ავტორი:

აფეთქებები კიევში, საჰაერო განგაში არაერთ ქალაქში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სუმში მოკლული უკრაინის ჩემპიონი და მისი ოჯახი - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?

აფეთქებები კიევში,  საჰაერო განგაში არაერთ ქალაქში, ოკუპანტების თავდასხმის შედეგად სუმში მოკლული უკრაინის ჩემპიონი და მისი ოჯახი - რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში?

უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. გასული ღამეს რუსულმა მხარემ კვლავ მიიტანა საჰაერო იერიში ქვეყნის სხვადასხვა დასახლებულ პუნქტზე. ოკუპანტების მიერ უკრაინის მიწაზე ჩამოყრილ ბომბებს ისევ მსხვერპლი მოჰყვა, გარდაცვლილთა შორის არიან ბავშებიც.

მოკლედ მოგიყვებით რა ხდებოდა გასულ ღამეს უკრაინაში:

  • უახლესი ინფორმაციით, კიევსა და მიმდებარე რაიონებში კვლავ აფეთქებების ხმა ისმის - ამოქმედდა განგაშის სიგნალი

ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მათივე ცნობით, დედაქალაქში კვლავ ამოქმედდა საჰაერო განგაშის სიგნალები.

BBC რამდენიმე უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ კიევის გარდა, სიგნალების ხმა ქვეყნის რამდენიმე სხვა ქალაქშიც ისმის, მათ შორის ჩერნიგოვში, ლუბნიში, პოლტავასა და ვასილკოვში.

განგაშის ხმა მოქალაქეებს პოტენციური საჰაერო თავდასხმების საფრთხის შესახებ ატყობინებს, რათა დაუყოვნებლივ ბუნკერებს შეაფარონ თავი.

  • სუმზე განხორციელებულ ავიაიერიშს უკრაინის ჩემპიონი და მისი ოჯახი ემსხვერპლნენ

სუმში რუსული ძალების მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმების დროს უკრაინის არაერთგზის ჩემპიონი სამბოში არტემ პრიმენკო და მისი ოჯახის კიდევ ხუთი წევრი დაიღუპნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2006 წელს დაბადებულ სპორტსმენთან ერთად გარდაიცვალნენ მისი მამა, დედა, ბებია და ორი უმცროსი ძმა

  • რუსეთმა ჟიტომირზე ავიადარტყმა განახორციელა, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია

რუსულმა ძალებმა ჟიტომირზე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი, - ინფორმაციას უკრაინული მედია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

"ოკუპანტებმა სახლები დაანგრიეს, ხალხი დაიხოცა. საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურს უკვე აქვს ინფორმაცია, რომ ავიადარტყმის დროს მცირეწლოვანი ბავშვები დაიღუპნენ,“- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

  • რუსებმა საცხოვრებელი კორპუსი და ტექსტილის ქარხანა გაანადგურეს

უკრაინის ქალაქ ჟიტომირის მერის, სერგეი სუხომლინის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსი და ტექსტილის ქარხანა განადგურდა.

"უკრაინაში, ჟიტომირში, რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო დარტყმების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი და დიდი ტექსტილის ქარხანა განადგურდა”, - აცხადებს მერი Telegram-ში გამოქვეყნებულ ვიდეო შეტყობინებაში.

მისი თქმით, აღნიშნულ ქარხანაში ქვეყანაში არსებული ბამბის დაახლოებით 70 პროცენტს აწარმოებდნენ

იხილეთ ასევე: