განქორწინების სამართლებრივი მხარე

განქორწინების სამართლებრივი მხარე

არცთუ იშვიათად ოჯახის ნგრევას ყოფილ ცოლ-ქმარს შორის შვილებსა და ქონებაზე დავა მოსდევს, რისი გადაწყვეტაც ხშირად სასამართლოს გარეშე ვერ ხერხდება. განქორწინების სამართლებრივ საკითხებზე მკითხველთა შეკითხვებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლიკა წიკლაური უპასუხებს

მკითხველი მარი:

ჩემი ქალიშვილი 10 წლის წინ გაეყარა მეუღლეს. მაშინ სასამართლო გადაწყვეტილება იყო, რომ მისთვის მეუღლეს ბინა უნდა ეყიდა, მაგრამ მან ეს არ შეასრულა. აქვს თუ არა ძალა იმ გადაწყვეტილებას და გვაქვს თუ არა უფლება, მივმართოთ სააღმსრულებლო სისტემას?

სასამართლო გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულებისთვის აუცილებელია გადაწყვეტილებაზე აიღოთ სააღსრულებო ფურცელი. სწორედ ამ ფურცლის საფუძველზე არის უფლებამოსილი აღმასრულებელი დაიწყოს სააღსრულებო წარმოება. სააღსრულებო ფურცლის აღება შეიძლება მოხდეს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 10 წლის ვადაში. თუკი აღნიშნული ათწლიანი ვადა გასულია და თქვენს მიერ არ მომხდარა სააღსრულებო ფურცლის აღება, გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულება ვერ განხორციელდება.

მკითხველი ლია:

მეუღლესთან ხელი არ მაქვს მოწერილი და არც ჯვარი დამიწერია. გვყავს ორი მცირეწლოვანი შვილი. ვაპირებ ქმართან გაყრას. მაინტერესებს, განქორწინების შემდეგ თუ მაქვს კანონით უფლება, წილი მოვითხოვო მისი ბინიდან? ან ალიმენტის გადახდა თუ დაეკისრება?

საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ სამოქალაქო კოდექსით დადგენილია, რომ მეუღლეებს გააჩნიათ თანასაკუთრების უფლება თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე, გამონაკლისია ქორწინების განმავლობაში მემკვიდრეობით და ჩუქებით მიღებული ქონება. ამავე კოდექსით დადგენილია, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში განხორციელებული რეგისტრირებული ქორწინება.

ვინაიდან თვენი ქორწინება არ არის რეგისტრირებული, მეუღლის ბინიდან არ გაგაჩნიათ წილის მოთხონის უფლებაც. რაც შეეხება ალიმენტს, თუკი ბავშვების მამობა დადგენილია, ანუ მათ დაბადების მოწმობაში, მამის გრაფაში მითითებულია აღნიშნული პიროვნება, ის ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს ბავშვების რჩენასა და აღზრდაში. თუ ბავშვები ცხოვრობენ თქვენთან, კანონი გაძლევთ უფლებას არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, მათი მამისაგან მოითხოვოთ ალიმენტის გადახდა.

მკითხველი ნანა:

განქორწინებისას დავის დროს მხოლოდ ჯვრისწერის მოწმობა თუ ითვლება საკმარის საბუთად?

საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილია, რომ მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება, შესაბამისად, იმისთვის რომ ჩაითვალოთ ქორწინებაში მყოფ პირებად, მხოლოდ ჯვრისწერა არ არის საკმარისი. იურიდიულად თქვენ არ ითვლებით მეუღლეებად, ითვლება, რომ თქვენს შორის არ შემდგარა ქორწინება, შესაბამისად თქვენს შორის ვერც განქორწინება მოხდება.

მკითხველი დალი:

მსურს მეუღლესთან გაყრა, მაგრამ იგი მემუქრება, რომ ხელს არ მომიწერს საბუთებზე. მაინტერესებს, არის თუ არა ეს შემაფერხებელი გარემოება?

საქართველოს კანონმდებლობით განქორწინება შეიძლება განხორციელდეს ან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის ერთობლივი განცხადებით მიმართვის გზით, ან სასამართლოს მეშვეობით. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან თქვენი მეუღლე განქორწინების წინააღმდეგია, თქვნ შეგიძლიათ სარჩელი შეიტანოთ სასამართლოში მეუღლის წინააღმდეგ და მოითხოვოთ განქორწინება.

მკითხველი ნინო:

ქმართან განქორწინებას ვაპირებ და მინდა ბავშვებთან ერთად საზღვარგარეთ წავიდე. მეუღლე მემუქრება, ბავშვებს არ გაგატანო. შეიძლება თუ არა ამ მხრივ პრობლემები შემექმნას? ხელი მოწერილი არ გვაქვს.

საქართველოს კანონმდებლობით მშობლები არიან თავისი არასრულწლოვანი შვილების კანონიერი წარმომადგენლები და მათ გააჩნიათ თანაბარი უფლებები შვილებთან მიმართებაში. იმისთვის, რომ არასრულწლოვანმა პირმა გადაკვეთოს საქართველოს საზღვარი, ამისთვის მას სჭირდება კანონიერი წარმომადგენლების (მშობლების) თანხმობა. თუკი ბავშვის მამობა დადგენილია და მის დაბადების მოწმობაში, მამის გრაფაში მითითებულია აღნიშნული პიროვნება, მისი თანხმობის გარეშე ვერ შეძლებთ ბავშვის საზღვარგარეთ წაყვანას.

მკითხველი ნია:

მაინტერესებს, დაახლოებით რა დრო სჭირდება განქორწინების პროცედურას?

საქართველოს კანონმდებლობით განქორწინება შეიძლება განხორციელდეს ან სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსთვის ერთობლივი განცხადებით მიმართვის გზით, ან თუკი მეუღეებს შორის არსებობს დავა სასამართლოს მეშვეობით. სამოქალაქო რეესტრსი სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული სამსახური (თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) განქორწინების რეგისტრაციას ახორციელებს ერთობლივი განცხადების შეტანიდან 15 დღის ვადაში, ხოლო სასამართლომ გადაწყეტილება განქორწინების თაობაზე უნდა მიიღოს სარჩელის შეტანიდან 2 თვის ვადაში. თუ სასამართლო ჩათვლის, რომ საქმე განეკუთვნება რთულ კატეგორიას, ვადა შეიძლება გაზარდოს, არაუმეტეს 5 თვისა. სასამართლო ასევე უფლებამოსილია, მხარეებს დაუნიშნოს შესარიგებელოი ვადა 6 თვემდე, თუ ჩათვლის, რომ მეუღლეების შერიგება შესაძლებელია.

მკითხველი გურამი:

საქორწინო კონტრაქტი ჩვენთან ახალი ხილია. მაინტერესებს, როდის (დაქორწინებამდე ან თანაცხოვრების დროს) და სად შეიძლება მისი დადება და რა პუნქტები შეიძლება მასში შევიდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი ითვალისწინებს საქორწინო ხელშეკრულების (კონტრაქტის) გაფორმების შესაძლებლობას. კონტრაქტი შეიძლება დაიდოს როგორც ქორწინებამდე, ასევე ქორწინების რეგისტრაციის შემდეგაც. თუ კონტრაქტი დაიდო ქორწინების რეგისტრაციამდე, ის იურიდიულ ძალას შეიძენს მხოლოდ ქორწინების რეგისტრაციის შემდგომ. მხარეებმა (მეუღლეებმა) კონტრაქტით შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი ქონებრივი უფლება-მოვალეობები როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე განქორწინებისას. რაც შეეხება საქორწინო კონტრაქტის ფორმას, იგი აუცილებლად უნდა დაიდოს წერილობითი ფორმით და მოხდეს მისი სანოტარო წესით დადასტურება.

მკითხველი თემური:

მეუღლესთან გაყრილი ვარ. ხელი მოწერილი არ გვქონდა. გვყავს ორი შვილი, რომლებიც ჩემ გვარზე არიან. დედა აპირებს, ჩემი თანხმობის გარეშე ბავშვები თავის გვარზე გადაიყვანოს. აქვს ამის უფლება? ასევე მაინტერესებს, თუ მაქვს უფლება, ერთერთი ან სულაც ორივე ბავშვის ჩემთან ცხოვრება მოვითხოვო და საერთოდ, რა შემთხვევაში შეუძლია მამაკაცს ყოფილ ცოლს, რომელიც უღირსად იქცევა, საერთო შვილების გვერდით ყოფნა შეუზღუდოს?

საქართველოს კანონმდებლობით ბავშვის მშობლებს თანაბარი უფლებები გააჩნიათ თავიანთი არასრულწლოვანი შვილების მიმართ. შვილის გვარის განსაზღვა ხდება მშობლების შეთანხმებით, თუმცა სამოქალაქო კოდექსის 1196-ე მუხლი მშობელს, რომელთანაც არასრულწლოვანი შვილი საცხოვრებლად დარჩა, ქორწინების შეწყვეტის შემდეგ აძლევს უფლებას, შვილის ინტერესების შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს შვილისათვის თავისი გვარის მიკუთვნების შესახებ. თუ ბავშვი ათ წელზე მეტი ხნისაა, გვარის შეცვლისათვის საჭიროა მისი თანხმობაც. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებით ბავშვების დედას შეიძლება მიეცეს ბავშვების საკუთარ გვარზე გადაყვანის შესაძლებლობა თქვენი თანხმობის გარეშე.

რაც შეეხება თქვენს მეორე კითხვას, თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ბავშვების თქვენთვის მიკუთვნება სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით, სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს ბავშვების ინტერესების გათვალისწინებით, შესაბამისად უნდა დაასაბუთოთ, რომ ბავშვების თქვენთან ცხოვრება მათთვის უკეთესი იქნება. რაც შეეხება მშობლის უფლების შეზღუდვას, კანონი იცნობს ამის შესაძლებლობას, მაგრამ ამ შემთხვევაშიც თქვენ მოგიწევთ მტკიცება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე ილახება ბავშვის ინტერესები.

მკითხველი გიორგი:

საინტერესოა, ქალისა და მამაკაცის თანასწორობაზე ამდენს რომ საუბრობენ და ლამის მატრიარქატი დაამყარონ, რატომ არ ვრცელდება ემანსიპაცია ამ საკითხში - ვფიქრობ, საქართველოში იურიდიულად ქალს გაცილებით მეტი უფლება და უპირატესობა აქვს შვილებზე, ვიდრე მამაკაცს. საინტერესო იქნება, თქვენი, როგორც იურისტის პასუხი ამ საკითხზე და კიდევ ერთი - რამდენად თანამედროვეა (მიახლოებულია დასავლურს) საქართველოს კანონმდებლობა ამ მიმართულებით? 

საქართველოს კანონმდებლობით, კერძოდ სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად მშობლებს თანაბარი უფლებები გააჩნიათ შვილების მიმართ, კანონდებელი არ აწესებს რაიმე სახის უფლებრივ განსხვავებას დედასა და მამას შორის. შესაბამისად, საკანონმდებლო ხარვეზი ამ კუთხით არ არსებობს.

მკითხველი თამარი:

იურიდიული თვალსაზრისით, თუ ენიჭება რაიმე არსობრივი მნიშვნელობა ღალატის ფაქტს გაყრისას სასამართლო დავის დროს?

როდესაც სასამართლოში დავის საგანს წარმოადგენს განქორწინება, სარჩელში უნდა მიეთითოს, რატომ გადაწყვიტა პირმა მეუღლესთან დაშორება, შესაბამისად ღალატის ფაქტიც შეიძლება მითითებულ იქნეს ასეთ გარემოებად. კანონიდან გამომდინარე, ამ ფაქტს რაიმე არსებითი მნიშვნელობა არ ენიჭება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ