უინსტონ ჩერჩილი - , სტრატეგი, პოლიტიკოსი, ორატორი, მხატვარი, მწერალი (თანაც ნობელის პრემიის ლაურეატი), სპორტსმენი - ეს ყველა "ტიტული" ერთ ადამიანს ეკუთვნის...
45 წლის წინ გარდაიცვალა კაცი, რომელმაც საკმაოდ დიდხანს - 90 წელიწადს კი იცოცხლა, მაგრამ სხვას, ალბათ, არც 190 წელი ეყოფოდა იმ საქმეთა საკეთებლად, რომელიც ამ მართლაც გენიოსმა მოასწრო. არადა, დიდგვაროვანი ბებია "უდღეურს", "უვარგისს" ეძახდა და მასწავლებლებიც, მისთვის გაკვეთილების ახსნის ნაცვლად, უფრო ხშირად, მოსწავლის ცემა-ტყეპით იყვნენ დაკავებულები. თუმცა მოდით, თანმიმდევრულად მოვყვეთ:
1685 წელს ვინმე ჯონ ჩერჩილმა, ახალგამოჩენილმა მხედართმთავარმა ინგლისში მეფე იაკობ II-ის წინააღმდეგ დაწყებული აჯანყება ჩაახშო და ასე გამოვიდა ასპარეზზე. მართალია, სამი წლის შემდეგ მეფის მოწინააღმდეგის, ვილჰელმ ორანელის მხარეზე გადავიდა და მალბოროს ჰერცოგის ტიტულიც მიიღო, მაგრამ მერე ღალატისთვის ციხეში აღმოჩნდა... ბევრი გადასვლა-გადმოსვლის შემდეგ, მემკვიდრეებს მალბოროს ჰერცოგის ტიტული და ინგლისში ყველაზე დიდი - ბლენჰაიმის სასახლე ციხესიმაგრითურთ დაუტოვა.
ვიდრე XIX საუკუნეში გადმოვინაცვლებდეთ, ერთი რამეც უნდა აღვნიშნოთ: სწორედ ეს პირველი ჰერცოგი მალბორო იყო, ვინც საფრანგეთის მეფე-მზეს, ლუდოვიკო XIV-ს ბელგია ბრძოლით წაართვა. ჰოდა, სულხან-საბა ორბელიანის ელჩობისას, მან სწორედ ამიტომ ვერ მოიცალა საქართველოსთვის და არა იმიტომ, რომ "მეფეს ხალხზე მეტად კატა ეცოდებოდა"; რა ექნა - მაშინ თავისი ქვეყანა გასჭირვებოდა... ასე რომ, ჩერჩილის წინაპარს, შეიძლება ითქვას, უშუალო "ბრალი" მიუძღვის საქართველოს უბედურებაში...
მაშ ასე, ბლენჰაიმის სასახლე, 1874 წლის 30 ნოემბერი, მთელი ინგლისის (და არა მარტო ინგლისის) არისტოკრატული საზოგადოება ჩერჩილების დარბაზობაზეა და ამ დროს დიასახლისს სამშობიარო ტკივილები დაეწყო, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ შვიდი თვის ფეხმძიმე იყო. სტუმრიანობის გამო, ის ტანსაცმლის დასაწყობ ოთახად გადაკეთებულ საკუჭნაოში (ზევით აყვანაც ვერ მოასწრეს) შეიყვანეს და იქ - ძვირფას პალტოებსა და ბეწვის ქურქებზე მოევლინა სამყაროს უინსტონ ლეონარდ სპენსერ ჩერჩილი.
მაშინდელი წესისამებრ, მეორე დღესვე, "ტაიმსის" პირველ სვეტში, მაღალი წრის ქრონიკაში ეწერა, რომ სერ რენდოლფ ჩერჩილის მეუღლემ, ჯენიმ შვა პირველი შვილი და რომ მშობიარობა ნაადრევი გახლდათ.
სხვათა შორის, ვაჟის დაბადება, მშობლების გარდა, მათ დიდ ოჯახში არავის გახარებია (ისე, არც მშობლებს ამოსდიოდათ მასზე მზე და მთვარე): უფროს ბიძას ერთი ვაჟი ჰყავდა (ტრადიციის მიხედვით, მალბოროს ჰერცოგის ტიტულს მხოლოდ ერთი, უფროსი მემკვიდრე იღებდა) და ეშინოდა, რომ მისი სიკვდილის შემთხვევაში (მაშინ ბავშვთა სიკვდილიანობა ხშირი იყო), ჩემი ტიტული ამ უდღეური ძმისშვილის ხელში გადავაო, მაგრამ მისი შვილი გაიზარდა, ამერიკელი მილიარდერის ქალიშვილზე დაქორწინდა, ვაჟიც გაუჩნდა და უინსტონ ჩერჩილის ოცნებასაც - გამხდარიყო მალბოროს IX ჰერცოგი, წერტილი დაესვა.
სხვათა შორის, როდესაც ოჯახში ამერიკელი რძალი შევიდა, პირველი, რაც მას ქმრის ბებიამ უთხრა, ეს იყო: "თქვენი ერთადერთი მოვალეობაა ვაჟი გააჩინოთ, რათა ტიტული ამ უდღეურ და უვარგის უინსტონს არ დარჩეს".
ამერიკელი რძლები კი, ამ ოჯახში ახალი ამბავი არ იყო - თვით ჯენი, უინსტონის დედა ამერიკელი მდიდარი მეწარმის შვილი გახლდათ, მაგრამ ჩერჩილებს მასში "არ გაუმართლათ" - ახალდაოჯახებულებს თაფლობის თვეც არ ჰქონდათ დასრულებული, როცა მდიდარი ამერიკელი სიმამრი გაკოტრდა! ცხადია, ოჯახი შიმშილით არ კვდებოდა, მაგრამ ინგლისის მაღალ წრეებში ყველამ იცოდა, რომ მათი შემოსავალი გასავალს - სასახლის, ქალაქის სახლისა და ბინების ხარჯები, 100 ცხენის მოვლა, 150 მოსამსახურის ჯამაგირი და ა.შ. - ძლივს სწვდებოდა...
როგორც ჩერჩილი თავის მემუარებში წერდა, მას მშობლები არასოდეს მიფერებიან. მხოლოდ ძალიან გვიან - 40 წელს კარგად გადაშორებულ დედას საკუთარი მოვალეობა გაახსენდა და ახალგაზრდა ოფიცერს გარკვეული თანადგომა გაუწია. სამაგიეროდ, უინსტონი ძიძას აღმერთებდა და მთელი ცხოვრების მანძილზე, კაბინეტში ძიძის სურათი ეკიდა.
შვიდი წლისა ასკოტის დახურულ სკოლაში შეიყვანეს, შემდეგ კიდევ უფრო ძვირად ღირებულ, არისტოკრატთა ლიცეუმ ჰეროუში მიაბარეს, სადაც მასწავლებლები საგონებელში ჩააგდო - აბსოლუტურად არაფერს აკეთებდა იმ საგნებში, რომლებიც არ მოსწონდა, სამაგიეროდ პირწმინდად ითვისებდა საყვარელ დისციპლინებს (ამ სკოლაზე წერდა: საბოლოოდ შემაძულეს ბერძნული და ლათინური, თავისი საბერძნეთითა და რომის იმპერიითო), მასწავლებლებმა კი, ამის საწინააღმდეგოდ ერთადერთი "წამალი" იცოდნენ - გაროზგვა.
მოსწავლეობის პერიოდში მშობლები სულ ორჯერ ნახა. სკოლის დასრულების შემდეგ მისი და მამამისის აზრები დაემთხვა: სამხედრო სასწავლებელი - ეს ბავშვობის ოცნება იყო (სხვა გასართობი არც ჰქონდა და არც უნდოდა - 1500 კალის ჯარისკაცი ჰქონია), მაგრამ სენდჰერსტის სამხედრო სასწავლებელში ორჯერ ჩაიჭრა. ბოლოს, დედამისმა ვინმე კაპიტან ჯეიმსს მიაბარა, რომელმაც გამოცდაზე ჩასაბარებელი საკითხები წინასწარ იცოდა (ანუ "საქმე ჩაუწყო") და 1893 წლის აგვისტოში მსუბუქი კავალერიის კლასში ჩაირიცხა.
ამ პერიოდს მამამისის უცნაური ამბავიც დაემთხვა: ინგლისის ყველაზე პერსპექტიულ პოლიტიკოსად შერაცხულმა ფინანსთა მინისტრმა, რენდოლფ ჩერჩილმა მოულოდნელად მთავრობის საწინააღმდეგო განცხადება გააკეთა, თანამდებობიდან გადადგა, საქმეები პარტიაშიც აერია, რის ნიადაგზეც ჯანმრთელობა შეერყა და უცნაური აპათიით შეპყრობილი სახლში "ჩაჯდა". თუმცა, მის ამერიკელ მეუღლეს ეს ამბავი დიდად არ უდარდია. მეტიც, იმ პერიოდში უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ მის ფარულ რომანებზე ავსტრიის სიმპათიურ, მდიდარ ატაშესთან და თვით ინგლისის ტახტის მემკვიდრე უელსის პრინცთან, მაგრამ ეს კონსერვატიული ინგლისი იყო და გაზეთები "მხოლოდ" ცხენით ერთობლივ სეირნობებზე წერდნენ.
უინსტონს სამხედრო სასწავლებელში ჩაბარება კი გაუჭირდა, მაგრამ სწავლა ნამდვილად არ გასჭირვებია - იქ მთავარი ფარიკაობა და ცხენოსნობა იყო, რაშიც ბადალი არ ჰყავდა. საინტერესოა, რომ პირველი, რაც სასწავლებლის დამთავრებისა და ლეიტენანტის ჩინის მიღების შემდეგ გააკეთა, ის იყო, რომ თავის სკოლას მიაკითხა, - არ ვიცი, როგორ, მაგრამ მინდოდა, დირექტორისთვის სამაგიერო გადამეხადა, ძველი როზგებისთვისო, - წერდა, მაგრამ დირექტორი გარდაცვლილი დახვდა. სასწავლებლის დამთავრებამდე 3 კვირით ადრე, 1895 წლის დასაწყისში მამა გარდაეცვალა (46 წლის იყო) და შინ აღარც მიბრუნებულა - მამასთან რაღაც საერთოს მაინც პოულობდა, დედასთან კი ერთ დღესაც ვერ ძლებდა.
ახალგაზრდა ლეიტენანტი ჰუსართა პოლკში მიავლინეს, სადაც უფულობას განიცდიდა, მაგრამ ჭკუა-გონებითა და მოხერხებულობით მალევე მიიქცია ყურადღება. რამდენიმე ხანში შვებულება მოითხოვა და მეგობართან, ლეიტენანტ ბერნსთან ერთად კუბაზე გაემგზავრა, სადაც ესპანელი მარშალი კამპო აჯანყებულებს ებრძოდა. მეგობრები კამპოსთან მოხალისეებად ჩაეწერნენ, მაგრამ ჩერჩილს, საბრძოლო ნათლობასთან ერთად, სხვა მიზანიც ჰქონდა: მან ჟურნალისტობა დაიწყო და როგორც "დეილი ტელეგრაფის" სამხედრო კორესპონდენტმა, ოკეანის გაღმიდან პირველი ხუთი რეპორტაჟი გამოაგზავნა. კუბაზე კიდევ ერთი "უმნიშვნელოვანესი" ამბავი მოხდა ჩერჩილის ცხოვრებაში: კუნძულზე მან ალკოჰოლის სმა და ჰავანური სიგარის წევა დაიწყო და თუ სასმელს (ძირითადად, კონიაკს) თითქმის ცხოვრების ბოლომდე უფასოდ უგზავნიდნენ ხან სტალინი (სომხურს) და ხანაც - დე გოლი (ფრანგულს), სიგარების შესაძენად მრავალი ათასი გირვანქა სტერლინგი დახარჯა.
ხუთთვიანი შვებულების შემდეგ თავის ნაწილს ინდოეთში ჩააკითხა, მაგრამ იქ სიმშვიდე იყო და დედამისი წერილებით "აიკლო", რათა მას თავისი კავშირების წყალობით ბირმაში გადაეყვანა, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ამასობაში ჯენი ჩერჩილი ცოტა მობერდა, "დაწყნარდა" და შვილზე ზრუნვა დაიწყო - ბირმაში წიგნები, ინგლისის პარლამენტის სხდომების სტენოგრამები გაუგზავნა და პირველი წიგნის გამოცემაშიც დაეხმარა - მისი სტატიების კრებული დაბეჭდა (აზიიდან უინსტონს 20 რეპორტაჟი ჰქონდა გამოგზავნილი). დებიუტი წარმატებული გამოდგა - წმინდა მოგება, 300 გირვანქა სტერლინგი მიიღო, რაც ლეიტენანტის ყოველთვიურ ხელფასს 20-ჯერ აღემატებოდა.
ჩერჩილი ბომონდურ წვეულებებზე მიღებული კაცი გახდა, მაგრამ იქაც ბლოკნოტით დადიოდა, სულ რაღაცას იწერდა, ქალებთან კი თავაზიანი და, ირონიული იყო; ერთხელ, ლედი ასტორს მწარე ხუმრობით ისე "უკბინა", რომ მან უთხრა: "თქვენი ცოლი რომ ვიყო, ყავაში საწამლავს ჩაგიყრიდით", რაზეც ჩერჩილმა უპასუხა: "თქვენი ქმარი რომ ვიყო, იმ ყავას უყოყმანოდ დავლევდი..."
სხვათა შორის, პირველად სწორედ ამ პერიოდში გაუჩნდა აზრი, რომ სამხედრო სამსახურს პოლიტიკოსობა სჯობს, მაგრამ კიდევ ერთი სამხედრო კამპანია მაინც მოასწრო, - სუდანში, სადაც სიკვდილს ძლივს გადაურჩა, - ეს იყო მსოფლიოს ისტორიაში უკანასკნელი დიდი კავალერისტური ბრძოლა, ომდურმანთან. როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, საკუთარი ხელით, მიბჯენით დახვრიტა ხუთი მომხდური, ერთს კი მაუზერის ტარით გაუპო თავი - ეს ყველაფერი კი ახალ წიგნში აღწერა და სამშობლოში ფურორი მოახდინა - დიდი ფული, დიდება მოვიდა; ამ ერთი წიგნის ჰონორარით უზარმაზარი სახლი შეიძინა...
სამხედრო სამსახურიდან გადადგა, მაგრამ სამხედრო ჟურნალისტიკას მაინც ვერ შეელია - ერთი წლის შემდეგ "მორნინგ პოსტის" კორესპონდენტად წავიდა სამხრეთ აფრიკაში, ინგლის-ბურების ომზე რეპორტაჟების გასაკეთებლად, მაგრამ ადგილამდე ვერ ჩააღწია - ის მატარებელი, რომელითაც მგზავრობდა, დაბომბეს, რელსებიდან გადააგდეს და გადარჩენილები ტყვედ აიყვანეს. ბურები სამხედრო ტყვეებს ხვრეტდნენ, მაგრამ ჩერჩილი ლორდობამ და ჟურნალისტობამ იხსნა (თუმცა, როგორც ამბობენ, რეალურად, ბურების მხარეს მებრძოლმა, "ნიკო ბურად" წოდებულმა ნიკო ბაგრატიონმა იხსნა). მალე გაქცევაც მოახერხა - 300 კილომეტრი მტრის ზურგში იარა, მერე გაქანებულ სატვირთო მატარებელს შეახტა და თავისიანებამდე მიაღწია. იქ ზეიმით შეხვდნენ - იმ კვირაში დამარცხება დამარცხებას მოსდევდა და ინგლისელებს გმირი სჭირდებოდათ!
ინგლისში დაბრუნებულს ფიანდაზები დაუფინეს, მაგრამ 46 წლის დედამისმა მოულოდნელი "საჩუქარი" დაახვედრა - გათხოვილი დახვდა! თანაც, მამინაცვალი უინსტონზე ერთი წლით ახალგაზრდა, 26 წლის იყო (აქვე ვიტყვით, რომ ამ ქორწინების შემდეგ, 63 წლის ასაკში ჯენი კიდევ ერთხელ გათხოვდა. ამჯერად, უინსტონზე სამი წლით უმცროს ჩინოვნიკზე)!
ახლა უკვე აღარაფერი ედგა წინ პოლიტიკოსობას - პირველი წარუმატებელი არჩევნების შემდეგ, 1901 წელს ბიოგრაფიის, წარმომავლობის, ორატორობისა და პატრიოტობის წყალობით თემთა პალატის წევრი გახდა. თვითმხილველი პარლამენტში მის პირველ მისვლას ასე იხსენებს: "უინსტონ ჩერჩილი თემთა პალატაში ხუთი წუთის შემოსულიც არ იყო, როცა დავინახეთ, რომ ზის მოშვებული, ცილინდრი შუბლზე აქვს ჩამოფხატული, ფეხები - გაჭიმული და ერთმანეთზე გადაჯვარედინებული, ხელები - ჯიბეებში ღრმად ჩაწყობილი... და იქაურობას ისე გულგრილად ათვალიერებს, თითქოს ყველაზე ახალგაზრდა კი არა, ყველაზე ხანდაზმული და გამოცდილი დეპუტატი ყოფილიყოს..."
მალევე გახდა ფინანსთა მინისტრი (მნიშვნელობით მეორე პოსტი იყო მთავრობაში) და დაქორწინდა კიდეც კლემენტინა ჰოზიზე, ღარიბი პოლკოვნიკის შვილზე. სხვათა შორის, აქაც "გმირობა" დასჭირდა: სოფელში, მათი საერთო მეგობრების სახლში ხანძარი გაჩნდა და მაშველთა მოსვლამდე, ჩერჩილმა - ფინანსთა მინისტრმა და ლორდმა თამამად შეაბიჯა ცეცხლში, თითქმის ყველაფერი გადაარჩინა და კლემენტინამაც, შეტრუსულ-ბოლნაყლაპს ერთგულება იქვე შეჰფიცა. ვესტმინსტერში, თემთა პალატის ეკლესიაში ჯვრისწერისას, საჩუქრებისთვის გამოყოფილ კუთხეში, საპატიო ადგილას იდო მეფე ედუარდ VII-ს ნაჩუქარი ხელჯოხი, წარწერით: "ჩემს ყველაზე ახალგაზრდა მინისტრს".
სამხრეთ აფრიკაში ისევ ომი იყო და ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩერჩილი კოლონიების მინისტრის მოადგილედ გადაიყვანეს. შედეგი ბრწყინვალე აღმოჩნდა - სულ მალე არა მარტო ომი შეწყდა, არამედ ბურების ლიდერები, ბოტა და სმატსი დაიმეგობრა კიდეც.
მკითხველისათვის ჩერჩილის შემდგომი მოღვაწეობა უფრო ცნობილია და ჩვენც მხოლოდ მშრალი ფაქტების ჩამოთვლითღა შემოვიფარგლებით: არისტოკრატული კლუბებით განთქმულ ლონდონში მან "აზერ კლუბი" შექმნა, სადაც განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანები შედიოდნენ, რამაც პოლიტიკური კრიზისების თავიდან აცილებას დიდად შეუწყო ხელი. მოგვიანებით საზღვაო მინისტრად დანიშნეს.
ის პირველი მსოფლიო ომის მოახლოებას გრძნობდა და ამიტომაც, სასწრაფოდ მოახდინა ფლოტის მოდერნიზაცია (ნახშირის საწვავიდან ნავთობზე გადაიყვანა), შედეგად კი ნავთობის მოპოვებაც ერთიორად გაზარდა; შექმნა საზღვაო-საჰაერო ძალები, თვითმფრინავებს თავადვე ცდიდა და ავიაკატასროფასაც გადაურჩა - 30 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა, მიწას დაენარცხა და მაინც გადარჩა; მისი ხელმძღვანელობით შეიქმნა პირველი ტანკი, მეორე მსოფლიო ომში მის ხელმძღვანელობაზე კი აღარაფერს ვიტყვით... თუმცა, რაღა არაფერს - ჯერ რუზველტს და შემდეგ ტრუმენს ეხვეწებოდა, რუსებს ელბაზე კი არა, რაც შეიძლება აღმოსავლეთით შევხვდეთ, თორემ მთელ აღმოსავლეთ ევროპას წალეკავენო, მაგრამ არ დაუჯერეს...
1946 წელს ამერიკაში, ფულტონის უნივერსიტეტში გამოსვლისას, სწორედ ჩერჩილმა ახსენა პირველად ტერმინი - "რკინის ფარდა" და ამით დაიწყო "ცივი ომი". ასეთ ამბავსაც ჰყვებიან: ამ გამოსვლის შემდეგ, ბანკეტზე, ხიზილალას ისე მიაძღა, რომ გარშემო მყოფების ყურადღება მიიქციაო. მას კი გაუღიმია და უთქვამს: "ნუ გიკვირთ, ხიზილალა მიყვარს, მაგრამ მასში ფულის გადახდა მენანება, დღევანდელი გამოსვლის შემდეგ კი, ვფიქრობ, სტალინი აღარ გამომიგზავნის მას"...
ამის შემდეგ, მართლაც, მოსკოვში "საბჭოეთის #1 მტრად" შერაცხეს. ისე, ეს დიდად არც უდარდია...
1953 წელს, პრემიერ-მინისტრად ყოფნისას, ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში, რვატომეულისთვის - "მეორე მსოფლიო ომი". დაჯილდოების ცერემონიაზე, ნორვეგიაში არ წავიდა, - არ მცალიო (?) და ცოლი გაგზავნა, თავად კი ბერმუდის კუნძულებზე გაემგზავრა (!)...
მხატვრის ფუნჯთანაც "ახლოს" იყო - შარლ მორენის ფსევდონიმით ცნობილი ავტორის, იგივე უინსტონ ჩერჩილის ტილოები ევროპელ კოლექციონერებს შორის დღესაც დიდად ფასობს...
შვილები "არ გამოადგა": ერთადერთმა ვაჟმა ვერც პოლიტიკაში ივარგა და ვერც ბიზნესში, მამას მხოლოდ კონიაკის სიყვარულში დაემსგავსა და მისი სიკვდილიდან ორიოდე წელიწადში ისიც გარდაიცვალა. რაც შეეხებათ ჩერჩილის ქალიშვილებს, ინგლისური პრესა მათ სკანდალურ ცხოვრებაზე ხშირად წერდა. სხვათა შორის, სიცოცხლე ასევე სკანდალურად დაამთავრეს: უფროსმა თავი მოიკლა, შუათანა გალოთდა, სპეციალურ საავადმყოფოში ამოყო თავი და იქვე გარდაიცვალა...
როდესაც ჩერჩილი 80 წლის გახდა, BBC-მ მისი დაკრძალვის გადამღები ჯგუფი წინასწარ შექმნა და საიუბილეო (ალბათ ფიქრობდნენ - უკანასკნელიო) სურათის გადასაღებად ფოტოგრაფი გაუგზავნა. თავის საქმეს რომ მორჩა, ახალგაზრდა ფოტოგრაფმა თავაზიანად მიმართა:
- იმედი მაქვს, მომავალ დაბადების დღეზეც გადაგიღებთ ფოტოს.
- რატომაც არა! მგონი, ჯანმრთელობას არ უჩივით, - გაუღიმა ჩერჩილმა.
მართლაც, იმ ხუთკაციანი ჯგუფიდან ოთხი ჩერჩილზე ადრე მოკვდა, სერ უინსტონმა კი 90 წლამდე იცოცხლა და ცხოვრების ბოლომდე ყოველდღე ერთ ბოთლ კონიაკს სვამდა, ათ სიგარას ეწეოდა. ამასთან დაკავშირებით, ცნობილია მისი ერთი სარკასტული გამონათქვამი: "ჩემი ხანგრძლივად ცხოვრების რეცეპტია: ჭამე და სვი რაც გინდა და რამდენიც გინდა და არავითარი სპორტი!" - ესეც ცნობილი ინგლისური იუმორი.
P.S. ამბობენ, - მეგობრები არ ჰყავდაო, მაგრამ ალბათ, დიდ ადამიანებს სხვა საზომით უნდა მივუდგეთ. ერთხელ ბერნარდ შოუს, - რომელიც ახალგაზრდობაში ცოტას "წაუფაშისტებდა" და ერთმანეთს ამიტომაც არ სწყალობდნენ, - თავისი პიესის პრემიერაზე მისთვის ორი ბილეთი გაუგზავნია, ბარათით: "ერთი თქვენ და ერთი თქვენს მეგობარს, თუკი ერთი მეგობარი მაინც გყავთ". ჩერჩილმა ბილეთები დაუბრუნა და საპასუხო ბარათი მისწერა: "ახლა დრო არ მაქვს. გამომიგზავნეთ შემდეგი პრემიერის ბილეთები, თუკი კიდევ გეღირსათ პრემიერა".
ზვიად გურული
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)