ავტორი:

ყირიმის აღიარება, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ურანის საბადოების გაკონტროლება - კიდევ რა შეიძლება მოსთხოვოს კრემლმა თოყაევს დახმარების სანაცვლოდ?

ყირიმის აღიარება, რუსულის სახელმწიფო ენად გამოცხადება, ურანის საბადოების გაკონტროლება - კიდევ რა შეიძლება მოსთხოვოს კრემლმა თოყაევს დახმარების სანაცვლოდ?

უმძიმესი შედეგები მოჰყვა 2 იანვარს ყაზახეთში, კერძოდ, ქვეყნის დასავლეთში, მანგისტაუს ოლქიდან დაწყებულ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც სხვა რეგიონებსაც მოედო. პროტესტის მიზეზი ქვეყანაში თხევადი ბუნებრივი გაზის ორჯერ გაძვირება გახდა. 4 იანვარს, გვიან ღამით, გადადგა ყაზახეთის მთავრობა, თუმცა 5 იანვარს პროტესტი გაგრძელდა და მასობრივი არეულობის ეპიცენტრად იქცა ქალაქი ალმათი, სადაც ხელისუფლების შეიარაღებულმა მოწინააღმდეგეებმა დაიკავეს მერიისა და პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენციის შენობები და გარკვეული დროით - ქალაქის აეროპორტიც.

5 იანვარს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მანვე დახმარება სთხოვა პრორუსულ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (ОДКБ), რომელმაც დასტური მალევე მისცა და ქვეყანაში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების შენაერთები გაიგზავნა. დღემდე ისმის კითხვა: რატომ დასჭირდა რეგიონის ერთ-ერთ ძლიერ ქვეყანას რუსეთისა და კოლექტიური უსაფრთხოების წევრი სხვა ქვეყნებისთვის დახმარების თხოვნა, ან რატომ დასთანხმდა ორგანიზაცია ასე სწრაფად დახმარებას, როცა აქამდე მისი ეგიდით სამხედრო ძალები არსად გამოუყენებიათ?

7 იანვარს პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა მოსახლეობას აცნობა, რომ ვითარებას სრულად აკონტროლებდა, თუმცა იქვე განაცხადა: "ტერორისტები ისევ იყენებენ იარაღს და ზიანს აყენებენ მოქალაქეთა ქონებას... კონტრტერორისტული აქციები უნდა გაგრძელდეს ბოევიკების სრულ განადგურებამდე".

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ყაზახეთის ქალაქ ალმათში ჩატარებული რეიდების დროს პოლიციამ 4 000-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. დაღუპულია სულ ცოტა164 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას რესპუბლიკის ოპერატიული შტაბი, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს.

ყაზახეთში შეყვანილი ОДКБ-ის სამშვიდობო ძალებში რუსეთის სამხედრო ნაწილები დომინირებად როლს ასრულებენ. იყო თუ არა რუსეთისა და მისი მოკავშირეების დახმარება უანგარო თუ მოსკოვი ყაზახეთს რაიმე სამსახურის გაწევას ან დათმობებს მოსთხოვს? - ამ შეკითხვას ჩვენებური და უცხოელი ანალიტიკოსებიც ბოლო დღეებში ხშირად სვამენ.

საინტერესოა, რომ მას მერე, რაც ყაზახეთის ხელისუფლებამ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ჯარების შეყვანა მოითხოვა, რუსეთის სამთავრობო ტელეკომპანია "რაშა თუდეის” და სამთავრობო საინფორმაციო სააგენტოების, "როსსია სეგოდნია” და "სპუტნიკის” მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა ცინიკური პოსტი გამოაქვეყნა:

"რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ. აუცილებლად უნდა დავეხმაროთ. მაგრამ გარკვეული პირობებიც უნდა წავუყენოთ.

1. ყირიმი - აღიარონ;

2. კირილიცა - დააბრუნონ.

3. რუსული - მეორე სახელმწიფო ენად, ისევე, როგორც ყირგიზეთშია;

4. შეეშვან რუსულ სკოლებს და არ იცრუონ უფროსთან, რომ ეს ასეა..."

ამ საკითხს გერმანული "დოიჩე ველეც“ (Deutsche Welle) ეხმაურება და აქვეყნებს სტატიას, სათაურით: "რას გადაუხდის თოყაევი კრემლს დახმარების სანაცვლოდ?“

  • ყირიმის აღიარება - ყველაფრის თავი და თავი

"რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი თემა - ნატოს გაფართოების შეწყვეტის ულტიმატუმამდე - ყირიმის ანექსიის აღიარება იყო უცხოეთის სახელმწიფოების მიერ. ჯერჯერობით ყირიმს რუსეთის ნაწილად აღიარებენ ნიკარაგუა, ბელარუსი და სავარაუდოდ, სირია. ფაქტია, რომ სამივე ქვეყნის ხელისუფლება, განსაკუთრებით კი სირია და ბელარუსი რუსეთზე ძალიან არიან დამოკიდებულნი. ალექსანდრე ლუკაშენკოს რომ ყირიმი რუსეთის ტერიტორიად ეღიარებინა, ამისთვის საჭირო გახდა, რომ ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთზე პოლიტიკურ და ეკონომიკურად სრულად ყოფილიყო დამოკიდებული. მინსკის მიერ ყირიმის კუთვნილების აღიარებაში არანაკლებ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმ ფაქტორმაც, რომ მოსკოვი, დასავლეთის ქვეყნებისაგან განსხვავებით, ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის კანონიერ პრეზიდენტად თვლის.

როგორც ჩანს, ასე მოიქცევა ყასიმ-ჟომართ თოყაევიც. მართალია, მისი პრეზიდენტობას არავინ სადაოდ არ ხდის, მაგრამ გაურკვეველია, რამდენად კანონიერად დაიკავა მან უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის პოსტი - რადგანაც ეს თანამდებობა, სამართლებრივი სტატუსის თანახმად, სამუდამოდ ეკუთვნოდა ნურსულთან ნაზარბაევს, ისე გამოდის, რომ ყასიმ - ჟომართ თოყაევმა კანონი დაარღვია.

თურქულ მასმედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, ვიდრე ყაზახეთის ლიდერის თხოვნას დათანხმდებოდა, კრემლმა მას რამდენიმე პირობა წაუყენა: ყირიმის რუსეთის ნაწილად აღიარება, რუსული ენის გამოცხადება ქვეყნის მეორე ოფიციალურ ენად, ავტონომიური უფლებების უზრუნველყოფა ჩრდ. ყაზახეთში მცხოვრები რუსებისათვის და ბოლოს, დამატებითი რუსული სამხედრო ბაზის შექმნა (ყაზახეთში უკვე არის რუსული სამხედრო ობიექტები, მაგრამ კლასიკური სამხედრო ბაზა ჯერჯერობით არ არსებობს).

ალექსანდრე ლუკაშენკოს მაგალითი გვაფიქრებინებს, რომ ყირიმის აღიარებას თვითონ ყასიმ - ჟომართ თოყოევიც კარგად მიხვდება, რუსეთის მინიშნების გარეშე. რაც შეეხება დამატებით სამხედრო ობიექტის შექმნას, ბაზის სახით, ამაზე რუსი პოლიტიკოსები უკვე ლაპარაკობენ, მაგალითად, პარტია "სამართლიანი რუსთის ლიდერი სერგეი მირონოვი, რომლის განცხადებით, ყაზახეთში შეყვანილი რუსული ქვედანაყოფები იქ მუდმივად უნდა დარჩნენ. არ არის გამორიცხული, რომ ყაზახეთის რუსულენოვანმა ჩრდილოეთმა ნაწილმა (კოსტანაის, პეტროპავლოვსკის, პავლოდარის და ჩრდ.ყაზახეთის ოლქებმა) მართლაც ავტონომია მიიღოს", - წერს "დოიჩე ველე".

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ამბობს, რომ შესაძლოა ამ ეტაპზე ყირიმის აღიარებაზე მეტად რუსეთს ყაზახეთში სამხედრო ბაზის შექმნა სურდეს.

"თუ კრემლს არჩევანი ექნება ყირიმის აღიარებასა და ყაზახეთში პატარა სამხედრო ბაზის შექმნის მოთხოვნას შორის, დარწმუნებული ვარ, უკანასკნელს აირჩევს. შეიძლება ყაზახური ენის პარალელურად, რუსული ენის სახელმწიფო ენად გამოცხადებაც მოითხოვონ. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია რუსეთისთვის..." - აცხადებს ესპერტი. (წაიკითხეთ სტატია სრულად)

  • კიდევ რა შეიძლება "სთხოვოს“ რუსეთმა ყახაზეთს

რამდენად შესაძლებელია, თეორიულად მაინც, რომ რუსეთმა კიდევ რაიმე მოსთხოვოს ყაზახეთს? განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ყასიმჟომართ თოყაევი რუსეთზე დამოკიდებულ პრეზიდენტად დარჩება? ვარიანტები ამ შემთხვევაში საკმაოდ ბევრი შეიძლება არსებობდეს. "დოიჩე ველეს" ვერსიები ასეთია:

პირველი - ავღანეთთან ახლოს მდებარე ყაზახეთის სამხრეთის საზღვრების ერთობლივად გაკონტროლება. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთს ყველაზე გრძელი და იმავდროულად ყველაზე ცუდად დაცული სახელმწიფო საზღვარი სწორედ ყაზახეთთან აქვს, მაშინ ასეთი "თხოვნა“ სრულიად მოსალოდნელია: უმჯობესია ისლამისტებისა და სხვა არასასურველი ელემენტების ОДКБ-ის (ჩათვალე - რუსეთის) სივრცეში შეღწევის შესაძლებლობა შორიდანვე აღკვეთო;

მეორე - ყახაზეთის ურანის საბადოების გაკონტროლება, რომლებზეც მსოფლიო მარაგის 14% და მოპოვების 42% მოდის. ამ საბადოებზე კონტროლი მნიშვნელოვანია როგორც რუსეთის ატომური ენერგეტიკისათვის, ასევე ბირთვული იარაღის განახლებისთვის, დასავლეთთან კონკურენციაში. ჩუ-სარისუს რეგიონში არსებული მდიდარი საბადოების ხელში ჩაგდება გემრიელი ლუკმა იქნება "როსატომისათვის".

მესამე - ნავთობგაზის ერთობლივი მოპოვების გაფართოება. ყაზახეთში რუსული კომპანიები - "ლუკოილი“ და "გაზპრომი“ უკვე მუშაობენ, მაგრამ "თანამშრომლობის გაფართოება“ მომგებიანი პირობებით, ალბათ, სხვა რუს მოთამაშეებსაც სურთ, მაგალითად, იგორ სეჩინს "როსნეფტიდან".

მეოთხე - ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობა, რომლის "აბრეშუმის გზების“ მიმართულებები ყახაზეთის ტერიტორიაზე გადის, რუსეთის გვერდაქცევით. კრემლი მათ ან ხელში ჩაიგდებს და გააკონტროლებს ან სულაც აკრძალავს. კრემლისთვის ორივე მისაღებია, განსაკუთრებით კი ახლა. შეიძლება ითქვას, რომ დახმარების ფასად ყაზახეთისათვის ამ ვარიანტის "შეთავაზება“ საკმაოდ რეალურია.

ამრიგად, ყახაზეთს რუსეთთან ისეთი ურთიერთობა ელოდება, რომელიც ყოველთვის არ იქნება ურთიერთმომგებიანი. იმ დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელსაც ნურსულთან ნაზარბაევი "აგურ-აგურ აშენებდა“ 30 წლის განმავლობაში, ადვილი არ იქნება. უფრო სწორი იქნება თუ ვიტყვით, რომ ყახაზეთის გათავისუფლება რუსეთზე დამოკიდებულობისაგან უკვე ყასიმ - ჟომართ თოყაევის მემკვიდრეებს მოუწევთ (წყარო).

მოამზადა სიმონ კილაძემ