ავტორი:

პუტინის უახლოესი გარემოცვა - ვინ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინაში შეჭრას პუტინთან ერთად გეგმავდნენ და ვის უსმენს რუსეთის პრეზიდენტი

პუტინის უახლოესი გარემოცვა - ვინ არიან პოლიტიკოსები, რომლებიც უკრაინაში შეჭრას პუტინთან ერთად გეგმავდნენ და ვის უსმენს რუსეთის პრეზიდენტი

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის ფედერაციას დასავლეთმა უმკაცრესი სანქციები დაუწესა და ახლა ისე, როგორც არასდროს, მთელი ქვეყანა და მისი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ერთგვარ იზოლაციაში არიან.

პუტინი, რომლის ქმედებების შედეგადაც რუსეთის ეკონომიკას განადგურება ემუქრება, ახლა ყველაზე მარტო მდგომი ფიგურაა. ის იზოლირებულად გამოიყურება საკუთარ, ყველაზე სანდო გარემოცვასთან შეხვედრის დროსაც კი. ბოლო პერიოდში გამართული შეხვედრებისას თანამოაზრეებთან დიდი მანძილის დაშორებით ზის, რაც ერთგვარი ილუსტრაციაა იმ რეალობის, იმ დისტანციის, რომელიც ახლა რუსეთსა და დანარჩენ მსოფლიოს შორის არსებობს.

ცივილური სამყარო უკრაინაში შეჭრაზე პასუხისმგებლობას ვლადიმერ პუტინს აკისრებს.ამასთანავე, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს ჰყავს უახლოესი გარემოცვა, რომლებსაც ეყრდნობა და რომლებიც ასევე არიან პასუხისმგებელნი იმ სისასტიკეზე, რაც ახლა უკრაინაში ხდება.

პუტინის გარემოცვის ნაწილმა თავისი კარიერა უსაფრთხოების სამსახურში დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი ეყრდნობა მათ მიერ მიწოდებულ ინფორმაციებს, თუმცა საკითხავია, მათგან ვის შეუძლია პუტინს გაბედულად მისცეს რჩევა მისთვის ამ ყველაზე საბედისწერო მომენტში.

ვნახოთ ვინ წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უახლოეს გარემოცვას:

სერგეი შოიგუ დიდი ხანია პუტინის ნდობით სარგებლობს. ის ზუსტად იმეორებს ხოლმე პუტინის სიტყვებს უკრაინის დემილიტარიზაციის შესახებ და ასევე, პუტინის მსგავსად ამბობს, რომ რუსეთი დასავლეთის მხრიდან ე.წ. სამხედრო საფრთხის ქვეშაა. ეს არის კაცი, რომელიც პრეზიდენტთან ერთად დადის სანადიროდ და სათევზაოდ ციმბირში და წარსულში, მის პოტენციურ მემკვიდრედაც კი თვლიდნენ.

თუმცა შეხედეთ ქვემოთ მოცემულ ფოტოს, მაგიდის კიდეში უხერხულად სწორედ სერგეი შოიგუ ზის. ამ ფოტოს ნახვის შემდეგ, რთული განსასაზღვრია, რამდენად შეუძლია მას პუტინს საკუთარი ხმა გააგონოს, თუკი რა თქმა უნდა, მისგან განსხვავებული მოსაზრება აქვს.

შოიგუს სახელმა გაიჟღერა ნერვული აგენტით მოწამვლის ორ საქმეში და მათ შორის, რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის დროს.

პუტინთან შეხვედრისას სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი - საზოგადოებამ ისინი დაკრძალვაზე მყოფ ადამიანებს შეადარა

შოიგუ არა მხოლოდ სამხედრო საკითხებს ხელმძღვანელობს, არამედ ნაწილობრივ რუსული პოლიტიკის იდეოლოგიასაც, ის აკონტროლებს ნარატივს, რომელიც შემდეგ რუსი პოლიტიკოსებისგან გვესმის

როგორც სამხედრო შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის მოვალეობა იყო უკრაინაში შეჭრა და საქმის სწრაფად დასრულება. გერასიმოვმა ითამაშა დიდი როლი სხვადასხვა დროს ვლადიმერ პუტინის მიერ წამოწყებულ ომებში.

მიიჩნევა, რომ მას ჰქონდა მთავარი როლი უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის თვალსაზრისით. გასულ თვეში კი ბელარუსში რუსი სამხედროების წვრთნებს აკონტროლებდა.

გენერალმა გერასიმოვმა ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ყირიმის ანექსიის დროს.

ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის რუსული პოლიტიკის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი, ბენ ნობლი ამბობს, რომ პატრუშევის აზრით, დასავლეთი წლების განმავლობაში რუსეთის დაშლას ცდილობს. ის ერთ-ერთია პუტინის სამი, ყველაზე ერთგული ადამიანიდან. დანარჩენი ორი უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალექსანდრე ბორტნიკოვი და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი არიან. ეს არის პუტინის ყველაზე ახლო ტრიო.

მედიაში წერენ, რომ ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ისეთი გავლენა პრეზიდენტზე, როგორც ნიკოლაი პატრუშევს. უკრაინაში შეჭრამდე სამი დღით ადრე გამართულ უშიშროების საბჭოს სხდომაზე სწორედ პატრუშევი იყო ის, ვინც თქვა, რომ რუსეთის დაშლა აშშ-ის "კონკრეტული მიზანი“ იყო.

მკვლევრები, რომლებიც კრემლის საკითხზე მუშაობენ, ამბობენ, რომ პრეზიდენტი ყველაზე მეტად ენდობა იმ ინფორმაციას, რომელსაც ის უშიშროების სამსახურისგან (FSB) და ისი ხელმძღვანელისგან იღებს. ალექსანდრე ბორტნიკოვი განიხილება როგორც პუტინის შიდა სანდო წრეების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა.

FSB-ს აქვს მნიშვნელოვანი გავლენა სხვა სამსახურებზე და ჰყავს საკუთარი სპეცრაზმი. ის არის პუტინისთვის სანდო ფიგურა, მაგრამ როგორც BBC-ი წერს, არ წარმოადგენს იმ ადამიანს, რომელსაც პრეზიდენტისთვის რჩევის მიცემა შეუძლია.

სერგეი ნარიშკინს თავისი კარიერის დიდი ნაწილი ვლადიმერ პუტინის გვერდით აქვს გატარებული. ამ ფონზე კი, საზოგადოებისთვის შოკისმომგვრელი აღმოჩნდა პუტინის წინაშე მისი დაბნეულობა და რუსეთის პრეზიდენტის დამოკიდებულება, რომელიც მთელმა მსოფლიომ ნახა რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომაზე (გაეცანით პუტინისა და ნარიშკინის გასაუბრების დეტალებს: "მხარს უჭერთ, თუ მხარს დაუჭერთ, თქვით პირდაპირ..." - დაბნეულობა და დაძაბული დიალოგი პუტინსა და ნარიშკინს შორის)

ის არის პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ახლო ადამიანი, რომელზეც პრეზიდენტს დიდი გავლენა აქვს.

უკვე 18 წელია, რაც სერგეი ლავროვი რუსული დიპლომატიის მთავარი ფიგურაა. ლავროვი რუსული პოლიტიკის მსოფლიოსთვის მთავარი წარმდგენია, იმის მიუხედავად, რომ ბევრი გადაწყვეტილების მიღებაში, შესაძლოა, ის არ იყოს მთავარი ფიგურა.

71 წლის ლავროვი კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი ძირითადად ეყრდნობა "წარსულის ფიგურებს."

როგორც BBC-ი წერს, მართალია, ის გვერდით უდგას პუტინს უკრაინაში შეჭრის დროსაც, თუმცა მისი თავდაპირველი განცხადებები აჩვენებდა, რომ საკითხის დიპლომატიის გზით გადაწყვეტის მომხრე იყო, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა მისი იგნორირება არჩია.

პუტინის ახლო გარემოცვაში ქალი იშვიათია, თუმცა მატვინენკო გამონაკლისია. ის ზედამხედველობდა ზედა პალატის კენჭისყრას რუსული ძალების საზღვრებს მიღმა განთავსების შესახებ, რაც გზას უხსნიდა უკრაინაში სხვადასხვა ლოკაციიდან შეჭრას.მიზანი იყო შთაბეჭდილების შექმნა, რომ თითქოს ამ საკითხზე დისკუსია გაიმართა მაშინ, როცა პუტინს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.

ვალენტინა არის პუტინის ერთგული პირი, მაგრამ ის არ მიიჩნევა გადაწყვეტილებების მიმღებად.

ზოლოტოვი ვლადიმერ პუტინის ყოფილი მცველია. ახლა კი ხელმძღვანელობს იმ ეროვნულ გვარდიას, რომელიც 6 წლის წინ ჩამოაყალიბეს. ეს არის ერთგვარად პუტინის პირადი არმია. ზოლოტოვი პუტინის ერთგული და სანდო ადამიანია.