საქართველოსა და ისრაელს შორის მომავალი წლიდან სავიზო რეჟიმის გაუქმება იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვერა ქობალიამ ისრაელის ტურიზმის მინისტრ სტას მისეჟნიკოვთან დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
ქობალიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან ისრაელში და ისრაელიდან საქართველოში მიმოსვლა შესაძლებელი იყოს ვიზების გამოყენების გარეშე.
"ამაზე მიმდინარეობს მუშაობა და, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან სავიზო რეჟიმი ქვეყნებს შორის გაუქმდება", - აღნიშნა ქობალიამ.
შეხვედრაზე მხარეებმა ტურისტულ სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვერა ქობალიას განცხადებით, ისრაელიდან ჩამოსული ტურისტების რაოდენობა მიმდინარე წელს 20%-ით გაიზარდა.
"შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ ისრაელიდან", - აღნიშნა ქობალიამ.
მისივე თქმით, ისრაელის ტურიზმის მინისტრმა უკვე დაათვალიერა სიღნაღი და ყვარელი.
ქობალიას განცხადებით, ებრაელი ტურისტებისთვის განსაკუთრებით საინტერესოა ზამთრის სეზონი და ზამთრის კურორტები.
"მივაწოდეთ ინფორმაცია მესტიასთან დაკავშირებით და ველოდებით, რომ ზამთარში უფრო მეტი ებრაელი ტურისტი ჩამოვა", - აღნიშნა ქობალიამ.
ისრაელის დელეგაცია ტურიზმის მინისტრის სტას მისეჟნიკოვის ხელმძღვანელობით საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. ვიზიტი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება.