იმ კომპანიის კვლევა, რომელიც ერთ სუბიექტზე მუშაობს, ჩემთვის სანდო არ იქნება, - ასეთი კომენტარი გააკეთა ნინო ბურჯანაძემ დღეს გავრცელებულ პოლიტიკურ რეიტინგებთან დაკავშირებით.
როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, მან ძალიან კარგად იცის კონტრაქტი, რომელიც კომპანია Greenberg Quinlan Rosner-თან "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს გაფორმებული.
"იდება ორი კვლევა, რომელთაგან ერთი შიდა, მეორე კი გარე მოხმარებისთვის არის გაკეთებული. შესაბამისად, ამ კომპანიის კვლევა სანდო არ არის. კომპანიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" და მიხეილ სააკაშვილთან პირადი კონტაქტები აქვს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მიხეილ სააკაშვილი ფულს უხდის", - აღნიშნა ბურჯანაძემ.
კვლევის თანახმად, ყველაზე პოპულარულ ოპოზიციურ ლიდერად "ქრისტიან-დემოკრატი" გიორგი თარგამაძეა დასახელებული. მეორე ადგილს კი "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია იკავებს. ნინო ბურჯანაძე ამ რეიტინგში არ შედის.
Greenberg Quinlan Rosner-ის დაკვეთით კვლევა საქართველოში მოქმედმა კომპანია ACT-მ ჩაატარა.