ავტორი:

"ვუყურებ ამ ფოტოს და ვხვდები, რა შეგვიძლია ადამიანებს... გამოვედი ყველა ბნელი გვირაბიდან" - მძიმე სენზე გამარჯვებული გოგონას ემოციური პოსტი

"ვუყურებ ამ ფოტოს და ვხვდები, რა შეგვიძლია ადამიანებს... გამოვედი ყველა ბნელი გვირაბიდან" - მძიმე სენზე გამარჯვებული გოგონას ემოციური პოსტი

მარიამ სირბილაძე AMBEBI.GE-ს მკითხველს 2019 წელს გავაცანით. მან 16 წელი იტალიაში იცხოვრა, ისწავლა, დაოჯახდა და შვილები გააჩინა. შემდეგ, მოულოდნელად მის ცხოვრებაში უკურნებელი სენი გაჩნდა, მკერდის სიმსივნე დაუდგინდა. თუმცა იტალიაში მკურნალობის შედეგად დაავადებაზე გამარჯვება შეძლო.

წლების შემდეგ, მძიმე სენზე გამარჯვებული გოგონა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც ფოტოსურათებსაც ურთავს:

"2018 წლის დეკემბერი და 2021წლის დეკემბერი. ზოგჯერ მეუბნებიან, ნუღარ გაიხსენებ იმ პერიოდსო, ფოტოებიც წაშალე და დაივიწყეო. არა! არა და არა! რომ არა ეს ფოტოები, საერთოდ არ გამახსენდებოდა საიდან მოვდივარ, რა გამოვიარე და სად მინდა წავიდე. ბოლო პაკლიტაქსელის გადასხმიდან დავბრუნდი ამ დღეს სახლში და ეს ფოტო გადავიღე. მინდოდა გამხსენებოდა როგორ დასრულდა.

მას შემდეგ ყოველდღე ვხსნი და ვუყურებ ამ ფოტოს და ვხვდები, რა შეგვიძლია ადამიანებს. სულ, სულ ყველა ჩვენგანს. ჩემთვის ყოველი დღე იყო ღამე და არასდროს არ თენდებოდა. მეოთხე წელი დაიწყო და ყოველი ღამე დილაა ჩემთვის. ყველაზე ბანალური ამბავიც კი დღესასწაულია. კიდევ მილიონჯერ ავტვირთავ ამ ფოტოს.

ჩემთვის და თქვენთვის, ყველასთვის ვისაც ეს სჭირდება. იმიტომ რომ ყველაზე ბნელი ღამეების დროსაც ანთია სადღაც შუქი და ეს შუქი არის სიცოცხლე. ჩვენ ყოველ დღე გვიწევს ამ სიბნელეში ამ შუქისკენ გზის გაკვლევა და როცა გგონიათ, რომ ვერასდროს შეძლებთ, უბრალოდ გამიხსენეთ.

გაიხსენეთ, როგორ დაღამდა ჩემი ცხოვრების სწორედ იმ პერიოდში, როცა ყველაზე ლამაზი წლები მეგონა მქონდა. კიდევ მრავალი სხვა პრობლემა არსებობს და არაფრითაა სხვა პრობლემები კიბოზე უფრო საშიში. ვიცი, რადგან სხვა სიბნელეებიც გავიარე, შფოთვითი და კვებითი აშლილობიდან დაწყებული.

როგორ გამოვედი ყველა ბნელი გვირაბიდან ღმერთის, თქვენი, ჩემი ოჯახის, მეგობრების და ლეოს დახმარებით. მოგიყვებით, ცოტა უფრო მერე. მიყვარხართ" - წერს სირბილაძე.