ავტორი:

"ჩემი კრავე აღარ არის, შუბლზე ვინღა მაკოცებს, ან ვინ მეტყვის ცოდო ხარო" - რას წერენ სოციალურ ქსელში სანზონაში მოკლული 15 წლის ბიჭის შესახებ

"ჩემი კრავე აღარ არის, შუბლზე ვინღა მაკოცებს, ან ვინ მეტყვის ცოდო ხარო" - რას წერენ სოციალურ ქსელში სანზონაში მოკლული 15 წლის ბიჭის შესახებ

თბილისში, სანზონაში, გუშინ 15 წლის მოზარდი, დავით კრავეიშვილი მოკლეს. არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტი პოლიციამ ცხელ კვალზე გახსნა. დაკავებულია ორი პირი.

გარდაცვლილს სოციალურ ქსელში მეგობრები და ახლობლები იხსენებენ.

  • "ჩემი კრავე… ჩემი კრავე აღარ არის, გუშინ ჩემთან ერთად იყო და დღეს აღარ არის, შუბლზე ვინღა მაკოცებს, ან ვინ მეტყვის ცოდო ხარო და სკოლის მერე ჩემს მძიმე ჩანთას ვინღა ატარებს ყველაფერზე მეტად მიყვარხარ კრავი."

  • "ღმერთმა ნათელში მიმყოფოს შენი თავი ჩემო პატარა ძამიკოვ, ჩემი კრავე იქნები სულ ყოველთვის, არ მჯერა ამას რო ვწერ მაპატიე კრავე რო გემშვიდობებით. მაპატიე, რომ ვერ გადაგარჩინეთ კრავე, გვიყვარხარ და ყოველთვის გვეყვარები ანგელოზო", - წერენ სოციალურ ქსელში გარდაცვლილის მეგობრები.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, უწყების თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ლ.ი. წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 2004 წელს დაბადებული პ.ვ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლონის ფაქტზე, თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ლ.ი.-მ, მიმდინარე წლის 4 დეკემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებულ დ.კ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ ლ.ი.-სთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა მეორე ბრალდებული პ.ვ. რომელიც შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს და არ შეატყობინა სამართალდამცავ უწყებებს. მიყენებული დაზიანების შედეგად დ.კ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით და 376- ე მუხლის მე- 3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.