ავტორი:

რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მისი ვაჟის მოსაზრებაზე, რომ შეიძლება, ოპოზიციაში ვიღაცებს სააკაშვილი "ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი"?

რა განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მისი ვაჟის მოსაზრებაზე, რომ შეიძლება, ოპოზიციაში ვიღაცებს სააკაშვილი "ურჩევნიათ  მკვდარი, ვიდრე ცოცხალი"?

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ, მასთან გორის სამხედრო ჰოსპიტალში შეხვედრის შემდეგ, საზოგადოებას გააცნო მიხეილ სააკაშვილი განმარტება შვილის, ედუარდ სააკაშვილის მოსაზრების შესახებ.

შეგახსენებთ, ედუარდ სააკაშვილმა "რადიო თავისუფლებასთან" განაცხადა: "ძალიან მაშფოთებს და მართლა შემზარავი არის, როცა მესმის ოპოზიციის მხრიდანაც ამაზე ლაპარაკი, რომ "აი, თქვენ არ იცით რა მოხდება“. ფაქტობრივად, უკვე, ნებით თუ უნებლიეთ, ვიღაცებს მოთხოვნილება უჩნდებათ, რომ რა მაგარი იქნება ეს [მიხეილ სააკაშვილი] მართლა რომ მოკვდეს. რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებთ და ამათ დედას ვუტირებთ... მე აქ არაფერ კონსპირაციულს არ ვიძახი. ტელევიზიიდანაც ასე ჩანს, რომ ვიღაცებში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ შეიძლება, მართლა ურჩევნიათ მკვდარი, ვიდრე ცოცხალი“.

ყოფილ პრეზიდენტს ერთ-ერთ საკითხზე შვილისგან განსხვავებული პოზიცია აქვს.

"მიხეილ სააკაშვილმა მთხოვა, მეთქვა: რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბარი იყო მისი ვაჟის მხრიდან, რომ ვიღაცებს სურთ მიხეილ სააკაშვილის სიკვდილი და ეს ურჩევნიათ, შეიძლება. თვითონ მიშამ მთხოვა, განმარტება მიმეცა, რომ მისი ვაჟი არის სრულწლოვანი ადამიანი, მას თავისი აღქმები აქვს, თავისი პოზიციები აქვს და იგი აფიქსირებს მამასთან შეთანხმების გარეშე, ცხადია, ამ ყველაფერს. თვითონ მას არ მიიჩნევს და ვერ ხედავს ადამიანებს, რომლებიც მისი სიკვდილის ფასად, რაიმე სიკეთის მიღწევას უშვებდეს და აქ ჩამოიყვანეს იმიტომ, რომ მომკვდარიყო და რაღაც ზიანი მიეყენებინათ ხელისუფლებისთვის. ეს მისი პოზიცია არ არის, თუმცა ცხადია, შვილს ის არ ემიჯნება. პირიქით ამბობს: „მიხარია, რომ ინტერვიუ მისცა, მიხარია, რომ საკუთარი აზრები გადმოსცა. ეს ის ნაწილია, რასაც მე ასე არ ვხედავ“. ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური პოზიციაა. ერთსაც ჰქონდა ამის გამოთქმის უფლება და მეორესაც კომენტარის გაკეთების უფლება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.