ავთანდილ დემეტრაშვილი - ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში ახალი არაფერი იქნება

ავთანდილ დემეტრაშვილი - ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნაში ახალი არაფერი იქნება

საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტზე ევროსაბჭოს ვენეციის კომისიამ რიგით მეოთხე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში საუბარია, როგორც პროექტში არსებულ პოზიტივებზე, ისე პოლიტიკური კრიზისის შექმნის საფრთხეებზე.

ვენეციის კომისია საბოლოო შეფასებების პროექტში ასახვის რეკომენდაციას იძლევა, თუმცა მსგავსი რამ შესაძლოა, ვეღარ განხორციელდეს - ვენეციის კომისიის შეფასებები პროექტში პრინციპულ ცვლილებებს საჭიროებს, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი კი, პრინციპების დონეზეც დამტკიცებულია და მუხლობრივადაც. შესაბამისად, პროექტის საბოლოო დამტკიცებამდე მასში მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი.

რა რეკომენდაციებს იძლევა მორიგი დასკვნა და რატომ არ ხდება კონსტიტუციის პროექტის ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისობაში მოყვანა, ამ და სხვა საკითხებზე "ინტერპრესნიუსი" საკონსტიტუციო ცვლილებებს ერთ-ერთ ავტორს, უკვე ყოფილი სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელს, ავთანდილ დემეტრაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ავთანდილ, როგორ შეაფასებთ ვენეციის კომისიის დოკუმენტს, რა არსებით ცვლილებებს შეიცავს დასკვნა, რომელიც 8 ოქტომბერს გამოქვეყნდა?

- როგორც ყველა წინა დასკვნა, ვენეციის კომისია მიესალმება კონსტიტუციის რეფორმის ძირითად მიმართულებებს და აფასებს, როგორც წინ გადადგმულ ნაბიჯს. სიახლე ის არის, რომ კომისიამ დადებითად შეაფასა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიისა და პარლამენტის პოზიცია ორგანულ კანონთან და პრეზიდენტის პარტიულობასთან მიმართებაში, ასევე, შემცირებულ ვადასთან დაკავშირებით, რომელიც უნდობლობის კონსტრუქციულობებს ეხება.

ვენეციის კომისიამ ეს დასკვნა სპეციალურად მოამზადა, ვინაიდან პარლამენტში ვარაუდობენ, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქცია მიღებული იქნება 15 ოქტომბრამდე. კომისია მიესალმება ამ ცვლილებებს და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ საუბრობს იმ შენიშვნებზე, რომლებიც არსებობდა წინა პროექტში. ახალი არც ერთი შენიშვნა არ ყოფილა.

- თუმცა, კომისია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაელოდოს მის საბოლოო რეკომენდაციებს და პროექტის საბოლოოდ მიღებამდე "ზედმიწევნით გაითვალისწინოს" ისინი. შესაძლოა, პარლამენტმა ხვალ დაამტკიცოს კონსტიტუცია, ნიშნავს თუა არ ეს ვენეციის კომისიის იგნორირებას?

- მერწმუნეთ, იმ დასკვნაში, რომელსაც ოფიციალურად 15 ან 16 ოქტომბერს დაამტკიცებს ვენეციის კომისია, ახალი არაფერი იქნება. საბოლოო დასკვნის შინაარსი არაფრით იქნება განსხვავებული 8 ოქტომბრის დოკუმენტისგან. თუმცა, ეგ კითხვა მე არ უნდა დამისვათ, მე ხელისუფლება არ ვარ, მე ვარ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ყიფილი თავმჯდომარე და კომენტარს ვაკეთებ, როგორც უნივერსიტეტის პროფესორი.

- როგორც კონსტიტუციონალისტი?

- ჩემთვის, როგორც კონსტიტუციონალისტისთვის არავითარი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, წინასწარ, 8-ში იქნება ეს დასკვნა გამოქვეყნებული თუ 15-ში, ერთი კვირის შემდეგ, ვინაიდან, როგორც ვენეციის კომისის წევრმა 9 წლის განმავლობაში ვიცი, რომ 15-ში არავითარი ცვლილებები არ იქნება შეტანილი, 15-ში დაკანონებული იქნება ის დასკვნა, რომელიც 8-ში გამოქვეყნდა.

- ეს კი ნიშნავს, რომ უკვე დაკანონებულ დასკვნაში იქნება შენიშვნა, რომ არასაკმარისია უნდობლობის გამოცხადების შემცირების ვადები, რომ პრობლემები რჩება პრეზიდენტისა და მთავრობის საგარეო პოლიტიკურ ფუნქციებთან დაკავშირებით; აუცილებელია პარლამენტის როლის შემდგომი გაძლიერება და ა.შ. რატომ ვერ მოხერხდა ამ საკითხების უფრო დახვეწა და რეკომენდაციებთან შესაბამისობა?

- დარწმუნებული ვარ, შენიშვნები იქნება იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თქვენ დაასახელეთ. ეს არის ვენეციის კომისიის პრინციპული პოზიცია, რომელსაც არ შეცვლის. რატომ არ მოხდა ამ საკითხების გათვალისწინება? ამ კითხვით თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ პარლამენტის წევრებს, მე ვერ გეტყვით, ჩვენ კომისიაში ამაზე მსჯელობა გვქონდა; ჩემი პოზიცია მაშინაც დავაფიქსირე, რომ 81-ე მუხლის ვადები და პროცედურები სრულყოფას საჭიროებს;

მეორე მოსმენით პარლამენტმა მიიჩნია, რომ 20 დღის ვადით შემცირება საკმარისია, სხვა ცვლილებები არ შეიტანა; პარლამენტი სუვენერული ორგანოა, მას უფლება აქვს, თავისი დადგენილება მიიღოს.

- ოპოზიციაში უკვე გამოითქვა უკმაყოფილება, რომ ამ დასკვნაში არ არის გათვალისწინებული მათი შენიშვნები და წინადადებები. ისინი მიიჩნევენ, რომ ვენეციის კომისიის დელეგაციამ, საქართველოში ბოლო ვიზიტისას, ფორმალურად გამართა შეხვედრები ოპოზიციურ პარტიებთან და საზოგადოებრივ საკონსტიტუციო კომისიასთან. ამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- ვენეციის კომისია, მისი დამფუძნებელი აქტის მიხედვით, თანამშრომლობს მხოლოდ სახელმწიფო ორგანოებთან. მას, რა თქმა უნდა, უფლება აქვს, გაითვალისწინოს სხვა სუბიექტების მოსაზრებები და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა წინადადებები, რაც საპარლამენტო ოპოზიციამ და საზოგადოებრივმა საკონსტიტუციო კომისიამ დააფიქსირეს, მაგრამ მისი ვალდებულება არ არის, განიხილოს ეს წინადადებები.

- და ბოლოს, რას მოუტანს ახალი კონსტიტუცია ქვეყანას, რა გზას დაადგება სახელმწიფო და ყველაზე მთავარი, რა შეიცვლება ხალხისთვის.

- ეს ძალიან დიდი საკითხია – ახალი კონსტიტუცია შეცვლის მთლიანად პოლიტიკური სისტემის არსს. მომავალში, როცა ამოქმედდება სახელისუფლო ნაწილი, სისტემა ორიენტირებული იქნება მთლიანად ამომრჩეველზე; ანუ, თუ აღმასრულებელი ხელისუფლება დღემდე ყალიბდება პრეზიდენტის მიერ და არის მისი კონტროლის ქვეშ, მომავალში ყველაფერი დამოკიდებული იქნება პარტიების აქტივობაზე;

პარტიათა მიერ მოპოვებულ მანდატებზე, ანუ რიგით ამომრჩეველზე. ხალხის აზრი გახდება სახელმწიფო ხელისუფლების ფორმირებისა და ფუნქციონირების საფუძველი - ეს არის მთავარი. ყოველი ამომრჩევლის ხმას რეალური წონა ექნება და შესაბამისად, ხალხის ჩართულობა საჯარო მმართველობაში უფრო მაღალი იქნება.

ხათუნა კიღურაძე

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე