ავტორი:

"ეჭვი არ მეპარება, რომ სასამართლო საერთაშორისო ძებნილად არ გამომაცხადებს" - თინა კანდელაკი უკრაინის გენპროკურორს მიმართავს

"ეჭვი არ მეპარება, რომ სასამართლო საერთაშორისო ძებნილად არ გამომაცხადებს" - თინა კანდელაკი უკრაინის გენპროკურორს მიმართავს

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ აქციებმა მთელი მსოფლიო მოიცვა. რუსეთის პრეზიდენტს საკუთარ ქვეყანაშიც არაერთი ცნობილი ადამიანი, მსახიობი და მომღერალი დაუპირისპირდა. მათმა ნაწილმა ქვეყანაც კი დატოვა. ომის დაწყების დღიდან პუტინის გულშემატკივართა რიგებშია რუსეთში მოღვაწე ქართული წარმოშობის ბიზნესლედი და ჟურნალისტი თინა კანდელაკი.

ომის დღეებში კანდელაკის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულმა პოსტებმა მისი წარმოშობის გამო, განსაკუთრებულად ქართველები გააღიზიანა, მათი ნაწილი გვარის ჩამორთმევითაც კი დაემუქრა.

თინა კანდელაკის პოსტები "ინსტაგრამზე" უამრავჯერ დარეპორტდა. ამის შემდეგ კანდელაკმა კომფორტის ზონა მოიწყო და "ტელეგრამის" საკუთარი არხი შექმნა, სადაც რასაც უნდა იმას წერს და ომის მიმდინარეობაზე პროვოკაციული პოსტების წერას აგრძელებს.

სწორედ ეს გახლდათ მიზეზი, რომ მის მიმართ საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, გუშინ გავრცელებული განცხადებით, უკრაინის საგამოძიებო უწყება თინა კანდელაკს, სისხლის სამართლის დანაშაულში ამხელს და უახლოეს მომავალში მის საერთაშორისო ძებნილად გამოცხადებას გეგმავს.

გენპროკურორ ირინა ვენედიქტოვას ინფორმაციით, გამომძიებლებმა შეისწავლეს თინა კანდელაკის "ტელეგრამის" არხების კონტენტი და "უკიდურესად გაოცდნენ", ვინაიდან პროკურორის შეფასებით, კანდელაკის მოწოდებები დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. ირინა ვენედიქტოვა კანდელაკს კარგი ადვოკატის მოძებნას ურჩევს და აფრთხილებს, რომ თუ იგი ეცდება სხვა ქვეყნაში გადასვლას, მას შესაბამისი ორგანოები უკრაინაში ექსტრადირებისთვის დააკავებენ.

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, კანდელაკი მხილებულია "კონსტიტუციური წესრიგის იძულებით შეცვლის ან დამხობის, ან სახელმწიფო ხელისუფლების ხელში ჩაგდების, უკრაინის ტერიტორიის ან სახელმწიფო საზღვრების შეცვლის მიზნით ჩადენილი ქმედებების დაფინანსებაში".

თინა კანდელაკმა გვიან ღამით ირინა ვენედიქტოვას "ტელეგრამის" საკუთარ არხზე უპასუხა. კანდელაკი წერს, რომ არ ეშინია სასამართლო პროცესის, ასევე კვლავინდებურად არ იშლის და უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს, ვინაიდან მისი განცხადება შეიცავს ძალიან ბევრ ტყუილს, გთავაზობთ მხოლოდ მის ფრაგმენტს.

"ძვირფასო ირინა ვალენტინოვნა ვენედიქტოვა! მე არ მოგმართავთ "პატივცემულო", რადგან გენერალურ პროკურორებს პატივს სცემენ არა თავიანთი პოზიციისთვის, არამედ კანონის უზენაესობის მიმართ კეთილსინდისიერი მუშაობისთვის. თქვენს განცხადებას კი ეს არ შეეხება და როცა ამ ტექსტის კითხვას დაასრულებთ, მიხვდებით რატომაც. თქვენ მადანაშაულებთ, რომ რუს და უკრაინელ მოსახლეობას ვაფრთხილებდი, რომ არ დაიჯერონ ყალბი ცნობები. კონფლიქტის დროს ყოველთვის ბევრი ტყუილია, როგორც თქვენს ტექსტში. არ ვიცი, როგორი პროკურორები მუშაობენ თქვენთან, ისინი ნამდვილად არ იცავენ თქვენი ფორმის ღირსებას. ვინც ჩემი საქმე მოგიტანათ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლონ სამსახურიდან არაკომპეტენტურობის გამო. თქვენ ციტირებთ ჩემს 24 თებერვლის ტექსტს, სადაც მე ვწინასწარმეტყველებ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რადას დეპუტატების საზღვარგარეთ გაქცევას და იანუკოვიჩის დაბრუნებას. ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ ეს სიტყვები არც 24 თებერვალს მითქვამს და არც სხვა დღეს. სამწუხაროდ, ეს არ გამორიცხავს უკრაინელი პოლიტიკოსების შესაძლო გაქცევას...

ეჭვი არ მეპარება, რომ სასამართლო, რომელსაც თქვენ მიმართეთ, უყურადღებოდ დატოვებს თქვენს წინადადებას და საერთაშორისო ძებნილად არ გამომაცხადებს", - წერს კანდელაკი.

იხილეთ ასევე: