პატიმარს არასასურველი "ჩვენების შეჭმა" აიძულეს

პატიმარს არასასურველი "ჩვენების შეჭმა" აიძულეს

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი გლდანის #8 საპყრობილის ადმინისტრაციას პატიმარ მალხაზ არქანიაზე ზემოქმედებაში ადანაშაულებს.

პატიმარმა სახალხო დამცველს მისწერა, რომ ამ დაწესებულების თანამშრომლები არაადამიანურად ექცევიან - გაუპატიურებითაც კი დაემუქრნენ და აიძულეს, სახალხო დამცველისათვის მოეთხოვა, საქმე შეეწყვიტა. ადვოკატების, ლექსო არქანიასა და ზაზა ხატიაშვილის თქმით, პატიმრის სიცოცხლე საფრთხეშია. ისინი საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ პატიმრის სასწრაფოდ გადაყვანას სხვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

ზაზა ხატიაშვილი: - გლდანის მე-8 საპყრობილეში არაადამიანურად აწამეს პატიმარი მალხაზ არქანია. მან ეს ყველაფერი აღწერა ჩვენებაში, მაგრამ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა აიძულეს, ეს ჩვენება შეეჭამა. სახალხო დამცველმა ახსნა-განმარტება დააწერინა მალხაზ არქანიას, მაგრამ როდესაც სახალხო დამცველის წარმომადგენლები ისევ შევიდნენ არქანიასთან, განაცხადა, რომ საქმის შეწყვეტა სურდა. ადვოკატის კითხვაზე, რა იყო მიზეზი, უპასუხა, რომ სასტიკად ცემეს, გაუპატიურებით დაემუქრნენ და ძალით მოაწერინეს ხელი ჩვენებაზე, თითქოს ახსნა-განმარტება ძალდატანებით დააწერინეს.

- მალხაზ არქანიას ადვოკატს, ლექსო არქანიას რას ერჩიან?

- როდესაც პატიმარს აიძულებ დაწეროს, ადვოკატის ზეწოლით დავწერე ასეთი ჩვენებაო, გამოდის, რომ ამით ბრალს სდებ მას. როგორც ჩანს, ეს პროკურატურას სჭირდება ადვოკატის წინააღმდეგ. ადამიანს აწამებენ და დამნაშავენი რომ არ დასაჯონ, საქმეს ისე წარმოაჩენენ, თითქოს ადვოკატმა აიძულა, სიცრუე დაეწერა.

- სახალხო დამცველმა თავის ანგარიშში ილაპარაკა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებულ დარღვევებსა და პატიმართა გაუსაძლის მდგომარეობაზე. მოიყვანა პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. გაითვალისწინებენ კი ყველაფერ ამას?

- საქართველოში არსებული სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის პირობებში ეს გამორიცხულია. ხათუნა კალმახელიძე ციხეების უფროსებიანად საბრალდებო სკამზე უნდა იჯდეს, მაგრამ ისევ  მინისტრია. სახალხო დამცველის მიერ ასეთი დარღვევების გახმაურება, მისასალმებელია, მაგრამ ამაზე ადვოკატთა კორპუსი დიდი ხანია ვლაპარაკობთ. ვიდრე ეს ფაშისტური რეჟიმი იარსებებს თავისი სადამსჯელო აპარატით, გამორიცხულია, რამეს მივაღწიოთ.

- მალხაზ არქანიას დას, ნინოს დაურეკა გამომძიებელმა და ჩემზე უთხრა, რომ მე ვარ ინტრიგანი ადვოკატი და იძულებით დავაწერინე პატიმარს ახსნა-განმარტება, რომელიც მან მისცა სახალხო დამცველის აპარატს. თან დაიმუქრა, საკადრის პასუხს მოვთხოვთო.

- ის ჩვენება, რომელიც მალხაზმა მისცა სახალხო დამცველის აპარატს, თვალით არ მინახავს. ამ პატიმარმა გაბედა და საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რაც ხდება პენიტენციურ სისტემაში, კონკრეტულად, სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში. ეს კი გმირობის ტოლფასია. მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რაც მოელოდა, სათქმელი თქვა, თუმცა ბოლომდე ვერ გაუძლო ზეწოლას და ძალდატანებით დააწერინეს, რომ ახსნა-განმარტებაზე საქმის წარმოება შეწყვეტილიყო.

- ინფორმაციის გამჟღავნების შემდეგ რა ხდება პატიმრის თავს და რა საშუალებებით შეიძლება მისი დაცვა?

- მოვუწოდე ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, შევხვდი საერთაშორისო ობსერვატორიის წარმომადგენლობას, უცხოელებს, ვემზადებით მივმართოთ გაეროს, ევროკავშირს და წითელი ჯვრის ორგანიზაციას. პროკურატურაში შევიტანე განცხადება და ვითხოვ საქმეზე წარმოების დაწყებას. მალხაზ არქანიას სიცოცხლე საფრთხეშია, ამიტომ ვითხოვ მის გადაყვანას სხვა დაწესებულებაში. ამის შემდეგ უნდა გატარდეს ყველა ღონისძიება, რათა დადგინდეს ჭეშმარიტება.

ნანა ფიცხელაური

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ