"ჩემთვის არასოდეს არავის არაფერი დაუკვეთავს" - ეს არის 21 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებული აკო ჭელიძის სიტყვები, რომელიც "კურიერს" მისმა ადვოკატმა გადმოსცა.
ტელეკომპანიის ცნობით, ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს შეკვეთილი მკვლელობის ვერსიას.
"აბსოლუტური გულწრფელობით ვიზიარებ ნიკა კვარაცხელიას ოჯახის და ახლობლების ტკივილს. რაც შეეხება აკო ჭელიძეს, ვიმეორებ მის პოზიციას, რომ მისი თქმით, არასოდეს არავის მისთვის არაფერი დაუკვეთავს. ის ამჟამად იყენებს დუმილის უფლებას და ჩემს შეკითხვებსაც კი არ პასუხობს" - აღნიშნა ადვოკატმა.
მან არ დააკონკრეტა ითანამშრომლებს თუ არა მისი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან.
ცნობისთვის, ნიკა კვარაცხელიას თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ და მის მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განახორციელეს. 22 წლის ახალგაზრდა მომხდარიდან მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მკვლელობა მალევე გახსნა შინაგან საქმეთა სამინისრტომ, თუმცა ბრალდებულები რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმალვაში იყვნენ. პოლიციამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე წყნეთში, ერთ-ერთ აგარაკზე აიყვანა.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მომხდარი ფაქტის შემდეგ მედიაში იწერებოდა, რომ მკვლელობა შურისძიების მიტოვით მოხდა. ერთ-ერთი ვერსიით ნიკო კვარაცხელია, მამაზე, ე.წ. კანონიერ ქურდ გია კვარაცხელიაზე შურისძიების მოტივით მოკლეს. შემკვეთებად 20 წლის წინ მოკლული "კანონიერი ქურდის", დავით კაკულიას შვილები სახელდებიან.
ნიკა კვარაცხელია ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობდა, ის პლატფორმა Feedc-ის დამფუძნებელია.