რუსეთის ფედერაციაში შემავალი რამდენიმე სუბიექტის მოქალაქეებს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა ორ კვირაში უვიზოდ შეეძლებათ.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ჩეჩნეთის, ინგუშეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, ყაბარდო-ბალყარეთის, ყარაჩაი-ჩერქეზეთისა და ადიღეის რესპუბლიკის მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ გადმოკვეთონ საქართველოს საზღვარი. მათ ექნებათ შესაძლებლობა, 90 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ საქართველოში.
როგორც ნინო კალანდაძემ განმარტა, ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაა. კერძოდ, ლარსის სასაზღვრო პუნქტის გახსნის შემდეგ, აღნიშნული რესპუბლიკების მოქალაქეებს გარკვეული სიძნელეები შეექმნათ, რადგან მათ საქართველოს ვიზის მიღებისთვის მოსკოვში ჩასვლა უწევდათ.
"ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლავთ, რომ გვსურს, ტრადიციული ურთიერთობები აღვადგინოთ მეზობელ ხალხებთან. ასევე, დაინტერესებაა განათლების სფეროში, რადგან ამ ქვეყნის მოქალაქეებს სურთ, ქართულ უნივერსიტეტებში მიიღონ განათლება", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მისივე თქმით, გამარტივებული სავიზო რეჟიმი გავრცელდება ოფიციალურად გახსნილ ყველა სასაზღვრო პუნქტზე.