ავტორი:

"მოქალაქის გონების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რუსთავში, აქციის დაწყებამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ

"მოქალაქის გონების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა" - ჯანდაცვის სამინისტროს განცხადება რუსთავში, აქციის დაწყებამდე მამაკაცის გარდაცვალების შესახებ

6 ნოემბერს რუსთავში, აქციის დაწყებამდე, მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც უწყება იმ ბრალდებებს პასუხობს, რომლის მიხედვითაც, მოქალაქის ცუდად გახდომის შემდეგ, სასწრაფომ დაიგვიანა.

"გვსურს, საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ აღნიშნული სამწუხარო შემთხვევის შესახებ და ცალსახად განვმარტოთ, რომ რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის ადგილზე განთავსების შესახებ აქციის ორგანიზატორებს არ მოუმართავთ.

ასევე გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში რუსთავის ციხესთან მიმდინარე აქციაზე ერთ-ერთი მოქალაქის გონების დაკარგვასთან დაკავშირებით გამოძახება 18:22 საათზე შემოვიდა.

ქალაქ რუსთავის ფილიალის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი გამოძახების ადგილზე 18:35 საათზე იმყოფებოდა.

პაციენტს ადგილზე ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი რეანიმაციული ღონისძიებები, რის შემდეგაც, 18:45 საათზე, ჰოსპიტალიზირებულ იქნა სამედიცინო დაწესებულებაში.

ასევე, აქციის მიმდინარეობისას, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შემოსული შეტყობინებების საფუძველზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა 2 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია განახორციელა, ხოლო 7 მოქალაქეს ადგილზე გაუწია სამედიცინო დახმარება.

მიმდინარე აქციაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ეკიპაჟი იმყოფებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, მამაკაცი, რომელიც რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ოპოზიციის აქციის დაწყებამდე შეუძლოდ გახდა, გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.