ავტორი:

"ამბობენ, რომ ერთ ინფიცირებულს 9 ადამიანის დავირუსება შეუძლია..." - რას ჰყვებიან რუსეთში კორონავირუსის ახალ შტამსა და უმძიმეს ეპიდვითარებაზე

"ამბობენ, რომ ერთ ინფიცირებულს 9 ადამიანის დავირუსება შეუძლია..." - რას ჰყვებიან რუსეთში კორონავირუსის ახალ შტამსა და უმძიმეს ეპიდვითარებაზე

რუსული მედიის ცნობით, რუსეთში კოვიდ-19-ის ახალი ვარიანტი მძვინვარებს, რომელიც "დელტაზე" სწრაფად ვრცელდება და უფრო მეტად გადამდებია. ადგილობრივი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა ახალ ვარიანტს უკვე მიანიჭეს შესაბამისი შტამის სახელი: AY.4.2.

ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ახალი ვარიანტი დომინანტური რუსეთში უახლოეს პერიოდში გახდება, რაც ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო დაამძიმებს. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსეთში ინფიცირების მაჩვენებელი პიკს აღწევს. მათივე ცნობით, ინფიცირების ასეთი მაღალი მაჩვენებელი რუსეთში ივლისის შემდეგ არ ყოფილა.

ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, რუსეთში სამთავრობო სამსახურები ნოემბრის დასაწყისში ერთი კვირით დაიხურება. მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში მომუშავე ქართველის თქმით, მას "დელტა პლიუსის" დიაგნოზის მქონე პაციენტი არ მიუღია, მაგრამ ის ინფიცირებულები, რომლებიც ბოლო ხანებში შემოჰყავთ, გამწვავებულ სიმპტომებზე ჰყვებიან.

"ეს ვირუსი დიდ ბრიტანეთში ჯერ კიდევ ივლისში დაფიქსირდა. მაშინ ადგილობრივი მედიკოსები საუბრობდნენ, რომ ორმაგი მუტაცია ახასიათებს. მაშინ ბრიტანელი ექიმები ამბობდნენ, რომ საჭირო იყო მოზარდების აცრა და სკოლების დროებით დაკეტვა, მაგრამ ხელმძღვანელობამ მოქმედება დააგვიანა და შესაბამისი შედეგი მიიღო. თავდაპირველად, არ იყო დამტკიცებული მისი სწრაფი გავრცელების მაჩვენებელი, მაგრამ ახლა რუსეთში გავრცელებული შტამი დელტა ვარიანტისგან განსხვავდება.

პაციენტები, რომლებიც ბოლო დღეებში, სამედიცინო კლინიკებში შემოჰყავთ, მეორე-მესამე დღეს სუნთქვის გაძნელებას, გონების დაბინდვას, საერთო სისუსტეს, გულის რევას და ხერხემლის ხაზში ტკივილს უჩივიან. რამდენიმე პაციენტმა თქვა, რომ ისეთი შეგრძნება აქვს, თითქოს ენას ყლაპავს... აქაური მედიის ცნობით, ვირუსის ახალი შტამი სწორედ ბრიტანეთიდან გავრცელდა ამერიკაში, კანადაში, ისრაელში, ავსტრალიასა და ბოლოს - რუსეთში... თუმცა, რუსეთში ამ ეტაპზე იმ მასშტაბის გავრცელება არ არის, რაც ბრიტანეთში, ან თუნდაც ამერიკასა და კანადაში. ადგილობრივი მეცნიერების მოსაზრებები ორად იყოფა - ერთი ნაწილის თქმით, შესაძლოა, ეს უკვე გავრცელებული ვირუსების ყველაზე სახიფათო ვარიანტი იყოს. თუმცა, სხვების მოსაზრებით, "დელტა პლიუსი" არაფრით განსხვავდება დელტა შტამისგან..." - ამბობს მოსკოვის კლინიკაში მომუშავე ქართველი ექიმი ლია ლოგუა.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ბოლო ხანებში, ვისაც კოვიდი დაუდასტურდა, ყველას ერთნაირი სიმპტომები აქვთ.

"ჩემი მეგობარი პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში მუშაობს. ხელმძღვანელობამ უთხრა, თუ "სპუტნიკს" არ ენდობით, სადაც გინდათ იქ აიცერით, ოღონდ აიცერით, ეს ძალიან სახიფათო შტამია, სხვებისგან იმით განსხვავდება, რომ მაღალი კონტაგიოზურობით გამოირჩევა, ანუ ჩვენ ვუახლოვდებით იმ ზღვარს, როდესაც შტამი 15%-ით მეტად ინფექციურიაო, ანუ ერთმა ადამიანმა შესაძლოა ერთბაშად 9 დააინფიციროსო. ეს ნიშნავს, რომ ვითარება ბევრად მწვავეა, ვიდრე ადრე... ყოველდღიურად ისედაც ასობით დაღუპული გვყავდა, ახალ შემოტევას ჩვენი, ისედაც დანგრეული ჯანდაცვის სისტემა, სავარაუდოდ, ვეღარ გაუძლებს..." - წერს ჟანა ტრუფანოვა.

თუმცა, რუსი ინტერნეტმომხმარებლები ასევე წერენ, რომ სინამდვილეში, დელტა +, ანუ AY.4.2 და სხვა შტამებიც ტყუილია, ვაქცინაცია კი მასონური გეგმის ნაწილი, ის კაცობრიობის გამოსახშირად მოიგონეს.

"ჩვენს ქვეყანაში ვირუსიც შერჩევითია. მაგალითად, თუ მდიდარი ხარ და ევროპაში მოგზაურობ, აკეთებ "სპუტნიკით" აცრილის ყალბ პასპორტს, შემდეგ კი იმ ევროპის რომელიმე ქვეყანაში იცრებ და მშვიდად ხარ... ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, ან "სპუტნიკით" იცრება, ან საკუთარი იმუნიტეტის იმედზეა. ისე, როგორც მე..." - წერს იულია ხამცოვა.