ბუნდესტაგის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ქვეყანაში ისლამისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას ითხოვენ. ამ მოწოდებით გერმანიის სოციალ-დემოკრატიული და ”მწვანეთა” პარტიები გამოვიდნენ.
გერმანელი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის დიტერ ვიფელპიუტცის თქმით, გერმანიამ ”ისლამს შანსი უნდა მისცეს”. მისი აზრით, ამ აღმსარებლობისთვის ოფიციალური სტატუსის მინიჭება მუსლიმთა გერმანულ საზოგადოებასთან ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება.
კრისტიან ვულფმა გერმანიის გაერთიანების 20 წლის იუბილეზე განაცხადა, რომ ისლამი ისევეა გერმანიის ნაწილი, როგორც ქრისტიანობა და იუდაიზმი. პრეზიდენტის პოზიცია მმართველი ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტიისა და ქრისტიანულ-სიციალისტური კავშირის წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს.
ამჟამად გერმანიაში ოფიციალური სტატუსით მხოლოდ ქრისტიანული და იუდეური აღმსარებლობები სარგებლობენ. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყანაში ქრისტიანების შემდეგ სიჭარბით მეორე ადგილს ისლამის რელიგიის მიმდევრები იკავებენ (4,3 მლნ-მდე ადამიანი).
მომზადებულია thelocal.de-ს მიხედვით.