ავტორი:

"მე და მამას ბოლოს ძალიან თბილი საუბარი გვქონდა, ეგ მაძლებინებს დღემდე. დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს კობა დავითაშვილის ვაჟი

"მე და მამას ბოლოს ძალიან თბილი საუბარი გვქონდა, ეგ მაძლებინებს დღემდე. დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით" - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს კობა დავითაშვილის ვაჟი

თორნიკე დავითაშვილი უკვე ხუთი წელია გერმანიაში ცხოვრობს. Ambebi.ge-სთან იხსენებს მამასთან ბოლო შეხვედრას და ამბობს, რომ იმის გათვალისწინებით, რაც მისმა ოჯახმა გადაიტანა, დედა მისთვის გმირია.

- თორნიკე, პირველ რიგში თქვენზე მოგვიყევით, რას საქმიანობთ...

- დიდი მადლობა, რომ დროს მითმობთ. უკვე მეხუთე წელია, რაც DAAD-ს სტიპენდიით ვიმყოფები გერმანიაში, ქალაქ ჰაიდელბერგში და ვსწავლობ სამედიცინო ფაკულტეტზე. პარალელურად ვმუშაობ მეცნიერ-ასისტენტად რობოტიკისა და მინიმალური ინვაზიური ქირურგიის განყოფილებაში

- როგორია ცხოვრება გერმანიაში, პანდემიის პერიოდში არ გაგიჭირდათ მანდ ყოფნა?

- ძალიან, წინა წელს ზუსტად პანდემიის ერთ-ერთი მწვავე ტალღის დროს გარდამეცვალა მამა და ვერც პანაშვიდებს და ვერც დაკრძალვას ვერ დავესწარი. ძალიან მძიმედ იმოქმედა ამან ჩემზე. მიუხედავად ამისა, ჩემთვის ჩემი საქმე ყველაზე მნიშვნელოვანია და გვიწევს ცხოვრების გაგრძელება. რაც მთავარია, გერმანიაში ახლა მოსახლეობის 70% უკვე აცრილია, რის გამოც ძალიან ბევრი თავისუფლებით ვსარგებლობთ. დღესაც დილის 8-დან საღამოს 16 საათამდე უნივერსიტეტში ვიყავი.

ძმები დავითაშვილები

- ახლა სწორედ მამაზე უნდა მეკითხა. როგორი მამა იყო ბატონი კობა?

- 2007 წლამდე ძალიან თბილი და მზრუნველი მამა იყო, შვილები სულ კინოში და McDonald´s-ში დავყავდით, ჩვენთან ბევრ დროს ატარებდა დატვირთული პოლიტიკური ყოველდღიურობის მიუხედავად. 2007 წლის მერე მამა ფიზიკურად და ემოციურად ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. ამან მთელს ოჯახს ძალიან დიდი კვალი დაატყო.

- ეს იყო უმძიმესი წლები თქვენს ცხოვრებაში, რა გახსოვთ იმ მძიმე წლებიდან?

- არ მსურს პირადულზე დეტალურად საუბარი. ძალიან ბევრი სირთულე იყო, რისი გადმოცემაც სიტყვებით, უბრალოდ, რეალობას ვერ აღწერს.

- რამდენიმე თვის წინ დედასთან, ქალბატონ ინგასთან ჩავწერეთ ინტერვიუ. მიუხედავად უამრავი სირთულისა, ძალიან ძლიერი ქალია...

- ნამდვილად, დედაჩემმა რასაც გაუძლო და რაც იტვირთა, მეორე ადამიანი არ მეგულება მსგავსი რამ შეძლოს. 5 შვილი, ფაქტობრივად, მარტომ აღგვზარდა და ლოგინად ჩავარდნილ მამასაც საკუთარი შესაძლებლობებით უვლიდა. დედაჩემი ჩემთვის გმირია.

- თქვენს დედმამიშვილებზე რას გვეტყვით, ისინი თბილისში ცხოვრობენ, თქვენ უფროსი ხართ?

- მე მეორე ვარ. ჩემი ოთხი ძმიდან სამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტია. უფროსი მაგისტრატურაზეა გეოგრაფიის განხრით, შუათანა - ბიოტექნოლოგიას სწავლობს, მეოთხე კი - ტურიზმს. ძმებში ყველაზე პატარა ჯერ კიდევ სკოლაში დადის.

- წერილში, რომელიც ექსპრეზიდენტის მისამართით გაავრცელეთ, თავადაც ახსენეთ, რომ ის თქვენი ნათლიაა, მართლა არ გახსოვთ მასთან არცერთი შეხვედრა? - კიდევ ვინ არიან თქვენი ნათლიები?

- რა თქმა უნდა, მახსოვს მასთან შეხვედრები, მაგრამ ბუნდოვნად. დამერწმუნეთ, ოჯახის მატერორებელი ადამიანის დამახსოვრება არავის არ უნდა. სააკაშვილი ბოლოს, მახსოვს, ბეშუმში ვნახე, მაშინ სულ რაღაც 6 წლის ვიყავი. მეორე ნათლიით უფრო ვამაყობ, ნონა წოწორიაა, სტრასბურგის სასამართლოში მრავალი წელი იყო მოსამართლედ გამწესებული.

- ქალბატონ ნონასთან თუ გაქვთ ახლა ურთიერთობა?

- ძალიან ბევრი წელი ურთიერთობა არ გვქონია. დიდი ხანია პირადად არ მინახავს, მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად შორს არ ვიყავით, ვიდრე სტრასბურგს დატოვებდა. სამაგიეროდ, თბილისში დედას ესტუმრა და მიუსამძიმრა. ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს.

- თქვენს წერილთან ერთად გავრცელდა ედუარდ სააკაშვილის ვიდეო, ამ ორმა ფაქტმა ყველა პოლიტიკური მოვლენა გადაფარა. იცნობთ ედუარდს?

- ედუარდს პირადად არ ვიცნობ და დიახ, გავეცანი მის მიმართვას.

- ელოდით, რომ თქვენს წერილს ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა, ხომ არ ინანეთ მისი გამოქვეყნება?

- არა, პატარაობიდან არ მიყვარდა ჟურნალისტები, როცა მამას წერდნენ, მუდმივად ცუდი რამე ხდებოდა. უბრალოდ, გარშემო ყველა დანევროზებულია ამ ამბით და ხშირად გვავიწყდება, რომ ემოციებზე მაღლაც კი კანონი დგას. მამაჩემიც სწორედ კანონის უზენაესობისთვის იბრძოდა. ამიტომ არ მინანია გამოქვეყნება, დარწმუნებული ვარ, მამა იამაყებდა ჩემით და კარგ რჩევებსაც მომცემდა ასეთ სიტუაციაში.

- მამასთან ბოლო შეხვედრას როგორ გაიხსენებდით?

- ძალიან თბილად. მე და მამა სულ ვჩხუბობდით და ვკამათობდით, ჩვენი შეხედულებები ძალიან ბევრ რამეში ცდებოდა ერთმანეთს, მაგრამ რაც უფრო გართულდა მისი მდგომარეობა, უფრო დავახლოვდით. ბოლოს ძალიან თბილი საუბარი გვქონდა, ალბათ ეგ მაძლებინებს დღემდე ემოციურად.

- თქვენ ან თქვენს დედმამიშვილებს პოლიტიკაში წასვლაზე არასოდეს გიფიქრიათ?

- ჩემი ძმები კატეგორიულად გამორიცხავენ ამ შესაძლებლობას, რაც შემეხება მე, მომავალი 5-10 წელი ჯერ განათლების მიღებაზე ვარ ორიენტირებული და მერე თუ დავჭირდები ქვეყანას, საკუთარ თავს მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ვხედავ. სხვანაირი პოლიტიკისთვის უბრალოდ კვალიფიციური არ ვიქნები.

- მამა მთელი ცხოვრება პოლიტიკაში იყო, მაგრამ თქვენი ოჯახი ყოველთვის ჩვეულებრივ ცხოვრობდა, გიჭირდათ ეკონომიურად, ეს დაუჯერებელი არ იყო ხოლმე თუნდაც თქვენი მეგობრებისთვის?

- ჩემი მეგობრები ჩემს ოჯახსაც კარგად იცნობდნენ და ნამდვილად არ იყო დაუჯერებელი. ახლაც მახსოვს, ერთხელ დამრიგებელმა როგორ მომცა 50 თეთრი ფუნთუშისთვის, რადგან საჭმლის შესაძენი თანხა არ მქონია. მშობლები რაიმე თანხას თუ აგროვებდნენ, იმით ცდილობდნენ ჩვენთვის განათლება მოეცათ. როცა მეგობრებთან ერთად რესტორანში ფულის უქონლობის გამო ვერ მიდიხარ, მეგობრებიც ხედავენ ამას და იჯერებენ.

- რამდენი ხანი აპირებთ გერმანიაში დარჩენას და როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?

- სულ მცირე მომდევნო 10 წელი გერმანიაში ან დასავლეთში ვაპირებ ყოფნას. მინდა სამედიცინო განათლება და რეზიდენტურა ბოლომდე აქ გავიარო. ახლა ვარ ზუსტად გამორკვევის პროცესში, თუ რა მიმართულების ექიმი გავხდები. ჩემთვისაც საინტერესოა ჯერჯერობით ჩემი სამომავლო გეგმები.

- საქართველოს მომავალს როგორ ხედავთ და ზოგადად რამდენად მძიმეა უცხო ქვეყნიდან იმის ყურება, რომ ჩვენთან მუდმივად დაძაბული პოლიტიკური სიტუაციაა?

- ძალიან დამღლელია, მუდმივად ცალი ყური საქართველოსკენ მაქვს. ჩემი მთელი ოჯახი, ნათესაობა, მეგობრები და ადამიანები, რომლებსაც პატივს ვცემ, საქართველოში ცხოვრობენ და გული მტკივა, როცა ასეთ სიტუაციას შევყურებ. მომავალს რაც შეეხება, მუდმივად ოპტიმისტი ვიყავი და ახლაც ასე ვარ, ნელ-ნელა ყველაფერი კარგად იქნება!