"მიდი, რამზან, შენია ეს ქვეყანა, დაავლე ხელი, ვისაც გინდა და გააქანე ციხეში, დილეგში, ჯურღმულში, სარდაფში... ქალი, კაცი, ახალგაზრდა, გოგონა, ბიჭი, არავინ დაინდო, საერთოდ არავინ, გამკითხავი არავინაა, პირიქით, ზურგს "მეფე" გიმაგრებს..." - ასე ეხმაურებიან რუსეთში კადიროვის მორიგ დაუჯერებელ ქმედებას.
რამდენიმე დღის წინ ჩეჩენმა სამართალდამცველებმა ქალაქ ნიჟნი ნოვგოროდში, საკუთარი სახლიდან გაიტაცეს ჩეჩენი უფლებადამცველის აბუბაქარ იანგულბაევის დედა ზარემა მუსაევა.
ამ ფაქტს მთელ რუსეთში ძალზე კრიტიკული გამოხმაურებები მოჰყვა. თუმცა, ამას პუტინისთვის ხელი არ შეუშლია თავის ფავორიტს შეხვედროდა. რუსეთში არავისთვის წარმოადგენს საიდუმლოს, რომ ჩეჩნეთის ლიდერს კრემლი უმაგრებს ზურგს.
ფართო საზოგადოებრივი რეზონანსის მიუხედავად, კადიროვი ტონს არ იცვლის. მიუხედავად იმისა, რომ ის არამხოლოდ რუსეთში, მთელ მსოფლიოში ხშირად ხვდება წამყვანი მედიისა და უფლებადამცველების კრიტიკის ობიექტი...
მის ანგარიშზეა ადამიანის გატაცებები, წამება, გაუსამართლებლად დასჯა, ლგბტ-თემის წევრების დევნა და ხშირად უგზო-უკვლოდ დაკარგვა. ამასთან, ცნობილია, რომ ევროპაში ხოცავენ ჩეჩნებს, რომლებიც რამზან კადიროვს აკრიტიკებენ და ყველა კვალი ჩეჩნეთში მიდის....
ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა 3 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პუტინმა და კადიროვმა ჩეჩნეთში სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაზე იმსჯელეს. თუმცა, უფრო ადრე, კადიროვის პრესსამსახურმა თქვა, რომ პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი ერთმანეთს მოსკოვში 2 თებერვალს შეხვდნენ, რათა ეკონომიკური განვითარების საკითხები და ჩეჩნეთში პანდემიის შეზღუდვა განეხილათ.
პუტინის ოპონენტები თვლიან, რომ რუსეთის პრეზიდენტი თვალს ხუჭავს თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კანონის დარღვევაზე, იმის ნაცვლად, რომ კადიროვი მკაცრი ხელის პრინციპით ჩეჩნეთში (და არა მხოლოდ) სეპარატისტულ განწყობას გააკონტროლებს.
გატაცებული ქალი ჩეჩნეთში ჩაიყვანეს. კადიროვმა პირდაპირ თქვა, რომ ზაირა მუსაევას ვაჟი ოპოზიციურ ტელეგრამ-არხს მართავს, რომელიც მისი მწვავე კრიტიკით არის დაკავებულ და მთელი ოჯახის სასტიკად დასჯის პირობაც დადო. მუსაევას ვაჟი, აბუბაქარ იანგულბაევი ტელეკომპანია Дожд-თან საუბარში მომხდარს "ჯოჯოხეთს" უწოდებს.
"ბოლომდე მაინც არ მჯერა, რომ ასეთი რამ შეიძლება ხდებოდეს რუსეთში. ვიდეოზე, რომელიც ახლა ვრცელდება დედა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია..." - ამბობს იანგულბაევი.
მომხდარს სოციალური ქსელში ეხმაურება რუსეთში ცნობილი პოლიტოლოგი, ფონდ "პერსპექტივას" პრეზიდენტი ლეონიდ გოზმანი.
"დამაყრუებელი სიჩუმე - პუტინს არ ეშინია კადიროვის, მაგრამ შურს მისი..." - წერს ცნობილი პოლიტოლოგი.
"კრემლისა და მისი შვილობილი სტრუქტურების, დუმისა თუ პროკურატურის დუმილი იანგულბევების ოჯახთან დაკავშირებით, იმდენად ყრუა, რომ გარშემო ყოველგვარ ხმაურს ახშობს. ამ თემასთან დაკავშირებით გავრცელებული ახსნა-განმარტება არის სიმხდალე. კადიროვი ძლიერია და ეს არის სიმართლე.
თუმცა, არის კიდევ ერთი რამ - მომხდარი არანაირად არ არღვევს რეალობას, ჩვენ ადრეფეოდალურ სახელმწიფოში ვცხოვრობთ... კადიროვზე რა უნდა ვთქვა, როდესაც მის უკან კონსტიტუცია, სისტემა დგას?.. პუტინის ჩარევა კი, როდესაც საქმე თავის ვასალს ეხება, სრულიად გასაგებია.
იბრაგიმ იანგულბაევის ჩეჩნეთის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირება ძალიან მნიშვნელოვანია და ჰგავს ოპოზიციის ფართო სპექტრის, ბლოგერებისა და ჟურნალისტების მიერ ფედერალური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას. იბრაგიმიც ისეთივე დამნაშავეა, როგორც ოპოზიციური ტელეგრამ-არხი, ჩვენი პოლიტპატიმრების უმეტესობა, რომლებიც კადიროვის კი არა, პუტინის წინააღმდეგ გამოდიან... ჩვენ ხომ მაინც ევროპა ვართ, ჰალსტუხი გვიკეთია, იტალიისკენ მივდივართ, ოღონდ, შუასაუკუნეების დროინდელისკენ, სადაც ოპონენტებს თავს აჭრიდნენ ან წამლავდნენ..." - წერს გოზმანი.
"რამდენიმე დღის წინ გროზნოში ჩატარებული აქცია, აუცილებლად აისახება კადიროვზე... ბუნებაში არაფერი იკარგება. აუცილებლად მოვა მისი დროც, მთავარია ვიღაცამ სამართლიანად ჰკითხოს - რატომ აკეთებდა ამას, რისთვის, ძალაუფლებისთვის, თუ პუტინის მონობისთვის? ორივე შემთხვევაში ნაძირალაა" - წერს აჰმედ ბუზურტანოვი.
"კადიროვი სჭირდება პუტინს, როგორც ერთ-ერთ მცირერიცხოვანი საომარი დაჯგუფების მეთაური, რომელიც ყველანაირ საქმეზეა წამსვლელი... მათ შორის - "ვაგნერები" და "კადიროვცები". ბრძოლა ხომ სჭირდება? დანარჩენებს მხოლოდ ტუალეტის ხეხვას ასწავლიან. კიდევ გვყავს როსგვარდია, ოღონდ არსებობს ეჭვი, რომ პირველივე გასროლაზე დაიფანტებიან. ამიტომ სჭირდება კადიროვი, თავისი ულმობელი კადიროვცებით" - წერს ნატალია ხიმუხინა.