"გენეალოგიური ხე ყველა კულტურულ ოჯახში უნდა იყოს, მისი არქონა სირცხვილია!"

"გენეალოგიური ხე ყველა კულტურულ ოჯახში უნდა იყოს, მისი არქონა სირცხვილია!"

ხშირად რომელიმე ოჯახში სტუმრობისას თვალი გაგვქცევია კედელზე ჩამოკიდებული ან კომოდსა თუ პიანინოზე დაწყობილი, ოდნავ სიძველედაკრული პორტრეტებისკენ და დავინტერესებულვართ კიდეც მათი "ვინაობით".

თითქოს იმიტომაც მოუთავსებიათ თვალსაჩინოდ, რომ მე, თქვენ და კიდევ ბევრ ჩვენნაირ ცნობისმოყვარეს გამოეკითხა მათ შესახებ და მასპინძლისგან სიამაყით მოთხრობილი ამბებიც მოესმინა თავისი უახლოესი წინაპრების კაიკაცობაზე, სიქველესა თუ სიყვარულზე და ვიდრე ეს ფოტოები იქნება, მათით გაცოცხლებული ისტორიაც იარსებებს, და იარსებებს მსმენელიც, რომელიც წარსულის ამბებს გულისყურით მოისმენს.

ფოტოებით დახუნძლული "წინაპართა ხე", ალბათ, ყველაზე დიდი, ფესვმაგარი და გამძლე ხეა დედამიწაზე გახარებულ ხეთა შორის, წინაპრებით დასახლებული მისი ფესვები კი - ყველაზე ღრმა და საღი ფესვთა შორის, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც კარგი მზრუნველი ამ ხის ნიადაგს მუდამ ანოყიერებს. ამქვეყნად ათასი ჯურის ადამიანი ცხოვრობს სხვადასხვა მიზნით, თვალსაზრისითა თუ წესით, თუმცა აღმოჩნდა, რომ უმრავლესობას საკუთარი წარმომავლობითა და გვარის ისტორიით დაინტერესება აერთიანებს. გენეალოგიის შედგენასაც ხშირად უკვეთენ ხოლმე სპეციალისტებს და შემდეგ თავიანთი გვარის ადამიანებზე წიგნებსაც გამოსცემენ.

რით არის მნიშვნელოვანი "წინაპართა ხის" არსებობა და, ძირითადად, რისთვის ინტერესდებიან ადამიანები საკუთარი გვარის გენეალოგიით? - გვესაუბრება ქართული გენეალოგიის ინტერნეტგვერდის, "ჭადრის" ავტორი, ისტორიკოსი, პროფესორი რევაზ ხუციშვილი:

- როგორც ცნობილია, გვარი თავისებური ცოცხალი ისტორიაა, ოჯახის მემკვიდრეობითი სახელია, საზოგადოების პირვანდელი უჯრედი, ანუ ერის განუყოფელი და ძირითადი შემადგენელი ნაწილი. ამასთანავე, გვარი პიროვნების ღირსებასა და თვისებებზეც მიანიშნებს, მას სამართლიანად იყენებენ ადამიანთა დახასიათებისას, მაგალითად, ამბობენ, რომ ეს კაცი კარგი ან ცუდი გვარიშვილიაო და სხვ.

ქართულ გენეალოგიურ, ისტორიულ თუ მხატვრულ ლიტერატურაში, აგრეთვე, ფოლკლორში, ხშირად ვხვდებით სხვადასხვა საინტერესო მოსაზრებას გვარისა და პიროვნების მნიშვნელობის შესახებ. თუნდაც ალექსანდრე ყაზბეგის "ხევისბერი გოჩა" გაიხსენეთ: როდესაც ხევისბერი თავის შვილს, ონისეს სამშობლოს დასაცავად გზავნის, თავის პატრიოტულ განწყობას და ძირითად აქცენტს სწორედ გვარის ღირსებაზე უმახვილებს:

"გახსოვდეს, ვისი გორისა ხარ!" ნებისმიერი ერისათვის, მათ შორის - ჩვენთვის, ქართველებისთვის, წინაპართა ვინაობის ცოდნას მაღალი იდეურ-საგანმანათლებლო, აქედან გამომდინარე კი, ეროვნული თვითშეგნებისა და პატრიოტიზმის დიდი დატვირთვა აქვს.

საზღვარგარეთ გენეალოგიის შემსწავლელი ძალიან ბევრი ინსტიტუტია, არსებობს შესაბამისი უცხოური ინტერნეტგვერდებიც. ჩვენ ამითაც ძალიან ჩამოვრჩებით უცხოეთს, არადა, ვფიქრობ, გენეალოგიური კვლევები ერის კულტურის სფეროა და სახელმწიფო პრიორიტეტად უნდა იქცეს.

არადა, იცით, რა დიდი პატივისცემა და სიყვარული აქვს თითოეულ პიროვნებას თავისი გვარისა თუ წინაპრისადმი და, შესაბამისად, რამდენი რამის შეტყობა სურს მათზე? ერთი რამ კი მაოცებს და ჩვენს ნაკლად მიმაჩნია: ჩემთან მოდიან და, ძირითადად, მხოლოდ მამის შტოს გენეალოგიის გაკეთებას მთხოვენ. საზღვარგარეთ ასეთი რამ იშვიათად ხდება.

- ბატონო რევაზ, როგორ ფიქრობთ, ქართველები, ძირითადად, სისხლის ყივილის, ფესვებთან დაახლოების წყურვილით იკვლევენ საკუთარ გენეალოგიას, თუ იმიტომ აკეთებენ "წინაპართა ხეებს", რომ საკუთარი სახელი და გვარიც უკვდავყონ?

- ძირითადად, უფრო წინაპრების პატივისცემითა და მათი ცხოვრების შესწავლის ინტერესით...

უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მიერ გვარების დალოცვა, მოწოდება, რომ თითოეულმა საკუთარი გვარის ისტორია გაიცნოს, უდიდეს საქმედ მიმაჩნია. საერთოდ კი, გენიალოგიური ხე ყველა კულტურულ ოჯახში უნდა იყოს, მისი არქონა სირცხვილია!

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"