10 მარტს რუსეთის და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ანტალიაში, ფაქტობრივად, უშედეგოდ დამთავრდა. ლავროვი-კულებას პირისპირ შეხვედრაზე უკრაინა 24 საათით ცეცხლის შეწყვეტას და ჰუმანიტარულ დერეფანს ითხოვდა. ერთადერთი, რაზეც ახლა პუტინია თანახმა, ეს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაა, ოღონდ, მხოლოდ რამდენიმე საათით და ისიც, რუსეთის გეგმით. დღეს პუტინი ლუკაშენკოს შეხვდება და არ გამორიცხავენ, რომ ომის მე-16 დღე ცეცხლის შეწყვეტისთვის გარდამტეხი აღმოჩნდეს.
როგორც პოლიტოლოგი გიორგი გობრონიძე გვეუბნება, ლავროვის, ამ გამოცდილების მქონე დიპლომატისგან ასეთი გზავნილები იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვს ამოწურული აქვს ყველა საინფორმაციო რესურსი, რაიმე ფორმით მოახდინონ გამართლება იმისა, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებენ. შეგახსენებთ, ლავროვი კვლავაც დაბეჯითებით ცდილობდა იმის მტკიცებას, რომ რუსეთი თავს უკრაინას თურმე არ დასხმია. ის არაადეკვატური პოზიცია, რაც ჩვენ ვნახეთ, გვაფიქრებინებს, რომ რუსეთის ხელისუფლება სრულიად პარალელურ სამყაროს ქმნის და აპირებს მასში მთელი რუსეთი გამოკეტოს.
"შეხვედრას შედეგი არ მოჰყოლია და, სამწუხაროდ, საომარი მოქმედებები ისევ გრძელდება. მხარეები ვერ მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და ეს ლოგიკურიც იყო - ერთის მხრივ, რუსეთის ფედერაციას უჭირს აღიაროს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა ამდენი ხნის განმავლობაში ვერ შეძლეს სტრატეგიული უპირატესობის მიღწევა უკრაინის ტერიტორიაზე და, შესაბამისად, მხარეებს ჯერ კიდევ გააჩნიათ რესურსი იმისთვის, რომ საბრძოლო მოქმედებები გააგრძელონ. ამდენად, არც ერთი მხარე არ იტყვის უარს ბრძოლაზე იქედან გამომდინარე, რომ ერთ მხარეს სასწორზე დევს უკრაინის სუვერენიტეტი, სახელმწიფოებრიობა და მეორე მხარეს იმავე რუსეთის და რუსული პოლიტიკური ელიტის არსებობა, რომელიც საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას. რუსეთი დამარცხებას თუ აღიარებს და უკრაინიდან ჯარების გამოყვანას დაიწყებს, მაშინ, ბუნებრივია, დაისმება სერიოზული კითხვები რუსეთის მმართველი ელიტის მიმართ. ლავროვის, ამ გამოცდილების მქონე დიპლომატისგან ასეთი გზავნილები იმაზე მიუთითებს, რომ მოსკოვს, პრაქტიკულად, ამოწურული აქვს ყველა საინფორმაციო რესურსი, რაიმე ფორმით მოახდინონ გამართლება იმისა, რასაც ისინი უკრაინაში აკეთებენ. მისგან მოვისმინეთ თეთრზე შავის მტკიცება. რა თქმა უნდა, მოსკოვს არ სურს აღიაროს მისი შეიარაღებული ძალების მიერ ჩადენილი ომის დანაშაულის არა ერთი ფაქტი, ის ბარბაროსობა, რომელსაც რუსული არმია სჩადის და ელემენტარულად ის, რომ ვერ შეძლეს ბრძოლის წარმოება. მათ მოუწიათ გადასულიყვნენ სამოქალაქო მოსახლეობის დატერორებაზე, სხვა არაფერი ჰქვია ამ სტრატეგიული დაბომბვის ტაქტიკას, რასაც, მაგალითად, 1945 წელს იყენებდნენ დრეზდენის მოსახლეობის წინააღმდეგ. დღეს იმავეს აკეთებს რუსეთის ფედერაცია და, ბუნებრივია, ეს გზავნილები ამით შეიძლება აიხსნას. რუსები ამ განცხადებებით ცდილობენ არა იმდენად საგარეო აუდიტორიის წინაშე მოახდინონ საკუთარი მოქმედებების ლეგიტიმაცია, არამედ საკუთარი მოსახლეობა (რომელსაც ჩაუკეტეს ყველა ალტერნატიული საინფორმაციო არხი) დაარწმუნონ იმ სიმართლეში, რომ თითქოს უკრაინა მუშაობდა ბირთვულ იარაღზე და შექმნან იმის ილუზია, რომ უკან დახევა თუ მოუწიათ, მერე რუსეთში გამოაცხადონ, რომ მათ შეძლეს და უკრაინის ბირთვული პროგრამა გადაწიეს რამდენიმე ათეული ან ასეული წლით, მოახდინეს მისი დემილიტარიზაცია და მიაღწიეს ბირთვული იარაღის შექმნის ალბათობის გამორიცხვას. ამას სხვა ახსნა არ აქვს“.
უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრის შედეგად შეიძლება მოხერხდეს ომის დასრულება:
"კომპრომისზე წასვლა შესაძლებელია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩემი ქვეყნის ღალატი და მეორე მხარეც უნდა იყოს მზად კომპრომისზე წასასვლელად“, - ამბობს ზელენსკი პუტინთან შეხვედრის თემაზე, რომელიც ლავროვი - კულებას გუშინდელ შეხვედრაზეც ახსენეს. ამ შესაძლებლობას არც გიორგი გობრონიძე გამორიცხავს:
"საერთაშორისო ურთიერთობებში არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს, ჩვენ ვხედავთ, რომ წესით, რუსეთის უკრაინაში შეჭრაც არ უნდა ყოფილიყო რეალური, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა პირობა შეიქმნა იმისა, რომ მოსკოვი კიევის წინააღმდეგ მსგავსი ტიპის აგრესიას განახორციელებდა. ჩვენ გავხდით მოწმენი იმისა, რომ თანამედროვე საერთაშორისო წესრიგის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ ის აქამდე არ გვახსოვდა. არც იმის გამორიცხვა შეიძლება, ასეთი შეხვედრა შედგეს. საჭირო და კარგი იქნება, თუ კი მხარეები დაიწყებენ ერთმანეთში ლაპარაკს და სულ მცირე, იმას მაინც მიაღწევენ, ცეცხლი შეწყდეს, სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლმა იკლოს და რაღაც ჰუმანიტარული ღონისძიებები გატარდეს. ისტორიას ახსოვს მოლაპარაკებებით უფრო მძიმე ომების დასასრულიც.
აქ კითხვა დგას ისე, როგორ და რანაირად შეიძლება შედგეს ეს მოლაპარაკება, რამხელა უნდა იყოს ორივე მხრიდან გაღებული მსხვერპლი, რომ მხარეები საბოლოოდ დასხდნენ სალაპარაკოდ. ჯერჯერობით, უახლოეს პერიოდში სამშვიდობო ხელშეკრულება ვერ გაფორმდება, იმიტომ, რომ ორივე მხარეს გააჩნია ბრძოლის გაგრძელების რესურსი. რუსეთი თვითონაც ხედავს, რამდენად დაუსაბუთებელია მათი არგუმენტები, მაგრამ ამ ეტაპზე სხვა გზა და არჩევანი არ აქვს. ასევე, ვხედავთ იმას, რომ მოლაპარაკებიდან-მოლაპარაკებამდე მოსკოვის ტონი რბილდება - პირველ დღეს თუ ითხოვდნენ უკრაინის მმართველი ელიტის ცვლილებას, უკრაინის დემილიტარიზაციას და ნეიტრალიტეტის გამოცხადებას, მეორე-მესამე შეხვედრაზე ლაპარაკი შეეხებოდა უკრაინის ტერიტორიაზე ცალკეული შეტევითი შეიარაღების განლაგებას. ჩვენ შეიძლება გავხდეთ მართლაც იმის მოწმენი, რომ საბოლოოდ მოსკოვი რაღაც ისეთს იტყვის, რომ უკრაინამ თითქოს საბოლოოდ უარი თქვა ბირთვულ პროგრამაზე, მაგრამ ეს ჯერ კიდევ საკითხავია. რაც უნდა ვილაპარაკოთ, რომ უკრაინას დღეს გააჩნია სტრატეგიული უპირატესობა, რუსეთის არმიის შესაძლებლობები არ არის მთლიანად ამოწურული, რუსეთს არსენალში კიდევ აქვს ის კოზირები, რომლითაც შეუძლია მსოფლიო დააშანტაჟოს და აქედან გამომდინარე, ვერ ვიტყოდი, რომ ყველაფერი დასრულდა.
რთულია იმის მტკიცებაც, რომ რუსული ეკონომიკა, ან ჯარი გაუძლებს გრძელვადიან საბრძოლო მოქმედებებს. დღეს რუსეთის ყოვლისშემძლეობის მითი დაამსხვრია უკრაინამ. აქ საკითხავი ის არის, რომ უკრაინა იყო ზუსტად ის ერთადერთი პოსტსაბჭოთა სახელმწიფო, რომელსაც შეეძლო იდეაში რუსეთის შეჩერება და მაინც და მაინც ყველაზე რთულ ლუკმას სწვდა რუსეთი გადასაყლაპად. ამ შემთხვევაში კი აღმოჩნდა, რომ რუსეთს არ შეუძლია ასეთი ტიპის ოპერაციების წარმოება და რუსული სამხედრო მანქანა არ არის უნარიანი, შეძლოს ასეთ ვითარებაში მნიშვნელოვანი სტრატეგიული და ტაქტიკური უპირატესობის მოპოვება. ვიტყოდი, რომ დღეს რუსეთს ბრძოლის ველზე უპირატესობა აღარ აქვს, თუ არ ჩავთვლით საჰაერო დომინირებას, თუმცა რუსული სამხედრო საჰაერო ძალების შესაძლებლობებიც იმაზე ბევრად შეზღუდული აღმოჩნდა, ვიდრე ეს იკვეთებოდა. დარჩა ისევ და ისევ მძიმე არტილერია, სარაკეტო ჯარები და არც მათი რესურსია ულევი“.
ბოლო დღეებში რუსი პროპაგანდისტები მასობრივი განადგურების იარაღზე ალაპარაკდნენ. პოლიტოლოგის აზრით, ასეთი ტიპის რეჟიმები, რომლებიც, პრაქტიკულად, კუთხეში არიან მიმწყვდეულნი, შეიძლება წავიდნენ ამ ნაბიჯზე და ამგვარად აიძულონ და გატეხონ საზოგადოება, რომელსაც ისინი ებრძვიან.
"პუტინს, მხოლოდ ბირთვულზე კი არა, ზოგადად, მასობრივი განადგურების იარაღზე აქვს საუბარი და ამის გამოყენება იქნება პირველი სიგნალი იმისა, რომ რუსეთის პოლიტიკური ელიტა სრულ აგონიაში იმყოფება. ვერ გეტყვით, წავა თუ არა ამაზე რუსეთი, მაგრამ ისტორიას ახსოვს, როცა პუტინის ტიპის დიქტატორებმა ასეთი ტიპის იარაღი გამოიყენეს: სადამ ჰუსეინმა ქურთების წინააღმდეგ, ბაშარ ასადმა - საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, ჰუსეინმა, თავის დროზე, ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ... ანუ ამ ტიპის რეჟიმები, რომლებიც, პრაქტიკულად, კუთხეში არიან მიმწყვდეულნი, შეიძლება წავიდნენ ამ ნაბიჯზე და ამგვარად აიძულონ და გატეხონ საზოგადოება, რომელსაც ისინი ებრძვიან. რეალურად, დღეს რუსეთი იბრძვის არა უკრაინული არმიის დამარცხებისთვის, არამედ უკრაინული საზოგადოების სრული დემორალიზაციისთვის. აქ არის მარტივი რამ - არცერთ ქვეყანას არმია არ იცავს ბოლომდე, თუ იქ არ არის საზოგადოების ნება. საზოგადოება თუ არ იცავს მის ქვეყანას, არმია მას ვერ დაიცავს. უკრაინას, პირველ რიგში, იცავენ უკრაინის მოქალაქეები. რუსეთს რატომღაც ეგონა, რომ ეს ხალხი ისე დახვდებოდა, როგორც განმათავისუფლებელ ძალას და მათ ყვავილები თუ ბზის ტოტები უნდა დაეფინათ რუსული არმიისთვის. ეს ასე არ მოხდა და რუსებმა უცბად აღმოაჩინეს, რომ მათ გვერდით არსებობს განსხვავებული ქვეყანა და ერი. ხომ იკვეთებოდა, რომ პუტინი სახელმწიფოდაც არ თვლიდა და ხელოვნურ წარმონაქმნს უწოდებდა უკრაინას? ამ დროს აღმოჩნდა, რომ უკრაინაში არის ძალზე საინტერესო საზოგადოება და სახელმწიფო. უკრაინა 2014 წლის შემდეგ მთლიანად გარდაიქმნა, ეს უკრაინული კონტექსტი საერთოდ ვერ გაიაზრეს და ვერ წარმოიდგინეს რუსებმა, ეს იყო ყველაზე მნიშვნელოვანი.
პუტინი პედესტალიდან მხოლოდ მის მიერ შექმნილ სიმართლეს ხედავდა, რომელიც სიცრუე აღმოჩნდა, კერძოდ, ეგონათ, ხარკოვში მოსახლეობის 80% რუსულენოვანია, გამოვა და შეგვეგებებაო. შეეგებნენ, მაგრამ ბარიკადებით, იარაღით და ტერიტორიის დაცვის ჟინით. დღეს რუსეთის ამოცანა საზოგადოების დემორალიზაციაა, რისთვისაც აღარ ერიდებიან სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმას და ამ სტრატეგიის ნაწილში, დიახ, რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს მასობრივი განადგურების იარაღი და ხალხში გააჩინოს შიში - ოღონდ შეწყდეს ადამიანების ხოცვა და უკრაინის ხელისუფლება დათანხმდება ომის შეწყვეტას - ამას ფიქრობს რუსეთი. რამდენად გამოუვა, ეს მეორე საკითხია. თითოეული სტრატეგიული დაბომბვა, რასაც აკეთებენ, მაგალითად, მარიუპოლის სამშობიაროზე, რაც ხალხის დასაშინებლად გაკეთდა, ხალხში კიდევ უფრო ზრდის წინააღმდეგობის მუხტს, ხალხი ხედავს, რომ ისინი პოლიტიკური რეჟიმის დასაცავად კი არა, საკუთარი სიცოცხლის დასაცავად იბრძვიან.
რუსეთმა უკრაინელ ხალხს დაუყენა ეგზისტენციალური საკითხი - ან არსებობ, ან ნადგურდები. საბოლოოდ, დაიმსხვრა ის მითი, რომ რუსები და უკრაინელები ერთი ხალხია. ეს არ არის ძმათა მკვლელი, არამედ არის ომი უკრაინული საზოგადოების განადგურებისთვის, ამას ცდილობს რუსეთი. დღეს უკვე რუსეთის პოლიტიკური მიზანია გაანადგუროს უკრაინა, როგორც სახელმწიფო და როგორც საზოგადოება. უკრაინამ სულაც რომ გაიმარჯვოს, ეს არის უმძიმესი დარტყმა სახელმწიფოზე. ეს იქნება მძიმე დარტყმა პუტინზეც - მან მოახერხა ის, რომ სახელმწიფო, რომელსაც შეეძლო ყოფილიყო მსოფლიოსთვის ტონის მიმცემი ბევრი მიმართულებით, ჩრდილო კორეის გიგანტურ და მახინჯ ვერსიად გადააქცია. ის მასზე უარესი გახდა იმიტომ, რომ ჩრდილო კორეა წლები ყალიბდებოდა ისეთად, როგორიც არის და რუსეთმა ეს რამდენიმე დღეში შეძლო“, - ამბობს გიორგი გობრონიძე.
იხილეთ ასევე: