ორიოდე დღის წინ გახსნილ სიდნეის მოტორშოუზე კომპანია "ლექსუსმა" ჰიბრიდული ავტომობილი, CT 200h წარადგინა, რომლისთვისაც გათვალისწინებულია სპორტ-პაკეტი - F Sport. სპორტ-პაკეტი ითვალისწინებს ძარას შეღებვას სპეციალურ - მუქ-ცისფრად, რომელსაც მხოლოდ "განახლებული" სედანის, - IS-F, - მყიდველებს შესთავაზებენ. ასევე გათვალისწინებულია რადიატორის ახალი ცხაურის, უფრო აგრესიული წინა ბამპერისა და ბორბლებზე განსხვავებული დისკების დაყენება.
ავტომობილს მოდერნიზებული ინტერიერი ექნება ახალი საჭით, სატერფულებზე ლითონის დეტალებით და IS-F-ის სტილში შესრულებული ხელსაწყოთა პანელით. "ლექსუსის" წარმომადგენელთა თქმით, ამ ავტომობილს მართვა გაუუმჯობესდა, ხმაური და ვიბრაცია შემცირდა. ცვლილება არ განუცდია CT 200h-ის აგრეგატს.
მანქანა კვლავაც 1,8-ლიტრიანი, ატკინსონის ციკლში მომუშავე ბენზინის მოტორით, ელექტროძრავათი, ასევე ნიკელ-მეტალჰიდრიდული ბატარეებით დაკომპლექტდება, რომელთა საშუალებითაც იგი მხოლოდ ელექტროგაწევით, დაახლოებით 2 კმ-ს, 45 კმ/სთ სიჩქარით გაივლის. ახალი "ლექსუსის" გაყიდვა ევროპულ ბაზარზე უახლოეს მომავალში დაიწყება, ხოლო პირველ მყიდველებს ავტომობილის მიღება მიმდინარე წლის ბოლოს შეეძლებათ.
ალექსი რეხვიაშვილი
ჟურნალი ”გზა”
(გამოდის ხუთშაბათობით)