პლანშეტური კომპიუტერი iPad სამომხმარებლო ელექტრონიკის სფეროში, ტელეფონის შემდეგ, ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვად პროდუქტად იქცა. აქამდე რეკორდი DVD-ფლეერს ეკუთვნოდა, რომელიც პირველსავე წელს 350 ათასი ცალი გაიყიდა.
Apple-მა 300 ათასი პლანშეტი პირველსავე დღეს გაყიდა, ბაზარზე გამოჩენიდან 80 დღის შემდეგ ამ რიცხვმა 3 მლნ-ს მიაღწია. კომპანია Bernstein Research-ის ბოლო მონაცემებით, კვარტალში საშუალოდ 4,5 მლნ iPad იყიდება.
ანალიტიკოსთა თქმით, ბაზარზე პლანშეტური კომპიუტერების პოპულარობა Apple-ის სწორმა მარკეტინგულმა მიდგომამ და უახლესი ტექნოლოგიების შერწყმამ განაპირობა. მათი თქმით, ბაზარზე გამოსულმა iPad-მა უარყოფითი გავლენა ფუქნციურად ისეთი განსხვავებული აპარატურის გაყიდვაზეც იქონია, როგორიც ტელევიზორი და ფოტოკამერაა. მიზეზი კი ის არის, რომ მომხმარებელი პლანშეტური კომპიუტერის შესაძენად 600 დოლარის გადახდის შემდეგ სხვა ელექტროსაქონლის შეძენას აღარ ჩქარობს.
ახლახან ჩატარებულმა კიდევ ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ iPad-ის მყიდველთა 13% მასზე არჩევანს ჩვეულებრივი პერსონალური კომპიუტერის სანაცვლოდ აკეთებს.
მომზადებულია cnbc.com-ის მიხედვით.