ავტორი:

პანიკური შესყიდვები და ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი - რატომ გაქრა რიგი პროდუქტები ქართული სუპერმარკეტებიდან?

პანიკური შესყიდვები და ხელოვნურად შექმნილი დეფიციტი - რატომ გაქრა რიგი პროდუქტები ქართული სუპერმარკეტებიდან?

სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისსა და ქუთაისის სუპერმარკეტებში რიგი პროდუქტების დეფიციტია, მაგალითად, ფქვილის, ზეთის, შაქრის და ა.შ.

დისტრიბუტორთა ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონიას განცხადებით, რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვშია რიგ შემთხვევაში პრობლემა, რადგან პანიკური შესყიდვა ხდება.

მისივე თქმით, პროდუქტების დეფიციტის საშიშროება ქვეყანაში არ დგას და მოსახლეობას მოუწოდა, პანიკური შესყიდვებისგან თავი შეიკავონ, რათა დეფიციტი ხელოვნურად არ შეიქმნას.

"პანიკური ფონი არის ძალიან ცუდი, რადგან როდესაც დახლზე კონკრეტულად ვიღაც ერთი ბრენდის ქვეშ რაღაც პროდუქტს იყიდის და მეორე ხედავს, რომ პროდუქტი არ არის, სამწუხაროდ, ხელოვნურად ეს იწვევს პანიკას და შემდეგ უკვე ვრცელდება, თითქოს რაღაც პროდუქტი არ არის. რეალურად პროდუქტების პრობლემა კი არ არის, მიწოდების ჯაჭვში არის რიგ შემთხვევაში პრობლემა, იმიტომ რომ ხდება პანიკური შესყიდვები.

ხაზი მინდა გავუსვა, რომ საკმაოდ დიდი რაოდენობით პროდუქტების შესყიდვა მოხდა, რომელიც გაიგზავნა უკრაინაში ჩვენი მოძმე ერის დასახმარებლად. ამან, რა თქმა უნდა, გაზარდა მოთხოვნა პირველად პროდუქტებზე და ჩვენც ცოდო ვართ, მიწოდების ჯაჭვში გვიჭირს. მათ შორის, რიგი პროდუქტის შემთხვევაში ლოჯისტიკაც გაჭირდა. ზოგი პროდუქტი ლარსზეა გაჭედილი და ახლა ჩვენ თუ პანიკურ შესყიდვებს გავაკეთებთ, რა თქმა უნდა, ხელოვნურად შევქმნით დეფიციტს და თხოვნა მექნება ჩვენს მოსახლეობასთან, რომ არ გააკეთონ პანიკური შესყიდვები და ხელოვნურად არ შექმნან ქვეყანაში დეფიციტი. ეს უფრო მძიმე ვითარებაში ჩაგვაგდებს," - განაცხადა ივა ჭყონიამ.

იხილეთ ასევე: