თბილისში, გაზაფხულის ქუჩაზე მოკლული ქალის ანასტასია შატალოვას საქმესთან დაკავშირებული სამი პირი სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავები ერთ-ერთ მთავარ ვერსიად შეკვეთილ მკვლელობას განიხილავენ. ამაზე ლაპარაკობენ გარდაცვლილი ქალის ახლობლებიც. შატალოვა რუსეთის მოქალაქე იყო. მისი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა. მოკლულ ქალთან მას მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. მათ ბავშვის გამო სამართლებრივი დავა ჰქონდათ.
ანასტასია შატალოვას დედის თქმით, მის შვილს კონფლიქტი ბათუმის ვიცე-მერ ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია.
"მომხდარის დეტალები ჩემთვის უცნობია. ვიცი ის, რასაც მედია გადმოსცემს. ჩემს შვილს კონფლიქტი ზურაბ ბერიძის გარდა, არავისთან ჰქონია. ჩემი ქმარი დღეს ჩამოფრინდა საქართველოში, სურვლი გვაქვს, რომ ანასტასიას შვილი ჩვენთან გაიზარდოს“, - განაცხადა გარდაცვლილი ქალის დედამ "რუსთავი 2“- თან.