რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. წინასაარჩევნო პოლიტიკური ბრძოლა დაიწყო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის სხვადასხვა საკითხის გარშემო არსებული დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. პრობლემურ საკითხებს შორის არის რეგიონში მოუგვარებელი ელექტროენერგიის თემა, რომლითაც ოპოზიცია მუდმივად აპელირებს.
ამ ეტაპზე, 2022 წლის 12 მარტის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილი 4 პოლიტიკურმა სუბიექტმა გამოხატა. მათ რეგისტრაცია ცესკო-ში გაიარეს და უკვე შეუდგნენ საარჩევნო სამზადისს.
პოლიტოლოგ ანტონ კრივენიუკის მოსაზრებით, თუ ასლან ბჟანიას გადარჩენა უნდა, თავისი გუნდი და ფიგურა უნდა გააძლიეროს.
Нужная газета-ის რედაქტორი, იზიდა ჭანია ამბობს, რომ მმართველი გუნდის ანგარიშზეა უამრავი ჩავარდნილი პროექტი და ბოლო ხანებში დაგროვილი პრობლემები, არასწორად მართული კოვიდ-პანდემია, პრობლემები ელექტროენერგიაში, გაძლიერებული კრიმინალი, რომლის როლიც სულ უფრო მკაფიოდ ჩანს აფხაზურ პოლიტიკაში.
"ვითარება მთელ აფხაზეთში მიშვებულია, რადგან რამდენიმე მიზეზი აქვს. თავად ასლან ბჟანიასა და ალექსანდრე ანქვაბის გუნდებს შორის არის განხეთქილება. რამდენიმე დღის წინ ასლან ბჟანიამ რუსეთში კიდევ ერთი ოპერაცია გაიკეთა და რომ დაბრუნდა უარესად აწეწილი ვითარება დახვდა. მისი დალაგება კი, ისევ და ისევ რუსეთის ჩარევით უნდა მოხდეს... თუ ჩავარდნილ პროექტებზე ვისაუბრებთ, უნდა გავიხსენოთ, კულტურისა და ბიბლიოთეკის სახლი, რომელიც წესით აქამდე უნდა გახსნილიყო, მაგრამ ბჟანია არჩევნების წინა პერიოდს ელოდება, რათა სწორედ გახსნაზე შეხვდეს ამომრჩეველს და მათი კეთილგანწყობა მოიპოვოს" - ამბობს ჭანია.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი საარჩევნო პიარკამპანიას სოხუმში დაწყებული საპროტესტო აქციების კვალდაკვალ ატარებს. მაშინ როდესაც ოპოზიცია მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქციებს მართავდა, ისინი რაიონებში დადიოდნენ და მოსახლეობას ვითომ ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდნენ. ქართულ-აფხაზური ომის მონაწილე ვეტერანებს რამდენიმე ტომარა პურის ფქვილი დაურიგეს.
"ეს არჩევნების მოსყიდვაა, მაგრამ ჩვენთან ხომ სხვაგვარი "მორალური კანონები" გვაქვს..." - ამბობს Нужная газета-ის რედაქტორი, იზიდა ჭანია kavkaz-uzel.eu-სთან საუბარში.
აფხაზური მედიის ცნობით, ამ არჩევნებში მონაწილეობს Черноморэнерго-ის ყოფილი ხელმძღვანელი რეზო ზანთარია, რომელიც ახლა რეგიონში არსებულ ენერგეტიკულ კრიზისს აკრიტიკებს, თუმცა მის დროსაც ზუსტად იგივე პრობლემები იყო, იმ განსხვავებით, რომ მაინინგბიზნესი მაშინ ასე არ ყვაოდა.
მათივე პოზიციით, აფხაზეთს ახლა იმაზე სუსტი ოპოზიცია ჰყავს, ვიდრე ოდესმე. გარი კოკაია, გივი კვარჩია, ახრა ავიძბა არიან ახლანდელი ოპოზიციის მთავარი ფლაგმანები, მაგრამ მათ ხალხი არ ენდობა. მოსახლეობას არც პოლიტიკური პარტია "ამცახარას" მიმართ აქვს სიმპათია, თუნდაც იმიტომ, რომ რამდენიმე დღის წინ, მათ ინალ არძინბას ინიციატივას, არასამთავროების მუშაობის შეზღუდვის შესახებ, მხარი დაუჭირეს.
"ბჟანია ძალიან ცუდი არჩევანის წინაშე დგას - გაუშვას თუ დაკავებული ჰყავდეს იმ საპროტესტო აქციის წევრები, რომლებიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვისა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისთვის დააკავეს. მათი გაშვება ნიშნავს, რომ ისინი ხელახალი ძალით შეუტევენ ისედაც დასუსტებულ ხელისუფლებას. თუ არ გაათავისუფლებენ, დაძაბულობა კიდევ უფრო მოიმატებს, რადგან აფხაზეთი პატარაა და აქ ყველა ყველას ახლობელია. ისინი, ვინც მმართველი გუნდის მხარეს დგანან და ოპოზიციაც, რომელიც არც ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ ბჟანიაზე გაბრაზებულების თავშესაფრად არის ქცეული.
ბჟანიას კიდევ ერთი პირადი ოპონენტი ჰყავს - საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა, რომელიც უკვე დამოუკიდებელი გუნდის ჩამოყალიბებით არის დაკავებული. თუ რუსეთის მიმართ ბოლოდროინდელ დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, ამის გაკეთება გაუჭირდება, მაგრამ შეძლებს... ეს კი ნიშნავს, რომ არძინბა აფხაზეთს რუსეთს ჩააბარებს, ოღონდ კანონით. ამის წინაპირობაა ის, რომ რუსულ-აფხაზურმა მხარეებმა კანონმდებლობის ჰარმონიზაციაზე იმსჯელეს.
ასევე, ამის წინაპირობაა არასამთავრობოების საქმიანობის აკრძალვა. რუსეთმა რაც ჩვენს ხელისუფლებას ფინანსური მხარდაჭერის სანაცვლოდაც ვერ გააკეთებინა, მათ მიერ გამოგზავნილი კადრით აკეთებინებს... შესაძლოა, ამ არჩევნების შემდეგ, აფხაზეთში ახალი ეპოქა დაიწყოს - მისი შედეგები ქვეყნის სუვერენიტეტს განსაზღვრავს" - წერს სოციალურ ქსელში სამოქალაქო აქტივისტი ბადრი ცუგბა.
მთავარი ფოტო: ria.ru