"რომ დაივარცხნოს ადამიანმა, პრეზიდენტმა, რომელიც შეხვედრაზე მიდის, ეს რა არამიზნობრივია?" - გიული ალასანია

"რომ დაივარცხნოს ადამიანმა, პრეზიდენტმა, რომელიც შეხვედრაზე მიდის, ეს რა არამიზნობრივია?" - გიული ალასანია

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე იმართება.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2014 წლის 13 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მას დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, კერძოდ, 8.837.461 ლარის გაფლანგვას ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, თეიმურაზ ჯანაშიას მეშვეობით, "სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, მიხეილ სააკაშვილის მიერ პირადი მიზნებისთვის ბიუჯეტის თანხის ხარჯვა შეინიღბა, როგორც ფარული ხარჯი.

ამ საკითხზე "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბრისას ექსპრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა: "პრეზიდენტმა რომ დაივარცხნოს, არამიზნობრივია? ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა, ფეხით უნდა იაროს, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ეს ყველაფერი..."

ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ აღძრული საქმეები სასაცილოა.

"ძალიან სასაცილო საქმეა ჩემი აზრით და ვნახოთ, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, ჰქონდეს რაღაც ფონდი, რომელსაც ახმარს ამ საქმიანობად, ფაქტიურად რაზეა ლაპარაკი, კაჩინსკის ყვავილები, ვაცლავ ჰაველისთვის მიტანილი ყვავილები, ასეთ რაღაცებზე არის საქმე აღძრული და რა უნდა ილაპარაკო ამაზე. ყველა საქმე არის არის შეთითხნილი. ჩემი აზრი ეს არის და დანარჩენი ვნახოთ, რა იქნება.... რომელი იყო იქ არამიზნობრივი, გეკითხებით. უკაცრავად და რომ დაივარცხნოს ადამიანმა, პრეზიდენტმა, რომელიც შეხვედრაზე მიდის, ეს რა არამიზნობრივია? თუ ასე უნდა იყოს. ავტომანქანებიც უნდა დაიქირაოს, როცა საჭიროა, აბა როგორ, ფეხით უნდა იაროს, თუ როგორ არის, თუ თავისი ხელფასით უნდა იხადოს ეს ყველაფერი. სამართლიანობა ოდნავ თუ არსებობს, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ადამიანი უნდა იყოს გარეთ. მე ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ ვნახოთ, ყველაფერი ყირაზეა“, - განაცხადა ალასანიამ. წყარო

ე.წ. პიჯაკების საქმესი არის ეპიზოდი, რომელშიც ლაპარაკია ირანელი სტილისტის ჩამოყავანაზე.

როგორც მასალებით ირკვევა, სააკაშვილს სტილისტი ირანიდან ჩამოჰყავდა. 1979 წლის 27 ივლისს დაბადებული ალი კამალი ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეა. გამოძიების მტკიცებით, ალი კამალი სააკაშვილის პირადი სტილისტი იყო და წელიწადში რამდენჯერმე ჩამოდიოდა საქართველოში. ის, ძირითადად, რჩებოდა სასტუმრო "კოპალაში". დოკუმენტებით ირკვევა, რომ ყოველ ჩამოსვლაზე ის რამდენიმე დღე რჩებოდა საქართველოში. მის სასარგებლოდ გაწეული ხარჯი - სასტუმრო, ბილეთები და სხვა მომსახურება - 125.070 ლარია. წაიკითხეთ სრულად