ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა, ჩემი მთლიანად გამართლება - მინდა მივმართო ყველა ქართველს - სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს?,- ასე ეხმიანება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰააგის სასამართლოს პროკურორის, კარიმ ხანის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერი გამოიცა.
როგორც სააკაშვილი განმარტავს, ჰააგის სასამართლომ სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა.
“ძალიან დიდი ისტორიული ამბავი მოხდა - ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბოლომდე გაგვამართლა - "ქართული მხარე ახორციელებდა თავდაცვას და მოქმედებდა ომის ყველა წესის დაცვით". მან სამხედრო დანაშაულში რუსული მხარე ამხილა, გენერალ ბორისოვზე, რომელიც უკვე გარდაცვლილია და ასევე სამ ეთნიკურად ოს რუსეთის მოქალაქეზე, დაპატიმრების ორდერი გასცა. წულუკიანმა, ივანიშვილის დავალებით, ყველაფერი გააკეთა რომ მე დავედანაშაულებინე და არაფერი გამოუვიდა.
ეს სიმართლის ისტორიული გამარჯვებაა. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მყარი გარანტია. ეს არის ჩემი მთლიანად გამართლება.
ბოლოს, მინდა მივმართო ყველა ქართველს - სადამდე უნდა ითმინოთ, რომ ამხელა გამარჯვების ავტორი ჩემი სახით, ახლა ქართულ ციხეში იჯდეს. და ვინც ამას ითმენს, თუნდაც დღევანდელი დღის შემდეგ, არ შერცხვება?!
ჩემის მხრივ, უზომოდ ამაყი ვარ ჩვენი ქართული ჯარით, რომელმაც უმაღლესი კლასი აჩვენა არამხოლოდ ბრძოლაში, არამედ ისე იომა, რომ არავის უფლება არ დაურღვევია, რაც ძალიან რთულია ომის დროს.
"მძინარე ცხინვალის დაბომბვის" აპოლიგეტებს თუ ღვიძავთ ნეტავ?!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა, კარიმ ხანმა აგვისტოს ომის საქმეზე სამი პირის დაკავების ორდერისთვის განაცხადი შეიტანა.
კარიმ ხანის განცხადებით, აღნიშნული პირები არიან : გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი, რომელიც 2005-2008 წლებში „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ადმინისტრაციის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი იყო; გამლეტ გუჩმაზოვი, რომელიც აგვისტოს ომის დროს „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი იყო; დავით სანაკოევი, “სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. „პრეზიდენტის“ დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.