თურქმენეთის პრეზიდენტი აპირებს ის ცეცხლი ჩააქროს, რომელიც უკვე ათწლეულების განმავლობაშია უდაბნოს უზარმაზარ გაზის კრატერში და რომელსაც "ჯოჯოხეთის კარიბჭეს" უწოდებენ.
გურბანგული ბერდიმუჰამედოვი ცეცხლის ჩაქრობას ჯანმრთელობისა და გარემოსდაცვითი მიზეზების გამო, ასევე, გაზის ექსპორტის საცდელად აპირებს.
ცეცხლოვანი კრატერი ყარაყუმის უდაბნოშია. ბევრს სჯერა, რომ ეს კრატერი 1971 წელს წარმოიქმნა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დროს, ბურღვის ოპერაცია არასწორად წარიმართა.
კანადელი მკვლევარი ჯორჯ კუროუნისი 2013 წელს იკვლევდა კრატერის სიღრმეებს. მან თქვა, რომ სინამდვილეში, არავინ იცის მისი წარმოქმნის ისტორია.
ადგილობრივი თურქმენი გეოლოგების თქმით კი, კრატერი 1960-იან წლებში წარმოიქმნა, მაგრამ ამბობენ, რომ ცეცხლი აქ 1980-იან წლებში გაჩნდა.
"ჩვენ იმ ბუნებრივ რესურსებს ვკარგავთ, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვისა და მეტი შემოსავლისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ", - განაცხადა გურბანგული ბერდიმუჰამედოვმა და ოფიციალურ პირებს დაავალა, მონახონ გზა კრატერზე ცეცხლის ჩასაქრობად.
2018 წელს, პრეზიდენტმა ცეცხლისმფრქვეველ კრატერს ოფიციალური სახელიც კი შეურჩია და "ყარაყუმის ნათება" უწოდა.
მოამზადა ანა სიბოშვილმა