ავტორი:

რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარე ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე?

რა ინფორმაციას ავრცელებს რუსული მხარე ვლადიმერ პუტინისა და ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის თაობაზე?

გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტების საუბარი თითქმის 2 საათს გაგრძელდა. "გარდიანის" ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, სატელეფონო საუბრისას კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი მოთხოვნები და თქვა, რომ უკრაინამ უნდა შეასრულოს ისინი, წინააღმდეგ შემთხვევაში ომი გაგრძელდება.

ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე ელისეის სასახლემ განაცხადა, რომ მაკრონმა კვირა დილით პუტინს საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო საზოგადოების მოთხოვნები კვლავ გადასცა, ისევე როგორც მოითხოვა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების გარანტიები და ჰუმანიტარული ორგანიზაციების ოპერირების უფლება.

კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციიით, საუბარი შეეხო ატომური ელექტროსადგურების უსაფრთხოების საკითხსაც.

მათივე ინფორმაციით, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე "უკრაინელმა რადიკალებმა დივერსიული ჯგუფის მონაწილეობით პროვოკაცია მოაწყვეს.“

"რუსული ჯარები თანამშრომლობენ უკრაინელ პერსონალთან და განაგრძობენ ატომური ელექტროსადგურის ნორმალურ რეჟიმში მუშაობის უზრუნველყოფას და რადიოაქტიური ფონი ნორმალური რჩება. ელექტროსადგურის ფიზიკური და ბირთვული უსაფრთხოება კარგად არის დაცული“, - განაცხადა პუტინმა.

კრემლის განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები აკონტროლებენ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს, იმისთვის, რომ თავიდან აიცილონ "უკრაინელი ნეო-ნაცისტების ან ტერორისტების მიერ კატასტროფული შედეგების მომტანი პროვოკაციების მოწყობა".

კრემლის ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა რუს კოლეგას ჩერნობილის ზონაში სამმხრივი, უკრაინა-რუსეთისა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლების, შეხვედრის გამართვის იდეა შესთავაზა, რაზედაც ვლადიმერ პუტინმა უპასუხა, რომ "ეს იდეა შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ უნდა განიხილონ, ასეთი შეხვედრა ვიდეოკონფერენციის საშუალებით ჩატარდეს თუ მესამე ქვეყანაში“.