ჰიბრიდული Porsche 918 Spyder

ჰიბრიდული Porsche 918 Spyder

ჰიბრიდული სუპერავტოს, - Porsche 918 Spyder , - პირველი ეგზემპლარები ხელმისაწვდომი 2013 წლიდან იქნება. გერმანული კომპანიის ახალი მმართველის, მათიას მიულერის თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე "პორშე" საინჟინრო სამუშაოებს დაასრულებს, ხოლო მომავალი წლის დასაწყისისთვის მის ღირებულებაზეც ჩამოყალიბდება.

კომპანია მანქანის ყველა ტექნიკური და დინამიკური მახასიათებლის შესახებ ინფორმაციას იმ დროისთვის გაავრცელებს. ამის შემდეგ მანქანის ბაზარზე გაყვანისთვისაც დაიწყება მზადება. წინასწარი მონაცემებით, "პორშე 918 სპაიდერზე" ფასები 500 ათასი ევროდან დაიწყება. სუპერავტოს პროტოტიპი მარტში ჟენევის ავტოსალონზე წარადგინეს. ავტომობილი ჰიბრიდული აგრეგატით იყო აღჭურვილი, რომელიც 500 ცხძ-ის სიმძლავრის, 3,4-ლიტრიან ატმოსფერულ, 8-ცილინდრიან ძრავას, საერთო სიმძლავრით 218 ცხძ-იან ორ ელექტრომოტორს, სპეციალური აკუმულატორების კომპლექტს და სიჩქარის გადაცემათა 7-საფეხურიან, წინასელექტიურ კოლოფს აერთიანებდა.

ელექტროაძვრით კონცეპტუალურ "სპაიდერს" 25 კმ-ის გავლა შეუძლია. 0-დან 100 კმ-მდე სიჩქარეს იგი 3,2 წამში ავითარებს, ხოლო მაქსიმალური სიჩქარე 320 კმ/სთ-ია. როგორც ახალი პროდუქტების კვლევისა და შემუშავების განყოფილების ხელმძღვანელმა, ვოლფგანგ დიუხმაიერმა განაცხადა, ნიურბურგრინგის ცნობილი ჩრდილო მარყუჟის დაფარვა სუპერავტოს კუპე Carrera GT-ზე სწრაფად, ესე იგი 7 წუთსა და 30 წამზე ნაკლებ დროში შეუძლია. ამასთან, საწვავის ხარჯი 100 კმ მანძილზე 3,1 ლიტრს, ხოლო გამონაბოლქვის რაოდენობა კმ-ზე 70 გრამს არ გადააჭარბებს. "პორშე 918 სპაიდერის" წარმოებაში ჩაშვების იდეა კომპანიის ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის შუა პერიოდში მოიწონა, თუმცა მაშინ მანქანის კონვეიერზე მოხვედრის ზუსტი ვადა არ დაუსახელებიათ. ივლისის მდგომარეობით, ამ მოდელის პოტენციური მყიდველების რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა.

ალექსი რეხვიაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

ყველაზე უცნაური საქორწინო კაბა (+ ფოტო)

ოჯახი, რომელიც ლომთან ერთად ცხოვრობდა (+ ფოტოგალერეა)