საქართველოს მეხუთე და ქვეყნის ისტორიაში პირველი ქალი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში, საკუთარ სახლში, ქუჩაში ნაპოვნ ძაღლ გომბორასთან ერთად ცხოვრობს.
მას პირველი მეუღლისგან ნიკოლოზ გორჯესტანისგან (გუგუშვილი), რომელიც 22 წლის ასაკში რომში გაიცნო, ორი შვილი - თეიმურაზი და ქეთევანი ჰყავს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ.
ოჯახის დანგრევის შემდეგ სალომე ზურაბიშვილი მეორედ დაოჯახდა. არჩევანი ამჯერად ისტორიკოს ჯანრი კაშიაზე შეაჩერა. პრეზიდენტი 2012 წლის 11 მარტს დაქვრივდა, ჯანრი კაშია კარდიოლოგიური ოპერაციის დროს, პარიზში გარდაიცვალა.
სალომე ზურაბიშვილის უფროსი შვილი თეიმურაზ გორჯესტანი პროფესიით დიპლომატია და დიდ ბრიტანეთში საფრანგეთის საელჩოში მუშაობს. თეიმურაზი დედის გაპრეზიდენტების შემდეგ დაოჯახდა და ქორწილი საქართველოში გადაიხადა. ჰყავს ერთი ქალიშვილი მარიამ გორჯესტანი.
ქეთევან გორჯესტანი პროფესიით ჟურნალისტია, ის წლების განმავლობაში საფრანგეთის ტელეკომპანია "ფრანც 24“-ში სპორტულ ჟურნალისტად მუშაობდა, ბოლო ხანს ის საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სადაც უკვე ამავე ტელევიზიის სპეციალურ კორესპონდენტად მუშაობს...
სალომე ზურაბიშვილის პოლიტიკური ცხოვრება მარტივი არ არის. საფრანგეთში გაზრდილი დიპლომატი ქართულ პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ მუდმივად იყო კრიტიკის ობიექტი, უწუნებდნენ ლაპარაკს, აქცენტს, მის მიერ შეცდომით ნათქვამი სიტყვები ხშირად ხდებოდა იუმორისტული გადაცემების სამიზნე.
ამჯერად პრეზიდენტის ქონებაზე მოგიყვებით. ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია სალომე ზურაბიშვილმა 2022 წლის 27 იანვარს შეავსო, რომლის თანახმადაც, მის მფლობელობაშია 60 კვ.მ ფართობის ბინა საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში, რომელშიც 1989 წელს 150 ათასი ევრო გადაიხადა.
სალომე ზურაბიშვილი ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს თბილისში, რომელშიც 2006 წელს 160 ათასი დოლარი გადაიხადა. კუფტინის ქუჩაზე მდებარე 235 კვ.მ მიწის ნაკვეთიდან, 126.33 კვ.მ. საცხოვრებელ სახლს ეკუთვნის.
დეკლარაციის შევსების დროს სალომე ზურაბიშვილს "საქართველოს ბანკში",ანაბარზე 30 000 დოლარი ერიცხებოდა. სახელფასო ბარათზე კი 4125,1 ლარი, ხოლო ფრანგულ ბანკ Société générale Paris-ის მიმდინარე ანგარიშზე 23 185,51 ევრო ჰქონდა.
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე 2021 წლის პირველი იანვრიდან-დეკემბრის ჩათვლით ხელფასის სახით 66 240 ლარი აიღო.
მან დაგროვებითი პენსიიდან შემოსავლის სახით 32 387 ევრო მიიღო.
გასულ წელს პრეზიდენტმა ქველმოქმედებაში 14 800 ლარი დახარჯა. საფონდო საქმიანობაში, რომელიც ასევე ქველმოქმედებას მოიცავს 40 ათასი ლარი, ხოლო "სოლიდარობის ფონდში“ ერთი წლის განმავლობაში 5 ათასი ლარი გადარიცხა.