ჩრდილოეთ კორეა ეკონომიკური პრობლემებისა და საკვების დეფიციტის მოგვარებას სხვადასხვა გზით, მათ შორის კუპონების დაბეჭდვით და შავი გედების მოშენებით ცდილობს, - ინფორმაციას Reuters-ი სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სხვადასხვა წყაროს ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ცენტრალურმა ბანკმა კუპონების ბეჭდვა დაიწყო, ვინაიდან ოფიციალური ვალუტის დასაბეჭდად საჭირო ქაღალდი და მელანი ჩინეთიდან ვეღარ შედის, რის გამოც ჩრდილოეთ კორეული ვონის კუპიურების დეფიციტი შეიქმნა.
“შავი გედის ხორცი გემრიელია და აქვს სამკურნალო ღირებულება", - წერს მმართველი პარტიის გაზეთი Rodong Sinmun.
ჩრდილოეთ კორეა დიდი ხანია სურსათის ნაკლებობას განიცდის. დამკვირვებლების განცხადებით, ეკონომიკის არასწორ მართვას ამძაფრებს საერთაშორისო სანქციები, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის განვითარების გამო დაუწესეს, ასევე ბუნებრივი კატასტროფები და კოვიდ 19-ის პანდემიის გამო საზღვრების უპრეცედენტო ჩაკეტვა.
კიმ ჩენ ინმა საკვებთან დაკავშირებით არსებული "დაძაბული“ მდგომარეობის არსებობა აღიარა და საზოგადოებას მოუბოდიშა იმ მსხვერპლისთვის, რისი გაღებაც მოქალაქეებს კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მოუწიათ. თუმცა მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში წელს ეკონომიკა გაუმჯობესდა. ფხენიანი კატეგორიულად უარყოფს გაეროს მოხსენებას, სადაც ნათქვამია, რომ ჩრდილოეთ კორეაში ათასობით ადამიანს შიმშილი ემუქრება.