ავტორი:

"ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვას, ჩვენი ხელისუფლების კაპიტულანტურ შიშზე აგებული პოლიტიკით ვხსნი" - როგორ აფასებენ ექსპერტები სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას?

"ევროპაში პრეზიდენტის ვიზიტების დაბლოკვას, ჩვენი ხელისუფლების კაპიტულანტურ შიშზე აგებული პოლიტიკით ვხსნი" - როგორ აფასებენ ექსპერტები სალომე ზურაბიშვილის გამოსვლას?

"პოზიციაც და ოპოზიციაც სცოდავს ქვეყნის წინაშე“, - პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშით გამოსვლისას, ყველა პოლიტიკური ჯგუფი გააკრიტიკა და მათ ასეთ კრიზისულ დროს კინკლაობის, მტრობის, დაპირისპირებისა და ქიშპობის ნაცვლად, ერთიანობისკენ მოუწოდა. მისი თქმით, არავის ესმის მთავარი - ძალა ერთობაშია. ამასთან, პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ ქვეყანამ ევროინტეგრაციის პროცესში გაჩენილი ახალი შესაძლებლობები სათანადოდ გამოიყენოს. პრეზიდენტმა გამოსვლაში პრემიერის მიერ ევროპაში მისი ვიზიტების დაბლოკვაზეც ილაპარაკა. "გაუგებარია, როცა საჭიროება ყველაზე დიდია და დრო არ ითმენს, პრეზიდენტის საერთაშორისო საქმიანობის მიმართ დაწესებული შეზღუდვები. 2022 წლის 26 თებერვალს წერილობით მეთქვა უარი პარიზში, ბრიუსელში, ბერლინსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტების გამართვაზე. არსებული ვითარების გათვალისწინებით გავაუქმე ყველა ოფიციალური ფორმატი. ასეთ დროს საჭიროდ მივიჩნიე ჩემი პირადი კონტაქტების გამოყენება და სამუშაო ვიზიტების პირად შეხვედრებად გადაქცევა. მიმაჩნია, რომ ეს მიდგომა და ასეთი შეზღუდვები, ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ესოდენ რთულ რეგიონში იმყოფება, დამაზიანებელია", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი პრეზიდენტს გამოსვლას უწონებს და მის პოზიციას იზიარებს:

"ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ძალზე ობიექტური იყო. მან აჩვენა სწორი სახელმწიფოებრივი პოზიცია და ის პრობლემები, რაც ზოგადად გვაქვს პოლიტიკურ ელიტასთან მიმართებაში. აქ არა მარტო ხელისუფლებას, არამედ ოპოზიციასაც ვგულისხმობ. ასე რომ, ძირითადად ვიზიარებ მის მოსაზრებებს. ევროპაში მისი ვიზიტების დაბლოკვას კი ჩვენი ხელისუფლების კაპიტულიანტურ შიშზე აგებული პოლიტიკით ვხსნი. გამიკვირდებოდა კიდეც, რომ ხელისუფლება სხვანაირად მოქცეულიყო, ჩემთვის ეს არ იყო უცხო, თუმცა, აბსოლუტურად, მიუღებელია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ ხელისუფლება ცდილობს რამე ისეთი არ თქვას და გააკეთოს, რომ რუსეთი გააღიზიანოს, მას შიშზე აქვს აგებული ყველაფერი, მათ შორის, თავისი დამოკიდებულებები, რაც სამარცხვინოა. ბუნებრივია და კანონზომიერი, როდესაც მმართველი ძალა, ფაქტობრივად, გაებუტა პრეზიდენტს. ამ ყველაფერს მალე მოჰყვება ის, რომ პრეზიდენტიც "ნაციონალი" ყოფილა“.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრეზიდენტის გამოსვლას სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანს უწოდებს იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც დღეს რეალურად აწუხებს ქვეყანას და რაც ხელს გვიშლის მშვიდი, წყნარი ცხოვრებისთვის.

"პრეზიდენტი ასრულებს იმ ფუნქციას, რაც მას კონსტიტუციით აკისრია. ის არ არის არცერთი პოლიტიკური ძალის პრეზიდენტი, ის არის კრიტიკული მთელი პოლიტიკური სპექტრის მიმართ. სიმართლე გითხრათ, იშვიათად მომისმენია ასეთი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი გამოსვლა იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც დღეს რეალურად აწუხებს ქვეყანას და რაც ხელს გვიშლის მშვიდი, წყნარი ცხოვრებისთვის. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი გამოსვლა იყო და იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი დარჩენილ საპრეზიდენტო ვადაში სწორედ ასეთ პოზიციაზე იქნება, მუდმივად იქნება საზოგადოების და არა რომელიმე პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი და მისი იდეის გამხმოვანებელი. შემიძლია ასევე ვთქვა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, ძალზე კარგი გამოსვლა ჰქონდა დავით უსუფაშვილს, რომელიც ასევე სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იყო და ჰქონდა საკმაოდ სწორი შეფასება. მან დააკონკრეტა ის პრობლემები, რომლებიც მიმაჩნია, რომ რეალურია, თუნდაც ის, რომ ჩვენ არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ და არსებობს თუ არა რაიმე გეგმა. ყველაზე სამწუხარო ამაში ისაა, რომ ორი პარტიის წარმომადგენლებმა, სამწუხაროდ, ისევ და ისევ ერთმანეთზე ილაპარაკეს და არა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თემებზე, რომლებიც მართლა ყველას აინტერესებს - რა იქნება, რა საფრთხეები არსებობს და ა.შ. მიუხედავად იმისა, როგორ განვითარდება უკრაინაში მოვლენები, არავინ არაფერი ვიცით. ისინი საერთოდ არ შეეხნენ ამ თემას, ისევ ერთმანეთს ესროლეს კენჭები. იმედი მაქვს, ერთსაც და მეორესაც საზოგადოებრივი აზრი აიძულებს, ცოტა მაინც შეასუსტონ ეს კონფრონტაცია, არის პრობლემები, რომელზეც ოპოზიციამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, მათზე პასუხი გასცეს - რას ვაკეთებთ, როგორ ვაკეთებთ. ესაა თემები, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს ქართულ საზოგადოებას. ეს თემები ყველაფერს მოიცავს, სანქციებსაც, მათ შორის და ამაზე ვიმსჯელოთ, არა - ერთმანეთის ჩაძირვაზე“, - განაცხადა ძაბირაძემ.

"ეს თუ მართალია, გამოდის, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით“, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ მას ევროპაში ვიზიტებზე წასვლა მთავრობამ შეუზღუდა, მაგრამ პირადი კონტაქტების საშუალებით, სამუშაო ვიზიტები პირადი შეხვედრებით შეცვალა.

"პრეზიდენტს პრემიერთან შეუთანხმებლად არ აქვს უფლება აწარმოოს სახელმწიფოს სახელით ოფიციალური მოლაპარაკება. ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამისთვის პირადი კავშირები გამოვიყენეო, ანუ მას ოფიციალური მოლაპარაკებები არ ჰქონია. ასე რომ, რას გაარკვევს კობახიძე, არ ვიცი. პრეზიდენტს უნდა შეეთანხმებინა პოზიციები და თემები პრემიერთან და ასეთ შემთხვევაში, ის მისგან მიიღებდა ოფიციალურ ვიზიტზე თანხმობას. მათ შორის თუ იყო პოზიციებს შორის სხვაობა, არ ვიცი... როგორც ჩანს, ვერ შეთანხმდნენ, ან იქ რა იყო შეუთანხმებელი, არ მესმის. იმას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, სახელმწიფოებრივად სწორია და ვიზიარებ მის პოზიციას...

იხილეთ ასევე: