი პოღოს მაკინციანი, აზერბაიჯანის სსრ სახალხო კონტროლის სახკომი ბებუთ შახტახტინსკი, რუსეთის საგარეო საქმეთა სახკომის კოლეგიის წევრი იაკობ განეცკი, სულ ბოლოს კი დამხმარე ტექნიკური პერსონალი.
მასპინძელმა თურქებმა სტუმრები კონფერენციისათვის საგანგებოდ მომზადებული ყარსის ვალის (მმართველის) რეზიდენციისკენ წაიყვანეს.
ყარსის მოლაპარაკებაზე უნდა შეთანხმებულიყო და ხელმოწერებით უნდა განმტკიცებულიყო მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ურთიერთობებს და რაც მთავარია, წყვეტდა ურთულეს პრობლემას - სასაზღვრო-ტერიტორიულ საკითხს. ეს ეხებოდა საქართველოსთან მიმართებით - აჭარას (ბათომის ოლქს), აგრეთვე ართვინის ოლქს და არტაანის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილს; სომხეთთან მიმართებით - ყარსის ოლქს ყაგიზმანითურთ და არტაანის ოლქის სამხრეთ ნაწილს, აზერბაიჯანთან მიმართებით კი - ნახიჩევანს.
მოლაპარაკება, რომელიც ყარსში იწყებოდა და დოკუმენტი, რომელზეც მხარეებს ხელი უნდა მოეწერათ, ქართული დიპლომატიის ისტორიაში "ყარსის კონფერენციისა“ და "ყარსის ხელშეკრულების“ სახელით გახდება ცნობილი, მანამდე კი დელეგაციებს, განსაკუთრებით კი ქართველებს და სომხებს წინ ორკვირიანი შეხვედრები, ხანგრძლივი მსჯელობა, მწვავე დისკუსიები და საბოლოოდ, "ეროვნულ სირცხვილზე“ ხელმოწერა ელოდებათ. ეს მოხდება 1921 წლის 13 ოქტომბრის ნაშუადღევს, ყარსის ვალის რეზიდენციაში...
ყარსის კონფერენციას წინ უსწრებდა არაერთი დრამატული ხასიათის მოვლენა. ყარსის ხელშეკრულებასთანაა დაკავშირებული ზოგიერთი ნაკლებად ცნობილი ფაქტი საქართველო-თურქეთისა და საბჭოთა კავშირ-თურქეთის ურთიერთობიდან, რომლებიც თავის დროზე არ გახმაურებულა და მკვლევრებისთვის ნაწილობრივ ცნობილი მხოლოდ 1990-იან წლებში გახდა, თუმცაღა რუსეთისა და თურქეთის არქივები ჯერ კიდევ ჩვენთვის ბევრ უცნობ დოკუმენტს ინახავენ.
კონფერენციის დაწყებისთანავე ქართველებმა თურქებს მოსთხოვეს ორად გაყოფილი სარფის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემა, სომხებმა კი ისტორიული ქალაქ ანისის ტერიტორიის (ნანგრევების) დაბრუნება. ქემალისტებმა კატეგორიული უარი განაცხადეს და შემხვედრი წინადადება წამოაყენეს და ბათუმის ნავსადგურში "ნეიტრალური ზონის" (ანუ ფაქტობრივად, თურქეთის კონტროლქვეშ მყოფი ტერიტორიის) შექმნა მოისურვეს.
სამწუხაროდ, ყარსის ვალის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკების დროს ქართველებისა და სომხების მიერ თურქებთან გამართულმა ცხარე დისკუსიებმა ნაყოფი არ გამოიღო. მშვიდად მხოლოდ აზერბაიჯანის სსრ-ის წარმომადგენელი იყო, რომელიც არაფერს კარგავდა, პირიქით...
1921 წლის 13 ოქტომბერს, ნაშუადღევს, ერთი მხრივ - თურქეთისა და მეორე მხრივ - ამიერკავკასიის რესპუბლიკების (საქართველო-სომხეთ-აზერბაიჯანის) გაერთიანებულმა დელეგაციის წევრებმა ხელი მოაწერეს მეგობრობის ხელშეკრულებას, რომელიც ძირითადად მოსკოვური დოკუმენტის იდენტური იყო და მასში ჩაწერილ დებულებებს იმეორებდა. მეორე მუხლად უცვლელად იქნა შეტანილი მოსკოვის ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ბათუმის ოლქს ეხებოდა.
ყარსის კონფერენციის დასრულებიდან საკმაო დრო გავიდა, ვიდრე ქართული საზოგადოება მოლაპარაკების შედეგებს გაიგებდა. როგორც კი ხელშეკრულების ტექსტი გამოქვეყნდა, ლეგალურმა ოპოზიციამ (მემარცხენე სოციალისტ-ფედერალისტებმა) მისი დებულებები უარყოფითად შეაფასა. მათ განსაკუთრებით მწვავედ გამოხატეს უკმაყოფილება ხელშეკრულების რატიფიცირების დროს. 1922 წლის 14 აპრილს საქართველოს სსრ-ის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკ) საგანგებო სესიაზე შალვა ელიავამ ცაკ-ის წევრებს მოუწოდა მხარი დაეჭირათ ხელშეკრულების რატიფიცირებისთვის. ოპოზიციონერმა, სოციალისტ-ფედერალისტმა სიმონ ხუნდაძემ კი სიტყვით გამოსვლისას შალვა ელიავას ხელმოწერილი დოკუმენტი მკაცრად გააკრიტიკა - საქართველოს საზღვრების წამგებიანად გადაწყვეტის გამო. აჭარის წარმომადგენლებმა - სილიბისტრო თოდრიამ და თახსიმ ხიმშიაშვილმაც უარყოფითად შეაფასეს აჭარის სამხრეთი ნაწილის თურქეთისათვის გადაცემა.
დისკუსიის გამო რატიფიცირების პროცედურა გაჭიანურდა, საბოლოოდ კი ღამის 12 საათისთვის ხელშეკრულება მაინც დაამტკიცეს, თავი მხოლოდ სამმა კაცმა შეიკავა. ალბათ, მკითხველისთვის ძნელი წარმოსადგენი არ იქნება, თუ რა საფრთხის წინაშე იდგნენ ისინი, როცა საბჭოთა საგარეო პოლიტიკასა და ბოლშევიკებს საჯაროდ აკრიტიკებდნენ.
თურქულმა მხარემ კი ცოტა ხნით ადრე, 1922 წლის 16 მარტს, ანკარაში დიდი ეროვნული კრების დადგენილებით (კანონი #207) ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა.
ყარსის ხელშეკრულების დადების შემდგომ თურქეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობა წარმატებით განვითარდა (ბევრმა შეიძლება არც იცის, რომ სტამბოლში თაქსიმის მოედანზე დღესაც დგას 12-მეტრიანი ძეგლი, რომელზეც მუსტაფა ქემალ ათა-თურქთან ერთად, გამოსახულია საბჭოთა მარშალი კლიმენტ ვოროშილოვი და საბჭოთა დიპლომატი სიმონ არალოვი, რომლებსაც დიდი წვლილი მიუძღვით თურქეთის სამხედრო-ეკონომიკურ გაძლიერებაში), თუმცა იყო გარკვეული მომენტები, რომლებიც საერთო მეგობრულ სიტუაციას ხელს თუ არ უშლიდა, სასიამოვნო მაინც არ იყო. მაგალითად, 1922 წელს სსრკ-ის იმდროინდელმა საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისარმა ლეონიდ კრასინმა წერილი გაუგზავნა ზემდგომ ორგანოებს, რომელშიც ქალაქ ართვინთან ახლოს არსებული მურღულის სპილენძის საბადოსა და სპილენძსადნობი ქარხნის კონცესიით გამოცემა მოითხოვა. "დიდი შეცდომა იყო ამ ტერიტორიის თურქეთისთვის გადაცემა, რადგან იქ სპილენძის მდიდარი საბადო და სპილენძსადნობი ქარხანაა, რითაც თურქები დიდ მოგებას იღებენ. თუ მისი უკან დაბრუნება არ შეგვიძლია, იქნებ თურქებმა კონცესიით მაინც გადმოგვცენო“, - წერდა ლეონიდ კრასინი. ბედის ირონიაა, მაგრამ ფაქტია: იმ სპილენსადნობი ქარხნის რეკონსტრუქცია, რომლის კონცესიასაც სახკომი ლეონიდ კრასინი ითხოვს... საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ განახორციელა 1920 წლის ნოემბერში, იტალიაში შეძენილი მოწყობილობებითა და დანადგარებით: თბილისი ოპტიმისტურად უყურებდა მომავალს, იცოდა მსოფლიო ბაზარზე სუფთა სპილენძის ფასი...
თურქეთ-საბჭოთა კავშირის ურთიერთობა მუსტაფა ქემალის სიკვდილის შემდგომ გაუარესდა, განსაკუთრებით II მსოფლიო ომის წლებში, როცა ნეიტრალიტეტგამოცხადებულმა თურქეთმა გერმანიასთან ფარული თანამშრომლობა დაიწყო. ვიდრე ვერმახტი საბჭოთა კავშირის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებდა, კრემლი იძულებული იყო მოეთმინა თურქეთის პოლიტიკური ზიგზაგები, მაგრამ როცა საბჭოთა არმია ევროპის სახელმწიფოთა ტერიტორიაზე შევიდა და ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების "სუნი დატრიალდა“, საბჭოთა ლიდერებმა თურქეთს გერმანიასთან თანამშრომლობა გაუხსენეს, მასთან 1925 წელს დადებული მეგობრობისა და ნეიტრალიტეტის ხელშეკრულების დენონსაცია მოახდინეს და განაცხადეს, რომ თურქეთმა საბჭოთა რუსეთის სისუსტით ისარგებლა და 1921 წლის ხელშეკრულებებით საქართველოსა და სომხეთის ისტორიული მიწა-წყალი მიითვისაო. მოგვიანებით, პოტსდამის კონფერენციაზე, (1945 წლის ივლისში) თურქეთისაგან ქართული და პარალელურად სომხური მიწების დაბრუნება ოფიციალურად მოითხოვა.
ა) საბჭოთა რუსეთმა თურქეთს ტერიტორიები გადასცა არა სისუსტის გამო, არამედ მეგობრობის ნიშნად, პოლიტიკური სარჩულით. რომელ სისუსტეზეა ლაპარაკი, როცა საბჭოთა ბოლშევიკები თვითონ ამარაგებდნენ მუსტაფა ქემალს იარაღითა და ოქროთი, იმპერიალისტებთან ბრძოლისა და მსოფლიო რევოლუციის მოხდენის მიზნით;
ბ) თურქეთი, შექმნილ ვითარებაში, მეორე მსოფლიო ომის დროს, შეძლებისდაგვარად იცავდა ნეიტრალიტეტს. მაგალითად, ანკარამ, ბერლინის უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, ბოსფორ-დარდანელის სრუტეებში არ გაატარა გერმანიის წყალქვეშა ნავები (მონტრეს კონვენციის თანახმად), ამიტომ გერმანიას დამატებით ხარჯების გაწევა დაჭირდა: ბალტიის ზღვის ნავსადგურებიდან რკინიგზის შემადგენლობით ჩაიტანა რუმინეთის შავიზღვისპირა ნავსადგურ კონსტანცაში დაშლილი წყალქვეშა ნავები და იქ ააწყო საბჭოთა შავი ზღვის სამხედრო ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით.
სხვათა შორის, საბჭოთა საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის ეს პერიოდი დღემდე ნაკლებად არის შესწავლილი ქართველი მკვლევარების მიერ. მართალია, საკმაოდ ბევრია 75 წლის წინანდელ პრესაში გამოქვეყნებული ქართველი მეცნიერებისა და საზოგადო მოღვაწეების წერილები რუბრიკით "თურქეთმა უნდა დაგვიბრუნოს მიტაცებული ქართული მიწა-წყალი", მაგრამ ეს მხოლოდ, როგორც იტყვიან, "აისბერგის ხილული ნაწილია“; არქივებში შემონახულია და შესასწავლია ანკარაში საბჭოთა საელჩოს მიერ კრემლში გაგზავნილი საიდუმლო მოხსენებები; ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლობის მიერ შემუშავებული ტრაპიზონის, ართვინის, არტაანისა და ყარსზე შეტევის საიდუმლო გეგმები; ეკონომიკური გარდაქმნის პროექტები, რომელიც დაბრუნებულ ტერიტორიაზე უნდა რეალიზებულიყო; საქართველოს კომპარტიის მიერ შედგენილი ტრაპიზონისა და ართვინის ქალაქკომებისა თუ აღმასკომების წევრობის კანდიდატთა სია, ქართველი პოეტების ლექსები რუბრიკით "სამხრეთის საზღვარზე" და "ფიქრები ტრაპიზონის ოლქკომზე".
ასევე საინტერესო და ყურადღებით შესწავლის ღირსია გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე 1947 წლის ნოემბერში მომხდარი ინციდენტი - თურქეთის საჩივარი და ხმაურიანი დებატები, რომელიც ასევე საქართველოს ტერიტორიის დაბრუნებას ეხებოდა...
დასასრულს, 1992 წელს, საქართველოსა და თურქეთის მიერ ხელმოწერილი ახალი ხელშეკრულება, რომელიც პოლიტიკოსებისა და ექსპერტების კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა - ტექსტში ყარსის ხელშეკრულების მოხსენიების გამო...
2008 წლამდე ბევრ პოლიტიკოსსა და ექსპერტ-პოლიტოლოგს მიაჩნდა, რომ ყარსის ხელშეკრულება უკვე ისტორიის კუთვნილება იყო, რომ ის უიმედოდ მოძველდა და 1921 წელს ხელმოწერილი დიპლომატიური დოკუმენტის პირობები მხოლოდ მკვლევარებსღა თუ აინტერესებდათ. დიახ, დოკუმენტის ბევრი მუხლი მართლაც მოძველდა, მაგრამ... 2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის აგრესიამ, თურქეთის დიპლომატიურმა აქტიურობამ, რეჯებ თაიპ ერდოღანის მოსკოვურმა ვიზიტებმა და როგორც ამბობენ, კრემლში განხილულმა აჭარის სავარაუდო ოკუპირების საკითხმა (ზოგიერთი ანონომური დიპლომატიური წყაროს თანახმად, რუსეთი ჯარის შეყვანას ბათუმშიც გეგმავდაო, მაგრამ თურქეთმა მოსკოვს აჭარაზე თავისი სიუზერენიტეტი გაუხსენა და კრემლს უკან დაუხევია) კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ ხელშეკრულება, ასაკის მიუხედავად, ჯერ კიდევ "ცოცხალია“.
2019 წლიდან დღემდე, სოციალურ ქსელებში და რადიო-სატელევიზიო ეთერში გამართული დისკუსიების დროს, რუსეთში, სომხეთში და საქართველოში ხშირად გაიგონებდით, რომ შესაძლებელია ყარსის ხელშეკრულების დენონსაცია მოხდეს. ყველაზე უფრო მეტად ამაზე ლაპარაკობდნენ სომხეთში, რომლებიც უფრო მგრძნობიერად განიცდიან ტერიტორიულ დანაკარგებს (გასაგები მიზეზების გამო), თუმცა ისინი უპირველესად მოსკოვის ხელშეკრულების დენონსაციას მოითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ ყარსის ხელშეკრულებას საქართველოსთვის აშკარად უსამართლო და თავსმოხვეულობითი ხასიათი აქვს, მისი დენონსაცია ძალიან რთულია და ალბათ, თითქმის შეუძლებელიც. იმიტომ, რომ:
ა) ცალმხრივად დენონსაცია შეუძლებელია, რადგან საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი დოკუმენტში ერთი მხარის სტატუსით სარგებლობენ. გარდა ამისა, მართალია, დღევანდელი სომხეთი ყარსის დოკუმენტის დებულებებს სასაზღვრო საკითხებში არ აღიარებს, მაგრამ აზერბაიჯანისათვის ყარსის ხელშეკრულებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს - ნახჩივანის კუთვნილების გამო; ბუნებრივია, თუ საქმე დენონსაციამდე მივა, თურქეთი და აზერბაიჯანი საქართველოს მიმართ დიპლომატიურ დემარშს განახორციელებენ და ვაითუ, უარესი მოხდეს: როგორი იქნება საქართველო-თურქეთის საზღვარი?
ბ) სანამ არსებობს მოსკოვის ხელშეკრულება, იარსებებს ყარსის დოკუმენტის პირობებიც, რადგან რუსეთი და თურქეთი მოსკოვის ხელშეკრულებას ურთიერთობის მომწესრიგებელ უმთავრეს და უპირველეს სამართლებრივ აქტად მიიჩნევენ, მას დღესაც უვადოდ მიიჩნევენ, ყოველწლიურად განსაკუთრებულად აღნიშნავენ მისი ხელმოწერის დღეს და შესაბამისად, თუნდაც გავაუქმოთ, ამით საქმე მაინც არ გამოსწორდება, რადგან "ძაღლის თავი“ მოსკოვშია "დამარხული“.
წინა წლებში ასევე ხშირად ისმოდა ლაპარაკი იმის თაობაზე, რომ მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს 2021 წელს ასი წელი უსრულდებათ და აქედან გამომდინარე, რადგან ორივე ასი წლის ვადით არიან დადებული, მათ იურიდიული ძალა ეკარგებათ. ეს არასწორი მსჯელობაა, რადგან თუ ხელშეკრულებაში მისი მოქმედების ვადა მითითებული არ არის, ამ შემთხვევაში დოკუმენტს ვადა არ აქვს, მით უმეტეს, რომ მასში სასაზღვრო-ტერიტორიული საკითხია გადაწყვეტილი. ასეთი სახის ხელშეკრულებები, ჩვეულებრივ, უვადოდ ითვლებიან.
საინტერესოა, თუ საიდან გაჩნდა ხელშეკრულების ვადიანობისა და მისი გაუქმების შესაძლებლობის იდეა. 1990-იან წლებში ცნობილ სომეხ დიპლომატს ლევონ ეირამჯიანს (1954-2001 წ.წ.) დაებადა აზრი, რომლის თანახმად, მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებს (ანუ "ლენინ-ქემალის პაქტებს“), "მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის“ მსგავსად, აქვთ დამატებითი ოქმები გრიფით "სრულიად საიდუმლოდ“, რომლებშიც მოქმედების ვადებია მითითებული და ისინი არქივებშია დამალული. თავისი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად ლევონ ეირამჯიანმა ბევრი იმუშავა, ბევრი ეძება რუსეთისა და სომხეთის არქივებში, მაგრამ საიდუმლო ოქმები ვერ იპოვა. დიპლომატი ნაადრევად გარდაიცვალა, მაგრამ მისი მემკვიდრეების იმედს არ კარგავენ და აცხადებენ, რომ ოქმები არსებობს და რადგან არსებობს, ხელშეკრულებების სიცოცხლის დღეები უკვე დათვლილია - მათ 2021 წლის 16 მარტს 13 ოქტომბერს იურიდიული ძალა ავტომატურად ეკარგებათ. დღეს სომხეთში ეს ჰიპოთეზა ფართოდაა გავრცელებული და როგორც ჩანს, მას საქართველოშიც საკმაოდ აქვს ფეხი მოკიდებული.
აბა, დავფიქრდეთ: თუ დღემდე ვერ მიაკვლიეს დამატებით საიდუმლო ოქმებს (თვით სომხებმაც კი, მათი თანამემამულე ხომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრია! მათ ხომ ძალიან ძლიერი ლობი ჰყავთ მსოფლიო დიპლომატიაში!), რის საფუძველზე უნდა გაუვიდეს ვადა ხელშეკრულებებს?
ამიერკავკასიის რესპუბლიკების მხრიდან:
1921-1923 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი, 1922-23 წლებში იგივე თანამდებობა ეკავა ამიერკავკასიის სფსრ-ში. 1923-27 წლებში იყო საქართველოს სსრ-ს სახალხო კომისართა საბჭოს თავმჯდომარე, 1927-1930 წლებში - ამიერკავკასიის სფსრ-ს სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. 1931 წლიდან მოსკოვში გადაიყვანეს - 1935 წლამდე საბჭოთა კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილედ მუშაობდა, ხოლო 1936-37 წლებში - მსუბუქი მრეწველობის სახალხო კომისრის მოადგილედ. იყო ჯერ სსრკ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, შემდეგ კი პრეზიდიუმის წევრი. მონაწილეობდა პარტიის ყრილობებში, არჩეული იყო საკავშირო კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად, დაჯილდოებული იყო მრავალრიცხოვანი ორდენებით.
1937 წლის 17-19 მაისს ცეკას პლენუმზე შალვა ელიავა, მამია ორახელაშვილთან ერთად, პარტიის ხაზიდან მემარჯვენე გადახრების გამო გააკრიტიკეს, რამდენიმე დღის შემდეგ კი, 22 მაისს, დააპატიმრეს. ბრალდებაში ჩაიწერა, რომ "ამზადებდა ტერაქტებს საბჭოთა მთავრობისა და საკავშირო კპ (ბ)-ს ხელმძღვანელების წინააღმდეგ. ეწეოდა აქტიურ ჯაშუშურ-სადაზვერვო საქმიანობას ზოგიერთი უცხოური სახელმწიფოს სასარგებლოდ“.
შალვა ელიავა 1937 წლის 3 დეკემბერს დახვრიტეს.
1956 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ტრიბუნალმა, იხელმძღვანელა საქართველოს სსრ სისხლის სამართლის პროცესუალური კოდექსის 417 მუხლით, განაჩინა: საქ. სსრ შინსახკომის სამეულის 1937 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილება შალვა ზურაბის ძე ელიავას მიმართ გაუქმდეს და საქმის წარმოება შეწყდეს დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო.
1921-1924 წლებში ეკავა ამიერკავკასიის სფსრ განათლების და ფინანსთა სახალხო კომისრის თანამდებობა, იმავდროულად ეკავა საქართველოს სსრ საგარეო საქმეთა და ფინანსთა სახკომისრის თანამდებობები. 1922 წელს გადააყენეს ფინანსთა სახალხო კომისრობიდან, რადგან, როგორც ირკვევა, მხარს უჭერდა ქართული ფულის ერთეულის შენარჩუნებას. 1924-1935 წლებში მუშაობდა სსრკ სავაჭრო წარმომადგენლად გერმანიაში, ამავე დროს იყო სსრკ საგარეო ვაჭრობის ბანკის სამმართველოს თავმჯდომარე. თანამედროვეების გადმოცემით, ამ პერიოდში ის იყო იოსებ სტალინთან ყველაზე დაახლოებული პიროვნება.
ალექსანდრე (ალიოშა) სვანიძე აქტიურად იყო ჩართული სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაშიც: სწავლობდა ძველი აღმოსავლეთის ისტორიას; ასურეთის და ურარტუს უძველეს წყაროებზე დაყრდნობით მოამზადა ნარკვევი მაშინდელი პერიოდის ამიერკავკასიაზე; დააარსა ჟურნალი «Вестник древней истории», რომლის პირველი რედაქტორი თავადვე იყო.
1937 წელს ალექსანდრე სვანიძე დააკავეს, გამოძიება გრძელდებოდა 1937 წლის დეკემბრიდან 1940 წლის დეკემბრამდე. 1940 წლის 4 დეკემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ ალექსანდრე სვანიძეს მიუსაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა. გამოძიებამ ბრალად წაუყენა: 1922 წლიდან საქართველოს ნაციონალისტურ-უკლონისტური დაჯგუფების წევრობა, 1929 წლიდან მემარჯვენეთა ანტისაბჭოთა მოძრაობის წევრობა, უკანონო ფინანსური ოპერაციები და ტროცკისტული ორგანიზაციის დაფინანსება ესპანეთში, ასევე ჯაშუშობა გერმანიის სასარგებლოდ.
ალექსანდრე სვანიძე 1941 წლის 20 აგვისტოს დახვრიტეს. რეაბილიტირებული იქნა 1956 წლის 19 იანვარს.
1922 წლამდე სომხეთის სსრ-ის რევკომის წევრი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი. 193 წლიდან - სახალხო განათლების კომისარი და იმავდროულად, სომხეთის სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, გაზეთ "სოვეტაკან აიასტანის“ რედაქტორი. სსრკ ცენტრალური აღმასკომის წევრი. გარდაიცვალა 1929 წელს, დაკრძალულია ერევანში.
1921 წლის ბოლომდე - სომხეთის სსრ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი. 1922-1924 წლებში დაკავებული იყო დიპლომატიური სამსახურით ჯერ კონსტანტინოპოლში (სსრკ საკონსულოში), შემდეგ ლონდონში. 1925-1927 წლებში - მილანში და პარიზში. 1930-ინი წლების შუახანებიდან ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას - რუსული ენიდან სომხურად გადატარგმნა არა მარტო კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის შრომები, არამედ სერვანტესის "დონ კიხოტი’, ალექსანდრე პუშკინის "ბორის გოდუნოვი“ და სხვა ნაწარმოებები. 1937 წელს დააპატიმრეს ანტისაბჭოთა კონტრრევოლუციური საქმიანობის ბრალდებით და დახვრიტეს. 1955 წელს პოღოს მაკინზიანი რეაბილიტირებული იქნა.
1921 წელს - აზერბაიჯანის სსრ-ის სახალხო კონტროლის სახკომი. 1921-1924 წლებში - ნახჩივანის ავტონომიური რესპუბლიკის სახკომსაბჭოს თავმჯდომარე. 1924 წლის მაისში დაავადმყოფდა, სამკურნალოდ თბილისში ჩამოიყვანეს, მაგრამ იმავე წლის 30 მაისს გარდაიცვალა. დაკრძალულია იმდროინდელ მუსლიმანურ სასაფლაოზე, რომელიც დღეს გამოჩენილი აზერბაიჯანელების პანთეონს წარმოადგენს, თბილისის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე.
თურქეთის მხრიდან:
ყარსის კონფერენციამდე, 1921 წლის მარტში გენერალმა ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიების ოკუპირება მოახდინა, შემდეგ კი თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. 1924 წლიდან ოპოზიციაში ჩაუდგა მუსტაფა ქემალ ფაშას, თანამოაზრეებთან ერთად დააარსა "პროგრესული რესპუბლიკური პარტია“ და მისი თავმჯდომარე გახდა. 1925 წელს დააპატიმრეს მუსტაფა ქემალის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით. ათათურქის გარდაცვალების შემდეგ, 1938 წელს, იგი გაამართლეს, 1939 წელს კვლავ აირჩიეს დიდი ეროვნული კრების წევრად. 1944-45 წლებში, დიდი ეროვნული კრების დეპუტატად ყოფნის პერიოდში, აქტიურად გამოდიოდა სსრ კავშირის წინააღმდეგ, რომელმაც თურქეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა. გარდაიცვალა 1948 წელს, ანკარაში.
ქიაზიმ ყარაბექირ-ფაშას სახელს ძალიან აფასებენ აზერბაიჯანში (ნახჩივნის ავტონომიაში), რომელიც მისმა არმიამ 1919 წელს დაიკავა. ნახჩივანში არსებობს მისი სახელობის მეჩეთი, რომელიც 1999 წელს პირადად ჰეიდარ ალიევმა გახსნა. 2009 წელს აზერბაიჯანელმა რეჟისორმა ტაირ ალიევმა გადაიღო დოკუმენტური ფილმი "აღმოსავლეთის დამპყრობელი“.
1921 წელს გენერალი ველი ბეი თურქეთის აღმოსავლეთის ფრონტის ერთ-ერთ არმიას სარდლობდა, იყო დიდი ეროვნული კრების წევრი, მოგვიანებით მუშაობდა თურქეთის იუსტიციის სამინისტროში, მონაწილეობდა ლოზანის სამშვიდობო კონფერენციაში მრჩევლის სტატუსით. გარდაიცვალა 1935 წელს, 55 წლის ასაკში.
1921 წელს იყო თურქეთის აღმოსავლეთ ანატოლიის რკინიგზის უფროსი, მოგვიანებით - მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე. გარდაიცვალა ტრაპიზონში, 1958 წლის 5 ნოემბერს.
1921 წელს დაინიშნა თურქეთის სრულუფლებიან წარმომადგენლად ბაქოში, სადაც 1924 წლამდე მუშაობდა. 1925 წლის დასაწყისიდან სკოლის მასწავლებელია, იმავდროულად რედაქტორობს გაზეთს "პროფესია“. წერდა მოთხრობებს, ხატავდა კარიკატურებს. 1926 წლიდან დაინიშნა თურქეთის ელჩად თეირანში (სპარსეთში), გადადგა 1930 წელს, ორ სახელმწიფოს შორის მომხდარი ინციდენტის გამო. 1933-1941 წლებში მუშაობდა თურქეთის ელჩად ქაბულში (ავღანეთში). 1942-45 წლებში მმართველი სახალხო-რესპუბლიკური პარტიის გენერალური მდივანი იყო, შემდეგ კი მწერლობა გააგრძელა. გარდაიცვალა 1952 წლის მაისში, დაკრძალულია ანკარაში.
რუსეთის სფსრ-ის მხრიდან:
ყარსის ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდეგ, იაკობ განეცკი 1923-1930 წლებში მუშაობდა სსრ კავშირის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისრის მოადგილედ და კოლეგიის წევრად, 1930 წლიდან მას კულტურის ფრონტი ჩააბარეს - მუშაობდა მუსიკის, ესტრადისა და ცირკების სახელმწიფო გაერთიანების უფროსად, 1935-37 წლებში მოსკოვში, რევოლუციის მუზეუმის დირექტორად.
იაკობ განეცკი შინსახკომმა 1937 წლის 18 ივლისს დააპატიმრა, გერმანიისა და პოლონეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით. დახვრიტეს 1937 წლის 26 ნოემბერს. რეაბილიტირებული იქნა 1954 წელს.
ავტორი: სიმონ კილაძე