ირაკლი ოქრუაშვილი: "ქართული პარტია" გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

ირაკლი ოქრუაშვილი: "ქართული პარტია" გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება

ახალი პოლიტიკური გაერთიანება "ქართული პარტია" არსებული ხელისუფლების შეცვლის მიზნით გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა გუშინ ტელეკომპანია "მაესტროს" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ჩვენ ვაცნობიერებთ საკმაოდ კარგად, რომ ეს არის გადამწყვეტი ბრძოლა საქრთველოსთვის და ბოლო ბრძოლა ჩვენთვის; ამ ნავში ჩვენ ჩავსხდით შეგნებულად. ეს ნავი მიადგება ნაპირს, ან ერთად ჩავიძირებით ყველანი", - აღნიშნა ოქრუაშვილმა.

მისივე განცხადებით, პარტიას ორი მიზანი აქვს - რეჟიმის შეცვლა და ქვეყნაში კეთილდღეობის შექმნა. ოქრუაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს აბსოლუტურად ყველა ძალასთან, ვისთვისაც ეს ორი მიზანი თანხვედრია.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიიჩნევს, რომ, სადაც "ქართული პარტია" არ იქნება, შეუძლებელია გამარჯვება, ხოლო თუ ვინმე ამ ბრძოლას მათ გარეშე წამოიწყებს, ეს მხოლოდ ბრძოლის იმიტაცია ან წარუმატებელი ბრძოლა იქნება.

"ჩვენ გავერთიანდით, რათა ეს რეჟიმი შევცვალოთ და გამოვიყენებთ ყველა იმ გზას და შესაძლებლობას, რომლის არსებობის და აუცილებლობის პირობებსაც შექმნის ხელისუფლება. რევოლუცია ჩვენი მიზანი არ არის, რადგან კარგად გვესმის, რამხელა რისკების შემცველია ეს და რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ქვეყნას; ჩვენ ამ გზით მხოლოდ იმ შემთხვევაში წავალთ, თუ ხელისუფლება სხვა გზას არ დაგვიტოვებს", - განაცხადა ოქრუაშვილმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს რეჟიმი არა ტრანსფორმირებული, არამედ დამთავრებული უნდა იყოს.

მისივე თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ რევანშისტები და აგრესიულები არიან, ასე არ არის. როგორც ოქრუაშვილი აღნიშნავს, ახალ პოლიტიკურ გუნდში შეიკრიბნენ ადამიანები, რომლებმაც საკუთარი შეცდომების ანალიზისას კარგად გაიგეს, რა მეთოდებით უნდა ებრძოლონ ხელისუფლებას.

თავდაცვის ყოფილი მინისტრის აზრით, ერთი რამ, რაც მათ სხვა პარტიებისგან მკვეთრად განასხვავებს, არის შეურიგებელი ბრძოლა არსებულ რეჟიმთან და გამოცდილება, რომელიც პარტიის თითოეულმა ლიდერმა ამ ბრძოლის შედეგად მოიპოვა.

"ზოგი იწყებდა ამ ბრძოლას იმისთვის, რომ გარკვეული კაპიტალიზაცია მოეხდინა, ხელისუფლებას მიჰყიდვოდა და საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყრა, ზოგი – პირიქით; ვფიქრობ, რომ საზოგადოებას ჩვენს მიმართ ოდნავ პატარა ნდობის მომენტი მაინც უნდა ჰქონდეს, რათა მერე გაათმაგებულად დავუბრუნოთ ეს ნდობა მათ", - განაცხადა ოქრუაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე