ავტორი:

"ინფორმაციულ ტერორად და ძალადობადაც კი შეიძლება განვიხილოთ ის, რაც რიგ ტელევიზიებში ხდება" - როგორ შეიძლება მოიძებნოს გახლეჩილ საზოგადოებაში ერთმანეთისკენ სავალი გზა?

"ინფორმაციულ ტერორად  და ძალადობადაც კი შეიძლება განვიხილოთ ის, რაც რიგ ტელევიზიებში ხდება" - როგორ შეიძლება მოიძებნოს გახლეჩილ საზოგადოებაში ერთმანეთისკენ სავალი გზა?

პოლარიზებული, გახლეჩილი გარემო, თავისთავად, განსხვავებულ პოზიციათა მწვავე კონფლიქტს მოიაზრებს, რა დროსაც ადგილი აქვს მოწინააღმდეგეთა შორის სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, აგრესიას, სიძულვილის ენას, მწვავე დაპირისპირებას, რის შედეგადაც დეორგანიზებულ, აგრესიის ხაფანგში გაბმულ საზოგადოებას ვიღებთ. სხვა უამრავ ნეგატიურ შედეგებთან ერთად, პოლიტიკური პოლარიზაცია ქმნის არამდგრად პოლიტიკურ სისტემებსა და ინსტიტუტებს, რომელიც საერთო ჯამში მნიშვნელოვან ზიანს აყენებს მთლიანად ქვეყნის განვითარების პროცესს და ადამიანის წინსვლის ბარიერსაც წარმოადგენს.

"პოლარიზაცია, თავისთავად, აჩენს აგრესიას, სიძულვილს... სოციალურ ფსიქოლოგიაში არაერთი ექსპერიმენტი ჩატარებულა, რის შედეგადაც გამოკვეთილა, რომ ასეთი დაპირისპირება - " ჩვენიანები“ და "არა ჩვენიანები/უცხოები“ ძალიან დიდ სიძულვილს წარმოშობს. ამასთანავე, ახლავს რისკები, როდესაც ადამიანები საერთო ენას ვეღარ პოულობენ და ვერ ამჩნევენ უკვე იმას, რაც შეიძლება აერთიანებდეთ, რა პოზიტიური მომენტები შეიძლება გააჩნდეს თითოეულ მხარეს ან რა სასიკეთო ცვლილება შეიძლება ხდებოდეს ირგვლივ. შესაბამისად, ჩნდება დროში და სივრცეში დაკარგვის საფრთხე. ადამიანები ვეღარ ამჩნევენ საყრდენებს, არიან სადღაც მოჯადოებულ წრეში გაჭედილები და წინ ვეღარ მოძრაობენ. ჩვენ ეგზისტენციალურ კრიზისში ვიმყოფებით, კრიზისში განვითარება კი ძალზე რთულია და ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა - ვიტყოდი, ჩვენ გვჭირდება ურთიერთმხარდაჭერა. და თუ ერთმანეთს ვჭირდებით, რაღაცნაირად ხომ უნდა მოიძებნოს ერთმანეთთან შეხვედრის ადგილი?“ - გვეუბნება გეშტალტ-თერაპევტი დალი ლაშხიძე, რომელიც ორ პარალელურ რეალობაში მცხოვრები ადამიანების ფსიქიკას აღწერს და ინტერვიუში იმ რისკებზე ლაპარაკობს, რაც საზოგადოების პოლარიზაციას ახლავს თან.

- როდესაც პოლარიზებულია საზოგადოება, ადამიანებს შორის კონტაქტი გართულებულია. ის თავისთავად გულისხმობს ორ ბანაკად გაყოფას - "ჩვენიანები“ და "უცხოები“ და, შესაბამისად, მეტი მტრობა და დაპირისპირება არსებობს. ასეთ გარემოში მცხოვრებ ადამიანს, რა თქმა უნდა, უსაფრთხოების განცდა აქვს დაკარგული. როცა საზოგადოება არის პოლარიზებული, მნიშვნელოვანია, გავაცნობიეროთ, რის შესახებ არის ეს დაპირისპირება, რა არის ამის ფონი? ასევე მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერებაც, თუ რა ველში ვცხოვრობთ, როგორი რყევები და ცვლილებებია სამყაროში, როგორი ეკოლოგიური, ბიოლოგიური, ეკონომიკური, სოციალური, თუ სულიერი ძვრები ხდება. თანამედროვე ადამიანისთვის რთულია ამ ყოველდღიურ სტრესულ გარემოში ორიენტირება და ცხოვრების გაგრძელება. ასეთი სერიოზული რყევებისა და ცვლილებების ფონზე, უფრო და უფრო რთულდება ახალი საყრდენების, ნიადაგის მოძებნა, რაზეც მყარად შეიძლება დგომა. ეს მხარდაჭერები მოშლილია არა მარტო გარემოში, არამედ საკუთარი თავის შიგნითაც. სიცოცხლის საზრისი რაშიც მდგომარეობდა, რაზეც იდგა ადამიანის ღირებულებები, მოიშალა და შესაბამისად, ეგზისტენციალურ კრიზისში ვიმყოფებით. კრიზისში განვითარება კი ძალზე რთულია და ადამიანს სჭირდება მხარდაჭერა - ვიტყოდი, ურთიერთ მხარდაჭერა. და თუკი ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით, რაღაცნაირად ხომ უნდა მოიძებნოს ერთმანეთთან შეხვედრის ადგილი? პირველ რიგში, ნებისმიერმა ადამიანმა უნდა გააცნობიეროს რა მოთხოვნილებები აქვს, რა უნდა და სად უნდა განახორციელოს მისი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის ცვლილება - გარეთ, თუ თავის შიგნით. უნდა გავაცნობიეროთ, რა გვინდა და საით ვმოძრაობთ ამ ვექტორდაკარგულ გარემოში.

- ასეთ გარემოში შესაძლებელია კი, გამოიკვეთოს ვექტორი იმისა, საით მინდა მოძრაობა? როგორ ვიპოვოთ და შევცვალოთ საკუთარი თავი ასეთ რეალობაში?

- ეს ძალიან ძნელია. მეტაფორას თუ შემოვიტანთ - მუდმივი მიწისძვრის პირობებში, სახლი სად ააშენო, სად ჩაყარო საფუძველი, ამას ვერ მივხვდები. ჩვენ გვჭირდება გავაცნობიეროთ რა არის ჩვენი ღირებულებები და ფასეულობები, საზრისები, ცხოვრებისეული სტრატეგიები, სად არის და რაში მდგომარეობს ჩვენი პასუხისმგებლობები. რატომ არსებობს ქუჩაში მოძრაობის წესები? იმიტომ, რომ ვიზრუნოთ როგორც საკუთარ უსაფრთხოებაზე, ისე სხვების უსაფრთხოებაზეც. მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ მაგალითად, "წითელი“ წითელია და შეჩერებას ითხოვს ჩვენგან; "მწვანე“ კი მწვანეა და ნიშნავს მოძრაობის ნებართვას და ა.შ. ამაზე თუ ვერ შევთანხმდებით, მაშინ იქმნება ქაოსი და ასე ვთქვათ, დავკარგავთ უსაფრთხოების განცდას. დღეს არის ჩვეულებრივი ფსიქოზური მდგომარეობა და ამ პირობებში როგორ შეიძლება მოხდეს განვითარება? სტაბილური, განვითარებადი გარემოს გარეშე დროში გაიწელება და გაძნელდება პროფესიულად განვითარებული ახალი თაობებით ჩანაცვლება ნებისმიერი მიმართულებით. შეიძლება ითქვას, რომ დაპირისპირებული მოსაზრებები ერთი მხრივ, საჭიროც კია. ეს გვეხმარება დავინახოთ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული ფენომენები. მაგრამ, პრობლემა ჩნდება მაშინ, როდესაც ვიჭედებით დაპირისპირებაში და აღარ ხდება მოძრაობა ერთმანეთისკენ. ამას ხელს უშლის ასევე კატეგორიული, ფრაგმენტირებული და კონტექსტიდან ამოვარდნილი აღქმები და მასზე დაფუძნებული ასეთივე ფრაგმენტირებული, კატეგორიული და კონტექსტიდან ამოვარდნილი აზროვნების სტილი და ემოციური განწყობები. აქ არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არებობდეს დაპირისპირებული სოციუმის შეხვედრის ადგილი...

- დიდწილად მედიის ხელშწყობით ორ პარალელურ რეალობაში მცხოვრები ადამიანების ფსიქიკა როგორია, რა გავლენას ახდენს ეს ყველაფერი მასზე?

- მედია დიდ როლს თამაშობს პოლარიზაციაში, გახლეჩვაში. იმის მიხედვით, თუ ვის რა გემოვნება აქვს, ვინ რას, როგორ აღიქვამს და როგორ ესმის, დამოკიდებულია იმაზე, ვის რა შინაგანი ფილტრი აქვს დაყენებული ან საერთოდაც არ აქვს ფილტრი და ინფორმაციული თვალსაზრისით ყველაფერს "ყლაპავს“. აქედან გამომდინარე, ტყუილ-მართალის დადგენა ძალზე რთულია. შესაბამისად, ამ ყველაფერს საზოგადოება ფსიქოზურ მდგომარეობამდე მიჰყავს.

- დაპირისპირებული სოციუმის შეხვედრის ადგილი ახსენეთ, სადაც ყველას აზრს მოუსმენენ, არ ჩაქოლავენ ერთმანეთს, დაზავდებიან. გამოსავალი რაშია, ასეთ დროს რა როლს თამაშობს დაბალანსებული მედია. მაგალითად, სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა ინტერვიუში ბრძანა: "დაბალანსებული მედიები უნდა არსებობდნენ და ასეთი ტელემედიისთვის ნიშა უნდა იყოს "საზოგადოებრივი მაუწყებელი". ჩვენს რეალობაში "პალიტრანიუსმა“, როგორც ტელევიზიამ, ჩემი აზრით, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ფუნქცია იტვირთა".

- ვფიქრობ და მიხარია, რომ მასმედიაში არსებობს ისეთი კუნძულები, სადაც შესაძლებელია ობიექტური ინფორმაციის მიღება. ამღვრეულ წყალში არაფერი ჩანს. ომის დროს მხოლოდ ტყვიები ზუზუნებენ და მხოლოდ ზავის დადების შემდეგ შეიძლება გაირკვეს, რა შეიძლება იყოს შეთანხმების ადგილი. ამ დაპირისპირების უკან ხომ თითოეული ჩვენთაგანის სამშობლო დგას. პოლიტიკურ პოლარიზაციასთან გასამკლავებლად კი მნიშვნელოვანია: კანონის უზენაესობის, ღია და გამჭვირვალე მმართველობითი პროცესების, პოლიტიკური ეთიკისა და კულტურის მაღალი სტანდარტების დამკვიდრება. ამ პროცესში კი მასმედიას უდიდესი ფუნქცია აკისრია. თანამედროვე სამყაროში, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაბალანსებული მედია, რომელმაც ადამიანს უნდა დაუტოვოს გაანალიზების საშუალება და თავს არ მოახვიოს საკუთარი აზრი და ინტერპრეტაცია, განსაკუთრებით, როდესაც საინფორმაციო საშუალებებზე ვლაპარაკობთ, ის უნდა იყოს ობიექტურ რეალობასა და ფაქტებზე აგებული. ინფორმაციულ ტერორად და ძალადობადაც კი შეიძლება განვიხილოთ ის, რაც რიგ ტელევიზიებში ხდება - როდესაც ადგილი აქვს მათთვის სასურველი აზრების თავს მოხვევას. შედეგად, ასეთი გახლეჩვით და პოლარიზებით ადამიანები ტრამვას იღებენ და სად მიდის მერე ეს ტრამვირებული ფსიქიკა? ვინ მოუვლის ამას?

- როგორ გაუმკლავდეს ადამიანი და როგორ ვიპოვოთ საკუთარი თავი ამ ქაოსსა და რყევებში?

- გამოსავალი დაბალანსებულ ცვლილებაშია, როგორც საკუთარ თავში, ისე გარემოში, საკუთარი მოთხოვნილებების დანახვაში და მათი მიღწევის ეკოლოგიური გზების მოძებნაში. ადამიანი კრეატიული ხდება შრომაში, შემოქმედებაში. დავძლიოთ უსასრულო ინფანტილიზმი და ვისწავლოთ საკუთარ ქმედებაზე პასუხისმგებლობის აღება. პოლარიზაციამ შვა აგრესია, რომელიც კიდევ უფრო გაამძაფრა კორონავირუსმა - გაჩნდა ბევრი არარეალიზებული ენერგია. ამიტომ, სასურველია ამ აგრესიის სუბლიმირება შრომაში, სწავლასა და შემოქმედებაში, მშვიდობის უზრუნველყოფაზე ზრუნვაში. დღეს, ამ გლობალიზაციის პროცესში, ყველაზე მეტად უსაფრთხოების შეგრძნება ესაჭიროება ადამიანს და, შესაბამისად, ვიზრუნოთ ერთმანეთის უსაფრთხოებაზე.