ავტორი:

"ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ" - რას ჰყვებოდა წლების წინ პატიმარი, რომლის წამების კადრები პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა

"ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ" - რას ჰყვებოდა წლების წინ პატიმარი, რომლის წამების კადრები პროკურატურამ დღეს გამოაქვეყნა

საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად "ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.

პროკურატურის ინფორმაციით, 2011 წლის მაისში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულებაში ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვის ფაქტზე დაკავებულ პირს, მეგის ქარდავამ და ალექსანდრე მუხაძემ არარსებულ ტერორისტულ აქტებში მონაწილეობის აღიარება მოსთხოვეს. ქარდავა და მუხაძე ფსიქოლოგიური ზეწოლის მეშვეობით დაკავებულს აიძულებდნენ ჩვენება მიეცა სხვა პირების შესახებაც, რომლებიც თითქოს მასთან ერთად მონაწილეობდნენ ტერაქტის დაგეგმვაში. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში დაკავებულს გაუპატიურებით დაემუქრნენ.

აღნიშნული ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად საგამოძებო ორგანომ ვიდეოკადრები გაავრცელა, რომელშიც ასახულია მუხაძეს, ქარდავასა და ბრალდებულს შორის საუბარი.

პროკურატურის მტკიცებით,საქმეში არსებული ჩვენებების თანახმად, აღნიშნულ პირს, ნარკოტიკული ნივთიერება, დაკავების საფუძვლის შესაქმნელად ჩაუდეს.

კადრები მართლაც უმძიმესია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წამების ეს საქმე აქამდეც იყო ცნობილი და მედიაც აქტიურად აშუქებდა. გალის რაიონის მკვიდრმა მ.ა. - მ ჯერ კიდევ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლამდე, 2011 წელს, მის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები ციხიდანვე გაასაჯაროვა. ვრცელ წერილში ის დეტალურად აღწერდა, თუ რა მეთოდებით აიძულებდნენ ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ არქანიას 2008-2010 წლებში მომხდარ ტერორისტულ აქტებზე პასუხისმგებლობის აღებას. ამ წერილს იმჟამად რეაგირება არ მოჰყოლია. ის სხვა პატიმრებთან ერთად, მხოლოდ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს.

ამ საქმეზე 2011 -2012 წლებში აქტიურად წერდა გაზეთი "კვირის პალიტრა“. გთავაზობთ იმჟამად გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მ.ა. -ს შოკისმომგვრელი ახსნა-განმარტებას, რომელშიც საკუთარი წამების ფაქტს აღწერდა და რომელიც დღეს გამოქვეყნებული ვიდეოკადრებით ფაქტობრივად, დადასტურდა:

"#8 საპყრობილეში შეყვანის მეორე დღეს მითხრეს, რომ უნდა დამეწერა აღიარებითი ჩვენება ზუგდიდში მომხდარ ტერორისტულ აქტებთან დაკავშირებით. მე განვუმარტე, რომ აღნიშნულ დანაშაულებთან არანაირი შეხება არ მქონია... მაშინ მეგის ქარდავამ გასცა ბრძანება, ჩაიყვანეთ ქვემოთ და მო....ით, მაგის დედა ვატირეო...

ორი ნიღბიანი მამაკაცი მეცა, რომ შარვალი ჩაეხადათ. წინააღმდეგობა გავუწიე. ერთი ეუბნება მეორეს, წესიერად დამიკავე ეს ნაბიჭვარი, უნდა მოვ...აო". უცბად გაიღო "კარმუშკა", საიდანაც იყურებოდა ორი პირი, ვინც მეგის ქარდავას ახლდა და ამასთან, მიღებდნენ სურათს. ამ დროს საკანში დამაგდეს იატაკზე, შარვალჩახდილი. მე ბეტონზე თავის დარტყმა დავიწყე. ამ დროს შემოვიდა ის ორი პირი, ერთ-ერთმა თავზე ფეხი დამადო, რომ არ ამეწია. ამ დროს უკვე ვიყავი შებოჭილი, მეორემ თავისი სასქესო ორგანო მომადო და გადამიღეს სურათი... მითხრეს, თუ არ მივცემდი აღიარებით ჩვენებას, მართლა გამაუპატიურებდნენ და სურათებს ინტერნეტში დადებდნენ...”

მისი ადვოკატის თქმით კი: "ამის შემდეგ მან დაწერა ე.წ. აღიარებითი ჩვენება, ანუ ის, რაც ტელევიზიით ჰქონდა მოსმენილი ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, რომელში მონაწილეობის აღიარებასაც თხოვდნენ. ეს ნაწერი მეგის ქარდავას აუტანეს, ქარდავას ეს ნაწერი არ მოეწონა და პატიმარი იქ ააყვანინეს და ქაღალდი, რომელზეც ჩვენება იყო დაწერილი, შეაჭამეს...“

პროკურატურის გავრცელებულ ვიდეოკადრებში ეს მომენტიც არის ასახული.

"კვირის პალიტრის“ არქივში იძებნებ აკიდევ ერთი სტატია, რომელის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდნენ მხოლოდ მ.ა.- ს აღიარებითი ჩვენებით და მის მოგვარეს, ლ.ა.-ს მის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა მოსთხოვეს.

"მოითხოვდნენ, ხელი დამედო ჩემი მოგვარესთვის, მ.ა. - სთვის და კიდევ 3 პირისთვის. მათ მე საერთოდ არ ვიცნობდი. სანაცვლოდ 2-წლიან პატიმრობას მაკმარებდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში 20-წლიან "სროკზე" გამიშვებდნენ. პოლიციელებს წალენჯიხის პოლიციის განყოფილების იმჟამინდელმა უფროსმა გოჩა გოგოხიამ დაუბარა, ჩემს მოსვლამდე ისე დაამუშავეთ, ყველაფერი აღიაროსო. მერე პოლიციელმა ილუშა აქუბარდიამ დამიდო ჩვენება და ხელის მოწერას მაიძულებდა. არ ვთანხმდებოდი, ამ დროს კოხტა კოდუამ ვიღაცას პრეზერვატივწამოცმული "დუბინკა" მოატანინა... ამის შემდეგ ხელისმოწერაზე დავთანხმდი, "ვაღიარებდი" ნარკოტიკისა და უკანონო იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას. კოდუა ოჯახის წევრების ლიკვიდაციით და ასაკოვანი დედის გაუპატიურებითაც ", - ყვებოდა ლ.ა.

იხილეთ პროკურატურის გავრცელებული ვიდეო