კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, სპეციალისტები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შენარჩუნების საკითხებზე დღეს იმსჯელებენ.
კლდის მასივი, რომელზეც კომპლექსია აშენებული, თანდათანობით ირღვევა. კომპლექსის სატრაპეზოს ფასადი 5 ოქტომბერს ჩამოიშალა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე კლდის რღვევის პროცესის შენელების ხელმშემწყობ მეთოდებზე ისაუბრებენ. ფრესკების გადარჩენის მიზნით მათი მოხსნის შესაძლებლობებიც განიხილება.
დავით გარეჯის მონასტერი VI საუკუნეში 13 ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა, წმინდა დავით გარეჯელმა დააარსა.