ავტორი:

"დღეში ერთხელ ჭამენ, სძინავთ მაგიდებსა და იატაკზე" - ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსული ოკუპაციის ქვეშ: რა ხდება ჩერნობილში ახლა?

"დღეში ერთხელ ჭამენ, სძინავთ მაგიდებსა და იატაკზე" - ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლები რუსული ოკუპაციის ქვეშ: რა ხდება ჩერნობილში ახლა?

უკრაინაში რუსული სამხედრო ძალის შეჭრის შემდეგ, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგური და იქ განვითარებული მოვლენები, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია, გაჩნდა არაერთი კითხვა არა მხოლოდ უკრაინის არამედ, მთელი მსოფლიოს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

ამ დროისთვის ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს რუსი სამხედროები აკონტროლებენ, თუმცა იქ ჩარჩენილია ელექტროსადგურის 100-ზე მეტი თანამშრომელი და ბოლო ინფორმაციით, მათ ურთულეს პირობებში უწევთ მუშაობა. როგორც BBC-ი წერს, ასევე, ჩარჩენილია 200-მდე უკრაინელი მცველი, რომლებიც უსაფრთხოებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი.

გამოცემის ცნობით, ელექტროსადგურის თანამშრომლები, აგრძელებენ თავიანთი მოვალეობის შესრულებას.

  • BBC-ი წერს, რომ შიგნით რთული პირობებია, შეზღუდულია საკვები და მედიკამენტები, ექსპერტები იმის გამოც შფოთავენ, რომ იმ სტრესმა, რომელშიც ამ ადამიანებს უწევთ მუშაობა და ელექტროსადგურის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, შეიძლება გავლენა მოახდინოს მათ უნარზე, უსაფრთხოდ შეასრულონ თავიანთი მოვალეობები ბირთვულ ობიექტზე.

არსებული ინფორმაციით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს საჭმელი ადგილზე აქვთ, მაგრამ რადგანაც არ იციან, თუ რამდენ ხანს მოუწევთ იქ დარჩენა, ამიტომაც დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამენ. ამბობენ, რომ საკვები ძირითადად არის პური და ფაფა.

აღსანიშნავია, რომ გასულ კვირას რუსებმა მათ საკვები შესთავაზეს, მაგრამ ჩერნობილში ჩარჩენილმა უკრაინელებმა ის არ მიიღეს და განაცხადეს, რომ ეს იყო "პროპაგანდისტული ტრიუკი."

არ არის მოწყობილი დასაძინებლად ადგილები, ამიტომ შეიქმნა დროებით საცხოვრებლები, ზოგს ბანაკის საწოლებსა და მაგიდებზე სძინავს, ზოგს კი იატაკზე. ზოგიერთს ესაჭიროება მედიკამენტები, რომელიც შეზღუდული რაოდენობით აქვთ.

  • რა მოხდა ჩერნობილში ბოლო დღეებში?

უკრაინაში რუსული ძალების შეჭრისა და ბრძოლების შედეგად, ჩერნობილის დახურულ ატომურ ელექტროსადგურზე გუშინ ელექტროენერგია გაითიშა, საზოგადოებაში გაჩნდა შიში, რომ შესაძლოა, ამან გამოწვიოს ბირთვული საწვავის გადახურება.

უკრაინული ელექტროქსელის განცხადებით, ჩერნობილის ყველა სადგურს შეუწყდა ელექტროენერგიით მომარაგება და 48 საათის სამყოფი დიზელი ჰქონდათ გენერატორებისთვის. მათივე ცნობით, ელექტროენერგიის გარეშე "ბირთვული და რადიაციული პარამეტრების კონტროლი“ შეუძლებელია.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრი კულებამ მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სასწრაფოდ მოუწოდონ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტისკენ, რათა მიეცეთ შესაძლებლობა ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის.

"დაზიანებულია ერთადერთი ელექტრო ქსელი, რომელიც ამარაგებს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს და მის ყველა ატომურ ობიექტს, რომელიც რუსული არმიის მიერ არის ოკუპირებული. მოვუწოდებ საერთაშორისო თანამეგობრობას, სასწრაფოდ მოსთხოვოს რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა და სარემონტო განყოფილებებს მიეცეს საშუალება, აღადგინონ ელექტროენერგიის მიწოდება", - წერს კულება "ტვიტერში."

  • გარდა ამისა, განცხადება გაავრცელა უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამაც, რომლის ცნობითაც, არსებობს საფრთხე იმისა, რომ რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყოს.

"ტელეგრამის" არხზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაში, Energoatom-ი (უკრაინის ატომური ენერგიის მაგენერირებელი ეროვნული კომპანია) აცხადებს, რომ მაღალი ძაბვის ხაზი, რომელიც კვებავს ქარხანას, გათიშულია, მას შემდეგ, რაც რუსები ორი კვირის წინ ამ ტერიტორიაზე შეიჭრნენ.

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განუცხადა BBC-ს, რომ უკრაინას არ აქვს წვდომა სადგურზე მონიტორინგის ინფორმაციაზე და, შესაბამისად, ვერ შეაფასებს, რადიოაქტიური ნივთიერებები გამოიყოფა, თუ არა.

მისი თქმით, კვების წყარო უნდა აღდგეს, მაგრამ დასძინა, რომ არსებობს "ელექტროენერგიის შეწყვეტის შემთხვევაში უსაფრთხოების სპეციალური სისტემა", რომელიც საშუალებას მისცემს ობიექტს, რამდენიმე დღის განმავლობაში იმუშაოს დიზელის გენერატორების გამოყენებით.

  • რას ამბობენ საკითხის უცხოელი ექსპერტები?

ექსპერტები ამბობენ, რომ საფრთხე გარდაუვალი არ არის, რადგანაც დრო და ფიზიკა უსაფრთხოების მხარეს არიან. ექსპერტთა შეფასებით, ვინაიდან საქმე გვაქვს დახურულ ატომურ ელექტროსადგურთან, ეს არ არის ის სიტუაცია, რომელიც 2011 წელს ფუკუშიმას ბირთვული კატასტროფის დროს იყო.

ასევე საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოში აცხადებენ, რომ "ვერ ხედავენ კრიტიკულ გავლენას უსაფრთხოებაზე."

ამის შესახებ საუბრობს ბირთვულ უსაფრთხოებაზე მომუშავე მეცნიერთა კავშირის ხელმძღვანელი, ედვინ ლიმანი. მისი შეფასებით, ყველაზე უარესი სცენარის წარმოდგენის შემთხვევაშიც კი ატომური ენერგიის გადახურებას ერთ თვეზე მეტი პერიოდი შეიძლება დასჭირდეს. მისი თქმით, ეს პროცესი ნელა მიმდინარეობს.

"ახლანდელი სცენარი არ ჰგავს 1986 წლის ჩერნობილის კატასტროფას" - ამბობს ფიზიკოსი, პროფესორი პატრიკ რეგანი, ამის მიზეზად კი იმას ასახელებს, რომ საქმე დახურულ ატომურ ელექტროსადგურს ეხება.