არსებული ინფორმაციით, ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინაში იმყოფება. ინფორმაცია "ტელეგრამის“ უკრაინულ არხებსა და უკრაინულ მედიაში ვრცელდება. მედია წერს, რომ კადიროვი კიევთან ახლოს, სოფელ ივანკოვოში იმყოფება.
საინტერესოა, რომ ოფიციალურად მისი უკრაინაში ჩასვლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, ამიტომაც "ტელეგრამზე" წერენ, რომ "ჩუმად შეიპარა" და ეს "საიდუმლო ვიზიტია" ჩეჩენი მებრძოლების მხარდასაჭერად, რომლებიც ომის დაწყების პირველივე დღეებიდან იბრძვიან უკრაინელების წინააღმდეგ.
დაზვერვის ინფორმაციით, ის მალევე აპირებს რუსეთში დაბრუნებას
"ტელეგრამზე“ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ კადიროვი ესაუბრება მებრძოლებს და საუბრის თემა შეეხება იმას, რომ "კიევის აღება მთავარი მიზანია" (წყარო)
ნახეთ ვიდეო:
კადიროვის უკრაინაში ყოფნის შესახებ წერს უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშენკოც.
"კადიროვი უკრაინაშია, ის სარდაფში ზის“, - წერს გერაშჩენკო თავის "ტელეგრამ“ არხზე. მინისტრის მრჩეველმა კადიროვს მიმართა და განუცხადა, რომ ის "უნდა გამოჩნდეს და ვირთხასავით სარდაფში არ უნდა იმალებოდეს“.
"ჩვენ ხომ ასე არ შევთანხმებულვართ, რამზან. შენ ხომ არ უნდა იჯდე შორეულ ივანკოვში, სადღაც სარდაფში. ჩაჯექი ტანკში - წადი შტურმით კიევზე...“, - აღნიშნა გერაშენკომ.