ავტორი:

"ანქტივაქსირულ კამპანიაში რუსეთის ხელი შეგვიძლია, დავინახოთ ზოგად ტენდენციაში..." - რამ შეუქმნა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი ანტივაქსერულ განწყობებს?

"ანქტივაქსირულ კამპანიაში რუსეთის ხელი შეგვიძლია, დავინახოთ ზოგად ტენდენციაში..." - რამ შეუქმნა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი ანტივაქსერულ განწყობებს?

"დომინანტური ჩვენთან იყო ან ანტივაქსერული, ან ნეიტრალიტეტზე აწყობილი კამპანია“ - რამ შეუქმნა საქართველოში ნოყიერი ნიადაგი ანტივაქსერულ განწყობებს?

22 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო 1 932 643 აცრაა ჩატარებული, 914 311 ადამიანი კი სრულად ვაქცინირებულია. საზოგადოების დიდი ნაწილის მოსაზრებით, ეს არ არის ის ციფრები, რაც ვაქცინაციის წარმატებულ კამპანიას უნდა მოჰყოლოდა. ანტივაქსერული განწყობები საზოგადოებაში ჯერ კიდევ მაინც რჩება და საინტერესოა, რა ქმნის ნოყიერ ნიადაგს ამისთვის - რატომ შემცირდა აცრის მსურველთა რაოდენობა, თანაც იმ ფონზე, რომ კოვიდ-19-ის შემთხვევებმა ქვეყანაში მოიმატა? რამდენად შეიძლება, ეს ტენდენცია რუსეთის ანტივაქსერული პროპაგანდის მიერ იყოს გამოწვეული თუ ხელშეწყობილი? - ამაზე AMBEBI.GE-ს თავდაცვის ყოფილი მინისტრი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი თინა ხიდაშელი ესაუბრა.

- სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი მოლოდინები გამართლდა. იმედი, რომ "მინდა მჯეროდეს, რომ ასე არ იქნება“, არ გამართლდა და ყველაფერი ისე გამოვიდა, როგორც ველოდით. ამაში ყველას თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს - ხელისუფლებასაც, ზოგადად, პოლიტიკურ პარტიებს, საზოგადოებისთვის ცნობილ ადამიანებს, იმ ხალხს, ვინც ტელეეკრანებიდან ჩანს, რადგან კამპანია ერთი კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის საწარმოებელი არ არის. როგორც ჩანს, ყველამ დავაკელით რაღაც, ჩვენი წილი საკეთებელი. რეალობა ძალიან მძიმეა, იმაზე მძიმე, ვიდრე მაგალითად, თებერვალში, მარტში წარმოგვედგინა, რიცხვები ძალიან დაბალია, ბოლო კვირების განმავლობაში სულ 2-3 ათასს აღწევს ყოველდღიური აცრების რაოდენობა და ეს ძალიან შემაშფოთებელია, რადგან მთელი მოლოდინები, რომ წლის ბოლომდე 60-70%-ზე უნდა ავსულიყავით, დღეს უკვე ძალიან არასავარაუდო შესაძლებლობად ჩანს.

არ მგონია, რომ პირდაპირ და სპეციფიკურად ვიღაც სხვას უნდა დავაბრალოთ ეს უბედურება, რაც კოვიდთან ბრძოლაში დაგვემართა. ეს ამბავი შავი და თეთრი არ არის და ბევრი წახნაგი და განშტოება აქვს, ასე შეიძლება ითქვას. ჩემი აზრით, თავის დროზე, გახარიას დროს ყველაზე დიდი შეცდომა იყო ქვეყნის საყოველთაო და აბსოლუტური დახურვა და ჩაკეტვა, რადგან სწორედ მაშინ მოხდა პირველი მენტალური დაშვება მოსახლეობის მხრიდან, რომ ამასაც სახელმწიფო მიხედავს და გაჩნდა განცდა, რომ მათ არაფერი არ ევალებოდათ და მოეთხოვებოდათ - სახელმწიფო როცა უნდა დაკეტავს, როცა უნდა გახსნის, როცა უნდა, ნაწილობრივ შეზღუდავს. ეს იყო გახარიას ყველაზე დიდი შეცდომა, რომელიც თავიდან დაუშვა და არ დატოვა პირველი ბრძოლის შესაძლებლობა, რომელიც სინამდვილეში მოსახლეობას უნდა გამოეცხადებინა კოვიდისთვის. ამის შემდეგ იყო უამრავი სხვა შეცდომა და პრობლემა, რომელიც გაჩნდა, დაწყებული იქიდან, რომ ვაქცინა გვიან შემოვიტანეთ, გაგრძელებული იმით, რომ მაშინაც, როდესაც შემოვიტანეთ, მხოლოდ ჩინური ვაქცინის იმედად ვიყავით და ეს ძალიან ბევრი ადამიანის სკეპტიციზმს იწვევდა; იმ დროს, მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ეს ვაქცინა ავტორიზებული არ იყო, შესაბამისად, ვაქცინის გაჩენას ვერ მოჰყვა აქტიური და ქმედითი კამპანია; მერე უკვე ამ ყველაფერს წინასაარჩევნო პერიოდი დაემთხვა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, რადგან "ქართულმა ოცნებამ“, ანუ ხელისუფლებამ მიიჩნია, რომ მისი ამომრჩეველი, საარჩევნო ყულაბა იმ ხალხზე გადიოდა, რომელიც ძირითადად ანტივაქსერები არიან. ამიტომ, მაინცდამაინც აქტიური და ქმედითი კამპანია არ ჩაატარა.

რუსეთის ხელი შეგვიძლია, დავინახოთ ზოგად ტენდენციაში, იმავე ეკლესიის მხრიდან პრინციპში, დიდწილად ანტივაქსერულ კამპანიაში, შეგვიძლია დავინახოთ სხვადასხვა ჯგუფების (რომელთა პრორუსულობაში არავის ეჭვი არ ეპარება) ანტივაქსერულ პოზიციებში, მაგრამ ეს ვერ იქნებოდა დომინანტური და გადამწყვეტი, სახელმწიფოს მიერ ვაქცინაციის მიმართულებით აგრესიული, სწრაფი და ეფექტიანი კამპანია რომ ყოფილიყო წარმართული. თუმცა, როდესაც ეს არ მოხდა, უკვე პარალელურად ყველა სხვა დიდმა თუ პატარა ამბავმა თავისი გავლენა მოახდინა და კვალი დატოვა.

- ანუ, ანტივაქსერული განწყობებისთვის ნოყიერი ნიადაგი გაჩნდა...

- დიახ, სამწუხაროდ, ამ კამპანიას ნოყიერი ნიადაგი დახვდა. პრობლემა საქართველოსნაირი ქვეყნისთვის ის არის, რომ შეიძლება, ასე პირდაპირ ანტივაქცინაციის კამპანიას არ ეწეოდნენ, მაგრამ თავისთავად, ისეთი ფრაზებიც კი, რომ "ზრდასრულმა ადამიანებმა თვითონ გადაწყვიტონ“, "ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ, ყველამ თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება“, "ჩვენ ვერ მოვუწოდებთ“, - ესეც ანტივაქსერული კამპანიის მხარდამჭერი რიტორიკაა, რადგან ასეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, რომელიც არ არის მაინცდამაინც მიდრეკილი განსაკუთრებული გარღვევისკენ, ნებისმიერი ორაზროვანი განცხადებები უკვე პრობლემურია და ეს სამწუხაროდ, რეალურ ცხოვრებაში ვიხილეთ.

- ზოგ ქვეყანაში, სადაც რუსული წყაროები, ტელეარხები მაუწყებლობენ და შეიძლება, მსგავს რიტორიკას წავაწყდეთ, ნაკლებია ვაქცინაციის დონე...

- დიახ, ეს ყველაფერი კამპანიის ნაწილია, კამპანიები სხვადასხვა კომპონენტებისგან შედგება, როგორც ანტივაქსერული, ისე - ვაქცინაციის მომხრე. იმის მიხედვით, დომინანტი რომელია, შესაბამისად, მას წარმატების მეტი შესაძლებლობა აქვს. ხოლო დომინანტური ჩვენთან, სამწუხაროდ, იყო ან ანტივაქსერული, ან ნეიტრალიტეტზე აწყობილი კამპანია. ამას დაემატა ისიც, რომ სინამდვილეში ანტივაქსერი ჯანდაცვის მინისტრი და პრემიერ-მინისტრი გვყავს, პრემიერის აცრა ყველას ძალიან კარგად გვახსოვს - ეს მხოლოდ იმის მერე მოხდა, რაც უზარმაზარი ზეწოლა იყო საზოგადოების მხრიდან. მე მაინც ვფიქრობ, ყველაზე დიდი ბრალი ამ ყველაფერში იმას მიუძღვის, რომ საარჩევნო კამპანიის პერიოდს დაემთხვა, ყველაზე აქტიური ფაზა როცა უნდა ყოფილიყო ვაქცინაციის. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების მხრიდან ამ ვაქცინაციის კამპანიის გაჩერება მთლიანად განპირობებული იყო იმით, რომ არ გაეღიზიანებინათ ამომრჩევლის ის ნაწილი, რომლის იმედადაც არიან და რომელიც დიდწილად ანტივაქსერია, - პრორუსულია, რუსეთისკენ გადახრილია, ანტიდასავლურია და შესაბამისად, ანტივაქსერი...