კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის პოსტიდან გადაყენების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა, რომელსაც უკვე 1000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს. პეტიციის ავტორი ფილოსოფოსი გიგი თევზაძეა.
"საქმიანობა, რომელიც თეა წულუკიანმა დაიწყო კულტურის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, მოიცავს:
1. კულტურის სამინისტროს მიერ მართული ორგანიზაციების და პროექტების სტრუქტურულ ცვლილებებს იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს საქართველოს კულტურის აგენტების სამინისტროს პოლიტიკური ხელმძღანელობისათვის დაქვემდებარება;
2. საჯარო ინფორმაციის შეზღუდვას და კადრების პოლიტიკის ნეპოტისტურ და კლიენტარისტულ პრინციპებზე დაფუძნებას;
3. პროფესიონალების განთავისუფლებას იმის გამო, რომ მათ საჯაროდ ან პრივატულად უკმაყოფილება გამოთქვეს როგორც ქვეყანაში, ასევე, კულტურის სამინისტროს სისტემაში მიმდინარე პროცესების მიმართ;
4. ავტორიტეტული ორგანიზაციების/ექსპერტების რჩევებზე უარის თქმას და გაურკვეველი, დაუსაბუთებელი ცოდნის/გამოცდილების მქონე ადამიანების კონსულტაციებზე დაყრდნობას, რამაც უკვე დააზიანა გელათი და დიდი ალბათობით, გამოიწვევს სხვა ძეგლების და ასევე, მუზეუმების კოლექციების დაზიანებასაც;
ამიტომ, მოგიწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაათავისუფლოთ თეა წულუკიანი დაკავებული თანამდებობიდან.
გარდა ამისა, დროა საქართველოს კულტურის სისტემა გათავისუფლდეს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს არსებული მართვის პრინციპებისგან", - ვკითხულობთ პეტიციის განმარტებაში.